„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№010
სარეგისტრაციო კოდი
300170000.55.067.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №010

201 2 წლის2 აპრილი

ქ. ბათუმი

 „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ –საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანებაში №002 „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-5 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს:

ა) სააგენტოს მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატებზე მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში, რაც დასტურდება ბლანკში სტიკერის ჩაკვრით;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის ან/და კვალიფიკაციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

2. ბრძანების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი. 7 კომპეტენციის სერტიფიკატის (ბლანკის) ფორმა და ნომერი

1. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკი (შემდგომ ამ თავში – „ბლანკი") წარმოადგენს მეზღვაურის წიგნაკის ზომის, 14 შიდა გვერდისაგან შემდგარ, მყარად შეკრულ წიგნაკს (ბუკლეტს), მომრგვალებული კუთხეებით.

2. ბლანკის შიდა პირველი და მე-2 გვერდი მზადდება პლასტიკური მასალისაგან და გამოიყენება მეზღვაურის პერსონალური მონაცემებისა და მისი ფოტოსურათის დასატანად.

3. ბლანკის მე-4 და შემდგომ გვერდებზე დაიტანება კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი განახლების თაობაზე მონაცემები სპეციალური დამცავი ნიშნების გამოყენებით შესრულებული დასაკრავი ქაღალდის (ტექსტში შემდგომ – სტიკერი) გამოყენებით.

4. ბლანკი გაიცემა უვადოდ. ამასთან, მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით დაკისრებული უფლებამოსილებების მოცულობა, შესაბამისი შეზღუდვები და მოქმედების ვადა მიეთითება სტიკერში.

5. ბლანკს აქვს რიგითი ნომერი, რომელიც განსხვავდება კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრისგან. რიგითი ნომერი შედგება 7 ციფრისგან, რომელიც ენიჭება მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: Х000001, ნუმერაცია იწყება Х000001. რიგითი ნომრის პირველი ციფრი (Х) არის საკონტროლო ციფრი, რომელიც გამოითვლება სპეციალური ფორმულით და რომელსაც მიმწოდებელი აწვდის შემსყიდველს.

6. ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს ნომერი, რომელიც შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობას (კერძოდ, ლათინური ანბანი G – საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ლათინური ანბანი F – უცხო ქვეყნის მოქალაქეს), კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერში არსებული ბოლო ექვსნიშნა რიგითი ნუმერაცია უწყვეტია (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათვის გამოისახება: 11G01-01 -000001, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათის – 11F01-01 -000001 ).

7. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში, რაც დასტურდება ბლანკში სტიკერის ჩაკვრით, მიეთითება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ნომერი, რომელსაც ბოლოში, დეფისის შემდეგ, დაემატება განახლების რიგითობის აღმნიშვნელი ორი ციფრი, შესაბამისი თანმიმდევრობით (მაგალითად, განახლებული კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11G01-01-000001-01).

3. ბრძანების მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ბლანკის აღწერილობა და დამცავი ნიშნები

1. ბლანკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან.

2. კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალა. ყდის სისქე უნდა იყოს 280-დან 350 მკრ.-მდე. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს ბლანკის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი.

3. ბლანკის შიდა ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მასა შეადგენს არანაკლებ 90 გრამი/კვ მ. (+/- 5%);

ბ) ულტრაიისფერი სხივებისადმი მგძნობიარე და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;

გ) მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.

4. ბლანკის 1-ლი და მე-2 გვერდები უნდა იყოს დამზადებული 100%-იანი მრავალშრიანი პოლიკარბონატისაგან, ან ისეთი პოლიკარბონატული მასალისაგან, რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 10 წელი.

5. ბლანკის 1-ლი და მე-2 გვერდები დამაგრებული უნდა იყოს ყდაზე თერმოპლასტიკური პოლიურეტანით, რომელიც ინტეგრირებულია მონაცემთა ფურცლის მთელ ზედაპირზე. ამ გვერდებზე შესაძლებელია არ იყოს გამოსახული მრავალტონალური წყლის ნიშანი.

6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს მეორე გვერდზე, მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით.

7. ბლანკის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც:

ა) 100% ბამბის ქაღალდისაგან;

ბ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან.

8. ბლანკის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამება ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნებს. კომპეტენციის სერტიფიკატის  შიდა გვერდების შესაძლო დამცავი ელემენტები უნდა მოიცავდეს:

ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:

ა.ა) ქაღალდი:

ა.ა.ა) მასზე დატანილი უნდა იყოს მრავალტონალური ექსკლუზიური წყლის ნიშანი საზღვაო თემატიკით;

ა.ა.ბ) უნდა იყოს ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებული იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები, რომლებიც განიცდიან ფლურენსაციას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;

 ა.ა.გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბებისას, ქიმიური ზემოქმედების შემთხვევაში, მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.

