შპს „სამართლიანი არბიტრი“-ს დებულება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
კარი I. არბიტრაჟი
მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1.1. „არბიტრაჟი” – ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
1.2. „არბიტრი” არბიტრაჟის წევრი;
1.3. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს „ სამართლიანი არბიტრი”;
1.4. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს „ სამართლიანი არბიტრის” თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
1.5. „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
1.6. „სასამართლო” – ამ დებულების მე-3, მე-4, მე-10, და მე-12 მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა; მე-8, მე-18 და მე-20 მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები.
1.7. „დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;
1.8. „მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და მოპასუხე;
1. საარბიტრაჟო მოსარჩელე – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
1.10. ,,მტკიცებულება” – ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულობას;
1.11. „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა;
1.12. „საარბიტრაჟო შეთანხმება” – დავამდელი ან დავის შემდგომი წერილობითი შეთანხმება მხარეთა შორის, ამა თუ იმ დავის საარბიტრაჟო განხილვის გზით მოწესრიგების შესახებ.
1.13. „დებულება” – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არის დავების განმხილველი დაწესებულება, რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს, პირებს შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავას, მოქმედი კანონმდებლობის და დებულებით დადგენილი წესების მიხედვით, თუ საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს.
2.3. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე (არბიტრაჟი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონითა და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება.
2.4. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს დებულებით დადგენილი საქმის განხილვისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისათვის სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით.
2.5. მხარეები იწყებენ დავის წარმოებას მუდმივმოქმედ არბიტრაჟში, დებულებაში და კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით.
2.6. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, ხოლო მეორე მხარეს – ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.
2.7. საარბიტრაჟო დავის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2.8. მხარეებს უფლება აქვთ მათთვის კანონით და ამ დებულებით მინიჭებული გადაწყვეტილებების მიღების უფლება გადასცენ მესამე პირებს.
2.9. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.10. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს სარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრების შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.11. საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.12. მხარეებს, აგრეთვე არბიტრაჟს, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.13. არბიტრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, კანონის მოთხოვნათა დაცვით. რაიმე ზემოქმედება არბიტრზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვებელია.
2.14. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
3.1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას, მათ შორის, ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
3.2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.
3.3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.
3.4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.
3.5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
3.6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.
3.7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.
3.8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.4-3.6 პუნქტები.
3.9. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
3.10. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3.11. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
3.12. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
3.13. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
4.1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან.
4.2. არბიტრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება საარბიტრაჟო შეთანხმებით, ხოლო ასეთი დათქმის არარსებობის შემთხვევაში არბიტრაჟი იქმნება ამ მუხლით დადგენილი წესით.
4.3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს კიდევ ერთ არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან.
4.4. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრულია არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა, მაშინ არბიტრაჟი იქმნება ამ შეთანხმების შესაბამისად, ხოლო სხვა შემთხვევებში არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე, დავის სირთულის გათვალისწინებით.
4.5. სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე, რომელსაც ჩაბარდა შეტყობინება პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას და არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის ან არბიტრაჟის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში. თუ მხარე დებულების ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს (არბიტრებს), ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უარის თქმად.
4.6. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, არბიტრაჟის მიერ დავაზე თავისი კომპეტენციის ცნობიდან 5 დღის ვადაში.
4.7. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.
4.8. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეები წერილობით აცნობებენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს.
4.9. მხარეს შეუძლია არბიტრაჟის წევრის დანიშვნის უფლება გადასცეს სხვა პირს.
4.10. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში ახალი არბიტრი (არბიტრები) ინიშნება ამ მუხლით დადგენილი წესით.
4.11. ყოველი პირი მის არბიტრაჟის წევრად დანიშვნაზე იძლევა წერილობით თანხმობას. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე.
4.12. მხარის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ არბიტრთან მუდმივმოქმედი არბიტრაჟი დებს ხელშეკრულებას.
4.13. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას.
4.14. მხარეს უფლება არა აქვს ერთპიროვნულად შეცვალოს თავისი დანიშნული არბიტრი.
