საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.05.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1135
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2012 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №1-1/1135–№62
2012 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 აპრილის №316 ბრძანებულების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
ზ. ადეიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტრატეგიული განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24ა.
მუხლი 2🔗. სააგენტოს ფუნქცია
სააგენტოს ფუნქციაა საქართველოში განსახორციელებელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების მიერ განსაზღვრული ცალკეული ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი.
მუხლი 3🔗. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) საინვესტიციო პროექტების შემუშავებისა და ანალიზის განყოფილება;
გ) ტურისტული ადგილმდებარეობების მართვის განყოფილება.
მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია სააგენტოს ყოველდღიური ფუნქციონირების მხარდაჭერა, ადმინისტრაციული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე დოკუმენტბრუნვის, შემოსული და გასული კორესპონდენციის ეფექტური მართვის უზრუნველყოფა.
2. საინვესტიციო პროექტების შემუშავებისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს ცალკეული რეგიონული მასშტაბის პროექტების ეკონომიკური კვლევა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
ბ) მოახდინოს ცალკეული რეგიონების ინფრასტრუქტურული და მომსახურებების ნაკლოვანებების იდენტიფიცირება;
გ) ცალკეული რეგიონების ინფრასტრუქტურული და მომსახურებების ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, უზრუნველყოს პოტენციური ინვესტორებისათვის საინვესტიციო პროექტების შესაბამისი ბიზნესგეგმების მომზადება;
დ) უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტების პოტენციურ ინვესტორებთან წარდგენა და მათი რეალიზების ხელშეწყობა.
3. ტურისტული ადგილმდებარეობის მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს განსაზღვრული ტურისტული ადგილმდებარეობების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მართვა;
ბ) უზრუნველყოს დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა ტურისტული ადგილმდებარეობის სტრატეგიის შემუშავების და მისი მართვის პროცესში;
გ) შეიმუშაოს და განახორციელოს ტურისტული ადგილმდებარეობის მარკეტინგული გეგმა;
დ) გაუწიოს კოორდინაცია და მონიტორინგი სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ პროექტებს ტურისტული ადგილმდებარეობის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში;
ე) უზრუნველყოს ტურისტული ადგილმდებარეობის რეგიონული წარმომადგენლების ეფექტური საქმიანობა.
მუხლი 5🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავენ და ათავისუფლებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის მინისტრები ერთობლივი ბრძანებით.
2. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე.
3. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსის მოვალეობებს ასრულებს საინვესტიციო პროექტების შემუშავებისა და ანალიზის განყოფილების უფროსი.
მუხლი 6🔗. სააგენტოს უფროსი
სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ე) სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
კ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 8🔗. სააგენტოს ფინანსები
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 9🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს ან აუქმებს მის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას.
2. სააგენტოს ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.
3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასხვისოს ან გადასცეს სარგებლობის უფლებით.
6. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.