„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართგელოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი:
„გ.ზ) რადიაქტიური ნივთიერებები – ბირთვული, რადიაციული ან სხვა მავნე მაიონებელი გამოსხივების მქონე ნივთიერებები.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3 და მე-4 პუნქტებად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი და მე-2 პუნქტები:
„1. საწარმოო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, რომელიც დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სახელმწიფო საზედამხედველო (ნორმატიული რეგულირების, პროფილაქტიკური, საკონტროლო და სანებართვო) ფუნქციები და კანონის საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებები;
ბ) სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ საკუთრებასა და საწარმოებზე (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მათი თანამდებობის პირების, მუშაკების, აგრეთვე მოქალაქეების მიერ კანონით დადგენილი და სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების მოთხოვნათა შესრულებაზე.
2. საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვის „ხელისუფლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სხვა“, ხოლო „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობისა და ნაკეთობის (პროდუქციის) სერტიფიკაცია“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობა და ნაკეთობა, მათ შორის იმპორტული წარმოებისა, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისობაზე.“;
გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული და სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ტექნიკური მოწყობილობისა და ნაკეთობის ჩამონათვალს და მასში ცვლილებებს ადგენს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით, ხოლო სერტიფიკაციის ჩატარების წესი და პირობები დგინდება „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
4. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საშიში საწარმოო ობიექტის კონსტრუირებასთან (შენობა-ნაგებობების დაპროექტების გარდა), ექსპლუატაციასთან, გაუქმებასთან, ექსპლუატაციის შეწყვეტასა და კონსერვაციასთან, საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის დამზადებასთან და მონტაჟთან, გამართვასთან, დიაგნოსტიკასთან, მომსახურებასა და რემონტთან, რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვასთან, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარებასთან, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენების ნებართვას გასცემს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.“.
5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური გამოკვლევის დაფინანსებას უზრუნველყოფს საშიში საწარმოო ობიექტი, სადაც მოხდა ავარია, უბედური შემთხვევა ან ინციდენტი.“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141. საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრი
1. საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრი არის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების შესახებ სრული ინფორმაციის ერთიანი სისტემა, რომლის სისწორე განისაზღვრება ობიექტების იდენტიფიკაციის საფუძველზე. რეესტრს ადგენს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია და ინახავს სახელმწიფო რეესტრის მონაცემთა ბანკში.
2. ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოების, ობიექტის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დებულებებით.“.
7. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციის ტექნიკურ ექსპერტიზას ატარებს და ობიექტის პროექტის სახელმწიფო ტექნოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
6. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დებულებით.“.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ დაამტკიცოს შემდეგი დებულებები:
ა) „საშიში საწარმოო ობიექტის იდენტიფიკაციის შესახებ“;
ბ) „საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“;
გ) „ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ.“.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 7 მაისი.
№1391-IIს