განჩინება გადახდიუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების შესწორების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11180-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ

  2012 წლის 4 სექტემბერი                                                 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი – სს ,,ბანკი ქართუ’’

საიდენტიფიკაციო კოდი – 204891652

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე  – ნატო ხაინდრავა

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებაში შესწორების შეტანის თაობაზე.

გამოარკვია:

2012 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,ბანკი ქართუს’’ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ნატო ხაინდრავამ და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება სს „პირიმზის” მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე -7, მე-8 და მე-9 პუნქტებში დაშვებული იქნა უსწორობა.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. კანონის ანალოგიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.         

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე -7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   

,,6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია, განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;’’.

2. განჩინება შესწორების შესახებ კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე –   www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.      

მოსამართლე              თ. ჭუნიაშვილი