ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ატმოსფერული ჰაერი – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;

ბ) მავნე ნივთიერება – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;

ბ1) ძირითადი მავნე ნივთიერებები − გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, ტყვია, ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ბენზაპირენი, მანგანუმის დიოქსიდი;

გ) ევროკავშირის კანონმდებლობა – ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები და მოსაზრებები;

დ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს;

ე) საუკეთესო ტექნოლოგია – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით;

ვ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“;

ზ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451);

თ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451);

ი) (
ამოღებულია – 25.03.2013, №451);

კ) (
ამოღებულია – 25.03.2013, №451);

ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი – კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

მ) სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი – სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით;

ნ) (ამოღებულია);

ო) ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის (შემდგომ – მონრეალის ოქმი) A, B, C ან E დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი  ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;

ო1) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები − ოზონდამშლელი ნივთიერება და მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული და რეგულირებული ნივთიერება;

ო2)  მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა;

ო3) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა;

ო4) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ტრანზიტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორტის სახელმწიფოს, რეექსპორტის სახელმწიფოს და ექსპორტის სახელმწიფოს გარდა) ტერიტორიის გავლით გადაზიდვა;

ო5) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა;

ო6) იმპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი;

ო7) ექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი;

ო8) რეექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი;

ო9) ტრანზიტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეტანა მათი სხვა სახელმწიფოში გატანის (გარდა რეექსპორტისა) მიზნით;

ო10) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეგროვება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების სამაცივრო სისტემიდან ამოღება შესაბამის კონტეინერში შენახვისა და იდენტიფიკაციისთვის;

ო11) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეციკლირება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მექანიკური მინარევებისგან, მჟავებისა და ზეთისგან გასუფთავება;

ო12) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების აღდგენა − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისთვის  პირვანდელი სახის დაბრუნება;

პ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – მონრეალის ოქმის შესაბამისად ეტაპობრივი შემცირებისა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებისადმი დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, მოცემული მეტრულ ტონებში;

ჟ) თბური ტუმბო – მოწყობილობა, რომელიც სითბოს ჰაერიდან, წყლიდან ან მიწიდან იღებს და დანიშნულებისამებრ აწვდის;

რ) მაცივარაგენტი – ქიმიური ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელიც ცირკულირებს თბურ ტუმბოსა და სამაცივრო კონტურში და გადააქვს სითბო დაბალი ტემპერატურის მქონე საგნიდან ან გარემოდან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე გარემოში;

რ1) სერტიფიცირებული პირი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი − ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას;

რ2) მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა − მაცივარაგენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შეძენის/გასხვისების და მოხმარების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;

ს) ზონა − ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის მიზნებისთვის;

ტ) აგლომერაცია − ზონა, რომელიც არის დასახლება ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ დასახლებათა სივრცითი დაჯგუფება და რომლის მოსახლეობის რაოდენობა 250 000-ს აღემატება;

უ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა − გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს;

ფ) დონე − მავნე ნივთიერების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ან მისი დალექვა მიწისპირზე დროის მოცემულ პერიოდში;

ქ) ზღვრულად დასაშვები ნორმები − ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს დროის მოცემულ პერიოდში და რომელმაც შემდგომ არ უნდა გადააჭარბოს მიღწეულ დონეს;

ღ) შეფასება − ნებისმიერი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დონეების გაზომვისთვის, გამოთვლისთვის, პროგნოზირებისთვის ან მიახლოებითი შეფასებისთვის;

ყ) შეფასების ზედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტაციონარული გაზომვებისა და მოდელირების მეთოდების ან/და ინდიკატორული გაზომვების ერთობლიობა;

შ) შეფასების ქვედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოდელირების ან მიახლოებითი შეფასების მეთოდი;

ჩ) ტოლერანტობის ზღვარი − ზღვრულად დასაშვები ნორმის პროცენტი, რომლითაც აღნიშნული ნორმა შესაძლებელია გადაჭარბებულ იქნეს ტექნიკურ რეგლამენტში − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებში მოცემული პირობების თანახმად;

ც) განგაშის ზღვარი − დონე, რომლის მიღმა მოსახლეობის ჯანმრთელობა მყისიერი უარყოფითი ზემოქმედების რისკის ქვეშ დგება და საჭიროა ზომების დაუყოვნებლივ მიღება;

ძ) მიზნობრივი მნიშვნელობა – ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე დროის მოცემულ პერიოდში, აღნიშნული დონის მიღწევის შესაძლებლობის შემთხვევაში;

წ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ერთობლიობა;

ჭ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები − ზღვრულად დასაშვები ნორმები, შეფასების ზედა ზღვარი, შეფასების ქვედა ზღვარი, ტოლერანტობის ზღვარი, განგაშის ზღვარი, კრიტიკული დონე და მიზნობრივი მნიშვნელობა;

ხ) ფთორირებული სათბურის აირები − ფთორნახშირწყალბადები, პერფთორნახშირწყალბადები, გოგირდის ჰექსაფთორიდი, სხვა ფთორის შემცველი სათბურის აირები და ნარევები, რომლებიც შეიცავს ნებისმიერ აღნიშნულ ნივთიერება;

ჯ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023