„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-19 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2-3 პუნქტები:
„2. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად დაწესებულების ხელმძღვანელმა შეიძლება შემოიღოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნორმატიული აქტით.
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლების მქონე შესაბამისი დაწესებულების (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტით.“.
2. 96-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები.“, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4 და მე-5 პუნქტებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 13 ივნისი.
№367-IIს