4.15. მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ:
ა) იგი არის ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;
ბ) არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე:
გ) არის მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა;
დ) არის მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმა;
ე) არ გააჩნია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია;
ვ) თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში.
4.16. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
4.17. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ, მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება მისცეს არბიტრაჟის წევრს, ვალდებულია წერილობითი განცხადება აცილების შესახებ წარადგინოს 3 დღის ვადაში შესაბამისი არბიტრაჟის წევრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ეს გარემოება ცნობილი გახდა.
4.18. თუ განცხადებას აცილების შესახებ ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.
4.19. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის ერთ წევრს და არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე და მეორე მხარეც არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
4.20. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი; აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა არბიტრს.
4.21. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას, ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით; კოლეგიური არბიტრაჟის მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის – აცილების შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური არბიტრაჟის სხვა შემადგენლობას, რომელიც დაინიშნება საერთო წესით.
4.22. არბიტრის გადაყენების შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს განკარგულება; არბიტრის მიერ უარის თქმის, შეცვლის ან აცილების შემთხვევაში ახალი არბიტრი ინიშნება ამ მუხლით დადგენილი წესით.
4.23. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლით.
4.24. ექსპერტის, თარჯიმნისა და სპეციალისტის აცილების საფუძვლად არ ჩაითვლება დებულების 4.17 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები.
4.25. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს უფლება აქვს პატივსადები მიზეზების არსებობისას განაცხადოს თვითაცილება დავის განხილვაზე, რის შესახებაც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს განკარგულება, ხოლო მხარეს უბრუნდება მის მიერ შეტანილი მასალები და საარბიტრაჟო შენატანი სრულად.
მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
5.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
5.2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო შენატანი და დავის განხილვასთან, აგრეთვე, არბიტრაჟის გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებასთან დაკავშირებული ხარჯები.
5.3. არბირტაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებასთან გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
5.4. საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასა ან თავისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გაწიოს რაიმე ხარჯი.
5.5. საარბიტრაჟო შენატანის გადახდევინება წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
დ) საჩივარზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
5.6. საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 3%-ს, 100 000 (ასი ათასი) ლარის ზევით დავის საგნის შემთხვევაში სადავო საგნის ღირებულების 2,5%-ს, მაგრამ არანაკლებ 400 ლარისა, ხოლო დავებზე, სადაც დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს არანაკლებ 200 ლარისა. ამასთან, საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 (ოცი ათასი) ლარს.
5.7. 5.5 მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაზე და საჩივარზე საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შეადგენს 150 ლარს, თითოეულ მოთხოვნაზე განსახორციელებელ ღონისძიებაზე.
5.8. დავის საგნის ფასს მიუთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
5.9. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.
5.11. თუ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო შენატანის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.
5.12. ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.
5.13. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე საარბიტრაჟო შენატანის გადახდისაგან.
5.14. ერთი მხარის ნაწილობრივ გათავისუფლება საარბიტრაჟო შენატანის გადახდისაგან მეორე მხარის საარბიტრაჟო შენატანის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
5.15. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან გაუნაწილვადოს არბიტრაჟის ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მისი ოდენობა.
5.16. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა განახევრდება და მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შემცირდება 30%-ით, რაც უკან დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს. ამასთან, ასეთ შემთხვევებში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.
5.17. თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა, საარბიტრაჟო სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.
5.18. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო შენატანი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
5.19. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.
5.20. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.
5.21. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ურთიერთგანაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
6.1. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით და დებულებით დადგენილ ვადაში.
6.2. კანონით ან დებულებით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.3. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
6.4. თუ საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა კანონით ან დებულებით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს არბიტრაჟი. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისა და გადაწყვიტილების გამოტანისათვის მხარეების ან კანონის მიერ დაწესებული ვადა და იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
6.5. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს ამ დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.
6.6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით.
6.7. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
6.8. ყველა დაუმთავრებელი საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება არბიტრაჟის დადგენილების გამოტანის დღიდან, შეჩერებული ვადის დენა განახლდება წარმოების განახლების დღიდან.