ა.ბ) ბეჭდვა:

ა.ბ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური (ტალღისებური თხელი ხაზების) სახით;

ა.ბ.ბ) ყველა გვერდზე დატანილი უნდა მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო Maritime Transport Agency), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი.

ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:

ბ.ა) ქაღალდი, რომელზეც დატანილია ხილული და უხილავი ბოჭკოები, რომლებიც განიცდიან ფლურესენცირებას ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით;

ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში.

გ) დანომვრას:

გ.ა)ბლანკის ნომერი ლაზერული წესით პერფორირებულია გვერდების ქვედა ან ზედა ნაწილში. ნუმერაცია გადის კომპეტენციის სერტიფიკატის   ყველა გვერდზე, გარდა ყდის პირველი შიდა გვერდისა და პირველი და მე-2 გვერდებისა.

გ.ბ)უხილავი მელნით დატანილი ბლანკის  გვერდების რიგითი ნომერი;

გ.გ) გვერდების ნუმერაცია უნდა შეადგენდეს დიზაინის განუყოფელ ნაწილს.

დ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით.

9. კომპეტენციის სერტიფიკატის  ბლანკის გვერდები აკინძული უნდა იყოს დახურული გვირისტული (Lock Stitching) ნაკერით, ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე დამცავი ძაფებით, რომლებიც იცვლიან ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. ძაფის ბოლოები ჩამალულია კომპეტენციის სერტიფიკატში და ნაკერები დაშორებულია კომპეტენციის სერტიფიკატის  კიდეებს. გამძლეობის ასამაღლებლად გამოიყენება ყდის გამამაგრებელი ზოლი.

10. ბლანკის მე-2 გვერდის დაცვის ნიშნების მიმართ წამოყენებულია შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:

ა) გამოსახული უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი გრაფიკული ნიშანი, რომელიც იცვლის ფერს ან ხილვადი ხდება დახრის კუთხის ცვალებადობით.

    მუხლი 9. ბლანკზე დასატანი ინფორმაცია

1. ბლანკის გარე ყდაზე ოქროსფერი ასოებით გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვები „საქართველო” და „კომპეტენციის სერტიფიკატი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს რეზისტენტული სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს.

2. ბლანკის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება სააგენტოს ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს სერტიფიკატი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ“, ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”.

3. ბლანკის ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება სერტიფიკატის გამცემის სახელწოდება და რეკვიზიტები, ასევე სერტიფიკატის დამამზადებლის რეკვიზიტები ინიციალებით და ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. აქვე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება შემდეგი წარწერები: „ეს სერტიფიკატი 14-გვერდიანია“ და „თუ დოკუმენტის კანონიერება ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“.

4.  ბლანკის პირველ გვერდზე დაიტანება საქართველოს რუკა, საქართველოს  ნავსადგურების აღნიშვნებით.

5.  ბლანკის მეორე და მესამე გვერდებზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მითითება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომ აღნიშნული სერტიფიკატი გაცემულია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და დამატებებით საფუძველზე“;

ბ) მეზღვაურის კომპეტენციის შესახებ;

გ) გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

დ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;

ე) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობა;

ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის პირადი ნომერი;

ზ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;

თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანო;

ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი, ზომით 30X40მმ;

კ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის ხელმოწერა;

ლ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერა;

მ) შტრიხკოდი.

    მუხლი 10. სტიკერის აღწერილობა და დამცავი ნიშნები

1. ბლანკის მე-4 და შემდგომ გვერდებზე ჩაიკვრება სტიკერი, რაც ადასტურებსრომელიც მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით დაკისრებული უფლებამოსილებების მოცულობას, შესაბამის შეზღუდვებს და მოქმედების ვადას.

