1. ამ კანონის 412 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის/მტკიცებულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა), შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააჯარიმოს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან მრავალჯერადად ჩადენის შემთხვევაში − 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე.

2. კომისია დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

3. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი გაცნობისთანავე. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

4. კომისია უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, რისთვისაც კომისია გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოცემიდან 6 თვის ვადაში. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას კრედიტორი არის სახელმწიფო. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

5. თუ შესაბამისი პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარება ვერ ხერხდება, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გავრცელების შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022