6.9. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით, დებულებით ან არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
6.10. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
6.11. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის კანონით ან დებულებით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით ან დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს არბიტრაჟმა, თუ ცნობს რომ საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.
6.12. განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლამდე არბიტრაჟში. ვადის გასვლის შემდეგ ასეთ განცხადებას არბიტრაჟი მიიღებს, თუ ცნობს, რომ ვადის გასვლამდე განცხადების შეუტანლობა მოხდა საპატიო მიზეზით.
6.13. ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია.
6.14. განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
6.15. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) მხარეთათვის შეუტყობინებლად.
6.16. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.
მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
7.1. არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობითი შეტყობინებით) აცნობებს მხარეს არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროსა და ადგილს.
7.2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს.
7.3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს არბიტრაჟის შესაბამისი თანამშრომელი.
7.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
7.5. საარბიტრაჟო შეტყობინება და საქმის მასალები ჩაბარებულად ითვლება, თუ ისინი ჩაბარებულ იქნა დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
7.6. საარბიტრაჟო შეტყობინებასთან ერთად მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად, გზავნილი და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება.
7.7. საარბიტრაჟო შეტყობინების და გზავნილის სანიმუშო ფორმას და შინაარსს ადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალოს გზავნილის შინაარსი.
7.8. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეს ეგზავნება არბიტრაჟში (მუდმივმოქმედ არბიტრაჟში) მეორე მხარისაგან შემოსული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი მიღებიდან 2 დღის ვადაში.
7.9. საარბიტრაჟო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისთვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდეს.
7.10. არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟი არ არის დანიშნული სრული შემადგენლობით ან ჯერ არ არის არჩეული არბიტრაჟის თავმჯდომარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც დაევალა უწყების მიტანა, ვალდებულია უკან დააბრუნოს მისი მეორე ცალი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.
7.11. მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს.
7.12. თუ უწყების მიმტანმა პირმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, – იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს.
7.13. თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა.
7.14. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
7.15. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
7.16 თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ამ დებულების 7.4 მუხლის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების გარდა არბიტრაჟი უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინება ჩააბაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ან/და განახორციელოს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით, რის შესახებაც არბიტრაჟს გამოაქვს განკარგულება. საარბიტრაჟო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოსათვის მისი გადაცემიდან ან/და პუბლიკაციიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
8.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
8.2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი, ხოლო თუ დავის განმხილველი არბიტრაჟი შექმნილი არ არის, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
8.3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ დებულების 8.2 მუხლის ,,ა”-,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
8.4. ამ დებულების 8.2 მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ 8.3 მუხლის ,,ა”-,,გ” პუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
8.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელს უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
8.6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
8.7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს, ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების საკითხს განიხილავს და წყვეტს იგივე ორგანო ან პირი, ვის მიერაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, ხოლო თუ აღნიშნული საკითხი დასმული იქნება დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან დავაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაშინ საკითხს განიხილავს და წყვეტს დავის განმხილველი არბიტრაჟი. იმ შემთხვევაში თუ, მხარეები ერთობლივი განცხადებით მომართავენ არბიტრაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ, მაშინ აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
8.8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
8.9. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოყენებული აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ მუხლისა და ,,არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
8.10. მხარე, რომელიც მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ან რომლის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას.
8.11. სასამართლოში ამ დებულების 8.2 მუხლით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ,,არბიტრაჟის შესახებ” კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
8.12. მხარეს ასევე შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
კარი II. მხარეები
მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
9.1. არბიტრაჟი დავის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების საარბიტრაჟო სარჩელის და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, მის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობის შემდეგ. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.
9.2. ერთ-ერთი მხარის ქმედუუნარობის შემთხვევაში, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს დავა მხოლოდ მაშინ, თუ ქმედუუნარო პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი.
9.3. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ.
9.4. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
9.5. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა.
9.6. დავის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.
9.7. საარბიტრაჟო სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება პრეტენდენტის მიერ საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
9.8. დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც სარჩელის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.
