,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №09
2012 წლის 2 მარტი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შევიდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებით (სსმ V, 30.07.2010წ., №3, მუხ.41) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“;
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“;
დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“;
ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;“;
ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;
ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;
ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;
ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს;
ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;
ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;
ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;
გ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;
დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით კოორდირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ე) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;
ვ) საკრებულოს თავმდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტებს;
თ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თანხმობის მიცემის თაობაზე იმ სამუშაოთა განხორციელებათან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;
ი) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას;
კ) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად;
ლ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:
ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;
ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;
ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ლ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს;
ლ.ვ) ხელს აწერს ოფიციალური დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;
მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
ზ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურირებენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.“;
თ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ა.ე) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
6. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმართველი ერთეულის შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“ ;
ი) თავი III-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები“;
კ)მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“;
ლ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“;
მ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელება და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.“;
ნ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ამბროლაურისმუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქ. ამბროლაურში (სამოქმედო ტერიტორია – ქ. ამბროლაური);
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ბუგეულის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბუგეული, აბანოეთი, ბარეული, გორისუბანი ქედისუბანი, ჯვარისა);
გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ველევის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბეთლევი, ველევი, კვირიკეწმინდა, შხივანა);
დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ზნაკვის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზნაკვა, მოტყიარი, საკეცია);
ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო იწის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, ქვემო კრიხი, შუა კრიხი, იწა);
ვ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ლიხეთის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აბარი, ლიხეთი, ურავი);
ზ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნამანევის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შავრა, თხმორი, ნამანევი, ხონჭიორი);
თ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნიკორწმინდის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კაჩაეთი, ნიკორწმინდა, ხარისთვალი);
ი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სადმელის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბოსტანა, კლდისუბანი, სადმელი, ღვიარა, ძირაგეული);
კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სხვავის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სხვავა, ფუტიეთი);
ლ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ღადიშის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბაჯი, პატარაონი, ტბეთი, ქვედა შავრა, ღადიში);
მ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ცახის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გოგოლეთი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია, ცახი);
ნ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო წესის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მუხლი, წესი);
ო) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჭელიაღელის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი, ჭელიაღელე);
პ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჭრებალოს თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ჭრებალო);
ჟ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჭყვიშის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზედა ჭყვიში, ქვიშარი, ჭყვიში);
რ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხვანჭკარის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ხვანჭკარა);
ს) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხიდიკრის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კვაცხუთი, ხიმში);
ტ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხოტევის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სხარტალი, წკადისი, ხოტევი).
3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“;
ო) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“;
პ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე