1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.
2. არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩევნებისას დანიშნოს მხოლოდ 2 წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.
3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, და თუ პარტია ერთდროულად მონაწილეობს ზემოაღნიშნულ არჩევნებში, ასეთ შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი – მხოლოდ უსკოში. უსკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიებში.
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.
5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:
ა)
პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი;
ბ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
გ) საარჩევნო კომისიის წევრი;
დ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი;
ე) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი;
ვ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი;
ზ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
თ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი უსკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უსკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უსკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
8. (ამოღებულია - 08.08.2020, №134).
9. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
10. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით.
101. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების (კენჭისყრის) დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა.
11. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა და კენჭისყრის დღისა. საარჩევნო სუბიექტმა ამის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025