9.9. მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟში დავა აწარმოონ როგორც უშუალოდ, ისე ადვოკატის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
9.10. ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
9.11. ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება ამ ორგანიზაციის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთით.
9.12. ფიზიკური პირების წარმომადგენლობა დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით.
9.13. მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც წერილობით აცნობებს არბიტრაჟს და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით, წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონისა და დებულების შესაბამისად შესრულებული ყველა იურიდიული და საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
9.14. წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც არბიტრაჟს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შესძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში ან/და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით არბიტრაჟი დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს, შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.
9.15. საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;
გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
9.16. თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
9.17. თანამონაწილენი სარგებლობენ კანონით და დებულებით მხარეებისათვის მინიჭებული ყველა უფლებებით.
9.18. თანამონაწილეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო დავის (საქმის) წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.
9.19. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის ხდება ამ მუხლის 9.9 - 9.14 პუნქტების შესაბამისად.
9.20. თუ არბიტრაჟი საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით, თუ სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება.
9.21. თუ სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, ან არასათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, არბიტრაჟი საარბიტრაჟო წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე, ან იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი განაცხადა სათანადო მხარით შეცვლაზე.
9.22. თუ შეცვლილ სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება და მოპასუხე თანახმა არ არის მოცემული დავა განიხილოს არბიტრაჟმა, არბიტრაჟი უსაფუძვლობის მოტივით წყვეტს საარბიტრაჟო წარმოებას.
9.23. თუ საქმის განხილვისას არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე, მას შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, თუ საარბიტრაჟო მოსარჩელსა და სათანადო მოპასუხეს შორის არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება.
9.24. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
9.25. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელესა და სათანადო მოპასუხეს შორის არ არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება და სათანადო მოპასუხე არ არის თანახმა მოცემული დავა განიხილოს არბიტრაჟმა, არბიტრაჟი წყვეტს საარბიტრაჟო წარმოებას უსაფუძვლობის მოტივით.
კარი III. მტკიცებულებები
მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
10.1. თითეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
10.2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
10.3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
10.4. საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
10.5. არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია ნებაყოფლობით გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
10.6. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.
10.7. არბიტრაჟი არ მიიღებს, არ გამოითხოვს, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
10.8. მტკიცებულებათა მიუღებლობის, გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
10.9. არბიტრაჟისათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10.10. არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საარბიტრაჟო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
10.11. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრაჟის შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
10.12. ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, არბიტრაჟმა შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
10.13. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:
ა) ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო დავის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
გ) ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს არბიტრაჟი იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.
10.14. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში.
10.15. არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
10.16. მხარის განცხადება მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობითი ფორმით.
10.17. მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოსთვის დახმარების მიმართვის შესახებ მხარის წერილობით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:
ა) მტკიცებულებანი, რომელთა მოპოვებაც აუცილებელია;
ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;
გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა სასამართლოს დახმარებით მოპოვების შესახებ;
დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი.
10.18. მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილებას, ხოლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე – განკარგულებას. ასეთი დადგენილებით (განკარგულებით) შეიძლება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები შეჩერდეს შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე.
10.19. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის) წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.
მუხლი 11. ექსპერტის დანიშვნა
11.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟს უფლება აქვს:
ა) დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნების წარმოდგენის მიზნით;
ბ) მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.
11.2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის მიერ ზეპირი ან წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.
11.3. ექსპერტის დანიშვნის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად.
11.4. ექსპერტების შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ არბიტრაჟს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ დაინიშნოს ექსპერტად, წყვეტს არბიტრაჟი.
11.5. მხარეებს უფლება აქვთ აგრეთვე წარმოადგინონ კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს არბიტრაჟი.
11.6. ექსპერტის დასკვნა არბიტრაჟისათვის სავალდებულო არ არის, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
11.7. ექსპერტებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცემათ ჰონორარი.
11.8. თუ ექსპერტის აზრით, არბიტრაჟის მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ არბიტრაჟს.
11.9. ექსპერტის აცილება და თვითაცილება განხორციელდება არბიტრის აცილებისათვის ამ დებულების და კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.