2. სტიკერზე დაიტანება შემდეგ მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე:

ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის გათვალისწინებული ფუნქციები, მეზღვაურთა თანამდებობრივი დონისადმი მისი კუთვნილება და დაწესებული შეზღუდვები;

ბ) მითითებას კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის თანამდებობისა და მისი თანამდებობრივი შეზღუდვების თაობაზე;

გ) მითითებას „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და დამატებებით იმ პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირი ფლობს შესაბამის კომპეტენციას და შეუძლია მითითებული დონისა და შეზღუდვების გათვალისწინებით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები’’;

დ) მითითებას, რომ სერტიფიკატის ორიგინალი „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცის, ცვლილებებითა და დამატებებით, 1/2 წესების მე-9 მუხლის შესაბამისად აუცილებელია ინახებოდეს გემზე, სადაც მსახურობს სერტიფიკატის კანონიერი მფლობელი;

ე) სერტიფიკატის ნომერი;

ვ) სააგენტოს მიერ ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;

ზ) სტიკერის რიგითი ნომერი;

თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის (განახლების) თარიღი და მოქმედების ვადა;

ი) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

3. სტიკერზე დაისმება სააგენტოს რელიეფური ბეჭედი.

4. სტიკერები უნდა დამზადდეს და შეიცავდეს შემდეგ დამცავ მექანიზმებს:

ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:

ა.ა) ქაღალდი:

ა.ა.ა) ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები, რომლებიც განიცდიან ფლურენსაციას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;

ა.ა.ბ) უნდა შეიცავდეს შესაბამის ქიმიურ სენსიბილიზატორს;

ა.ბ.) ბოჭკოები: უნდა გააჩნდეს ხილული და უხილავი ბოჭკოები;

ა.გ) უნდა შეიცავდეს წებოვნების ისეთ მახასიათებელს, რომლებიც შეუძლებელს გახდის სტიკერის დაუზიანებლად ან შეუმჩნევლად მოცილებას;

ა.დ) ბეჭდვა:

ა.დ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური სახით;

ა.დ.ბ) დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი;

ა.ე) სტიკერზე დაიტანება სააგენტოს ლოგო, რომელიც დატანილი უნდა იყოს უხილავი მელნით;

ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:

ბ.ა) სტიკერის რიგით ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება 6 ციფრისგან, დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც განიცდის ფლურესენცირებას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;

ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში;

გ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით“.

4. ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება 6 ციფრისგან, დაიტანება  დამცავი მელნთ, რომელიც ფლურენსაციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად“.

5. ბრძანების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დაიტანება:

ა) მითითება კვალიფიკაციის სერტიფიკატის თაობაზე;

ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;

გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;

დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;

ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი;

ვ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

ზ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით;

თ) სააგენტოს დასახელება;

ი) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო.

კ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;

ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის კანონიერება ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სსიპ – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“;

მ) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

ო) მითითებას, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს საწყისი წვრთნების დამტკიცებული კურისი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით;

პ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და ინსტრუქტაჟის დასახელება კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით.

ჟ) შტრიხკოდი;

2. კვალიფიკაციის ერთ სერტიფიკატში შესაძლებელია დატანილ იქნეს მეზღვაურის კვალიფიკაციის თაობაზე რამდენიმე მონაცემი.

3. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ყველა მონაცემი/ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

4. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი შედგება 8 (რვა) ციფრისა და 3 (სამი) ლათინური ანბანის კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 3 (სამი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურას, მომდევნო 2 (ორი) ციფრი – ტრენინგცენტრის კოდს, ხოლო შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, – სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, BTB 01-000001).

5. კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურა და საწვრთელი ცენტრის კოდი მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით“.

6. ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადასტურების სერტიფიკატი სრულდება ცარცის 110-150 გრ/მ2 ქაღალდზე“.

7. ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სერტიფიკატის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას – „დადასტურების სერტიფიკატი“, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბსა და ექსკლუზიურ ნომერს (რომელიც შედგება 6 ციფრისგან და სერტიფიკატს ენიჭება მწარმოებლის მიერ), რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;“.

8. ბრძანების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა“.

9. ბრძანების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სხვა სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება 6 ციფრისგან, დაიტანება  დამცავი მელნით, რომელიც ფლურენსაციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად“.

1 0. ბრძანების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. სხვა სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია

1. სხვა სერტიფიკატზე დაიტანება:

ა) მითითება სხვა სერტიფიკატის თაობაზე;

ბ) სხვა სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;

გ) სხვა სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;

დ) სხვა სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;

ე) სხვა სერტიფიკატის ნომერი;

ვ) სხვა სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

თ) სხვა სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;

ი) სხვა სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;

კ) შტრიხკოდი;

ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის კანონიერება ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სსიპ – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’;

მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ო) მითითება, რომ „სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს წვრთნისა და მომზადების შესაბამისი კურსი და უფლებამოსილია შეასრულოს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქცია“;

პ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო;

ჟ) სხვა სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და/ან მომზადების დასახელება.

2. სხვა სერტიფიკატზე ყველა ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. იობიძე