კარი IV. საარბიტრაჟო წარმოება
მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
12.1. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება ამ დებულებით დადგენილი წესით, კანონის მოთხოვნათა დაცვით.
12.2. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12.3. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის იურიდიული მისამართი.
12.4. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12.5. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, დაენიშნება თარჯიმანი. არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები დაადგინოს ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის ასეთი გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
12.6. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი (სარჩელი), რომელიც მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოუდგინოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, მასში მითითებული უნდა იყოს მხარეთა სახელები (სახელწოდებები) და მისამართები (ადგილსამყოფლები), მოთხოვნა, ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას, და საარბიტრაჟო სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.
12.7. საარბიტრაჟო მოპასუხე მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე.
12.8. ამ მუხლის 12.6 და 12.7 პუნქტების დებულებები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.
12.9. საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთოდეს ის დოკუმენტი, სადაც მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ და საარბიტრაჟო შენატანის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12.10. საარბიტრაჟო პრეტენზია და თანდართული საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლით, რამდენიც მოპასუხეა.
12.11. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან სამი დღის განმავლობაში თავისი განკარგულებით ცნოს არბიტრაჟის კომპეტენცია და მიიღოს დავა წარმოებაში ან არ ცნოს დავაზე არბიტრაჟის კომპეტენცია და უარი თქვას მის მიღებაზე. არბიტრაჟის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონის 16.5 მუხლის შესაბამისად და დებულების 3.13 მუხლის შესაბამისად.
12.12. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია დებულების 12.6 და 12.9 მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და პრეტენდენტს (საარბიტრაჟო მოსარჩელეს) მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 90%.
12.13. მიღებული საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს მისი წარმოებაში მიღებიდან ხუთი დღის ვადაში.
12.14. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის 12.7 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
12.15. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო სარჩელთან ან შესაგებელთან ერთად წარმოადგინონ ნებისმიერი საბუთი, რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითონ იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ისინი შემდგომ წარმოადგენენ.
12.16. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეცნოს არბიტრაჟის თავმჯდომარეს და დავის განმხილველ არბიტრებს.
12.17. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები, შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.
12.18. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:
ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად გადაწყდება.
12.19. 12.18. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო პაექრობის დამთავრებამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.
12.20. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.
12.21. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსამართლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) საქმე ამ არბიტრაჟის განსჯადი არ არის;
დ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ე) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
12.22. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული განკარგულება.
12.23. სარჩელის მიუღებლობის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის განკარგულება ჩაბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები და შეტანილი საარბიტრაჟო შენატანის 90 პროცენტი.
12.24. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვა შესაძლებელია როგორც შპს „ სამართლიანი არბიტრისს” მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით, რომელიმე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში არბიტრაჟი შესთავაზებს მხარეს დავის შპს „სამართლიანი არბიტრის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე განაცხადებს თანხმობას, მაშინ არბიტრაჟი განიხილავს საქმეს, ხოლო თუ მოპასუხე უარს განაცხადებს, ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას, მაშინ არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს თავისი დადგენილებით დატოვებს განუხილველს, ხოლო საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ შემოტანილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ამასთან, ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს 150 (ასორმოცდაათი) ლარზე ნაკლები.
12.25. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განცხადების საფუძველზე გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში არბიტრაჟს, ხოლო თუ არბიტრაჟი შექმნილი არ არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარის განცხადების საფუძველზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის გამოთხოვის შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ საქმის გამოთხოვის შემთხვევაში – გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 50%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე ნაკლები.
მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
13.1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.
13.2.საქმის ზეპირი განხილვის დროს დგება ოქმი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ძირითად მომენტებს. ოქმს ადგენს მდივანი საარბიტრაჟო სხდომაზე. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არა უგვიანეს სამი დღისა სხდომის დამთავრების შემდეგ. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი. ხოლო, თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა, – ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილ უნდა იქნეს ოქმში. სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მხარეებს და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა თუ უსრულობაზე.
13.3. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.
13.4. არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
13.5. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული სამართლის ნორმები. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.
13.6. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
13.7. თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
მუხლი 14. საქმის მომზადება და განხილვა.
14.1. არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე.
14.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით, ან რომელიმე მხარის მოთხოვნით საქმეზე უნდა ჩატარდეს ზეპირი განხილვა, საქმის განზილვა ხდება ამ მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
14.3. არბიტრაჟის თავმჯდომარე ხსნის, უძღვება და ხურავს საარბიტრაჟო სხდომას.
14.4. თავმჯდომარე აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად და განუმარტავს მხარეებს აცილების უფლების შესახებ.
14.5. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის შესახებ თავმჯდომარის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს და მტკიცებულებებს. თავმჯდომარის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენა.
14.6. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით.
14.7. თუ არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისგან.
14.8. მხარეთა და სხვა პირთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას, რაც წარმოებს კანონით და დებულებით დადგენილი წესით.
14.9. მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ იწყება მხარეთა პაექრობა. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.
14.10. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ რეპლიკით გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ საარბიტრაჟო განხილვა ითვლება დამთავრებულად.
მუხლი 15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
15.1. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
15.2. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
15.3. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.
15.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
15.5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბა მისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.
15.6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია ამ კანონის 15.9-15.11 მუხლების შესაბამისად.
15.7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.
15.8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
15.9. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.
15.10. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
15.11. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
მუხლი 16. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
16.1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.
16.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;
გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.
მუხლი 17. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
17.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების მიღების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:
ა) მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;
ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.
17.2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
17.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.
17.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
17.5. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.
მუხლი 18. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და შეჩერება
18.1. არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებული იქნეს სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს გააუქმოს ან შეაჩეროს არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ”არბიტრაჟის შესახებ” კანონის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად.
18.2. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ არბიტრაჟი განაახლებს საქმის განხილვას სასამართლოს მიერ მიცემული ვადით, კანონით და დებულებით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად.
მუხლი 19. საქმის წარმოების შეჩერება და განუხილველად დატოვება
19.1. არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ან გადადოს საქმის განხილვა შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელის საქმეში მხარეს წარმოადგენს;
ბ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არ აქვს გამოცხადდეს არბიტრაჟში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;
გ) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში;
დ) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, ან თუ საარბიტრაჟო განხილვისას აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის საგანია და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს განხილვის შედეგებზე;
ვ) არბიტრაჟმა დანიშნა ექსპერტიზა;
ზ) სხვა აუცილებლობის შემთხვევაში.
19.2. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.
19.3. არბიტრაჟი განუხილველად დატოვებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა. საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებისა;
ბ. არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;
გ. საარბიტრაჟო სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;
დ. საარბიტრაჟო მოსარჩელემ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;
ე. დებულებით და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
19.4. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით.
მუხლი 20. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
20.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ,,არბიტრაჟის შესახებ” კანონის 44-ე და 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
20.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 21. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
21.1. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე გაასაჩივრებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და სასამართლო შეაჩერებს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვას იმ მიზნით, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, არბიტრაჟი განაახლებს დავის საარბიტრაჟო განხილვას.
21.2.საარბიტრაჟო საქმის განხილვის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არბიტრაჟს ამის თაობაზე გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
21.3. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არბიტრაჟი უგზავნის როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელ დოკუმენტთან ერთად.
21.4. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ ცნო არბიტრაჟის გადაწყვეტილება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ა.გ) და ა.ე) პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, არბიტრაჟი, საქმის სასამართლოდან არბიტრაჟში დაბრუნების შემდეგ, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე განაახლებს საქმის წარმოებას და განიხილავს საქმეს ზემოაღნიშნული საფუძვლების აღმოფხვრის მიზნით.
21.5. საქმის განხილვის განახლების თაობაზე არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის წინა გადაწყვეტილებას.
21.6. განახლებული საქმის განხილვას აგრძელებს, როგორც წესი, იგივე არბიტრი, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინა განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ იგივე არბიტრის მინაწილეობა საქმეში შეუძლებელია, საქმის განმხილველ არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან.