„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 22.02.2012
ძალაში შესვლა 01.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით
ნომერი №18/177
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2012
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| საქართველოს მთავრობის სახელით | თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
| ივანე მერაბიშვილი | იდრის ნაიმ შაჰინი |
| შინაგან საქმეთა მინისტრი | შინაგან საქმეთა მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც "მხარეები",
გამოთქვამენ რა სურვილს, განავითარონ და გააძლიერონ თავიანთ სახელმწიფოებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და განსაკუთრებით, მხედველობაში მიიღონ მათ შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საერთო ნება,
გამოთქვამენ რა შეშფოთებას დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის ფორმების მზარდი მასშტაბისა და ტენდენციების გამო,
გაცნობიერებული აქვთ რა, რომ ნებისმიერი ფორმის დანაშაული საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, მართლწესრიგს, კანონის უზენაესობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, საინვესტიციო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონიერების დამკვიდრებას,
გამომდინარეობენ რა სურვილიდან, უზრუნველყონ ადამიანის სიცოცხლის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების საიმედო დაცვა დანაშაულისაგან,
აღიარებენ რა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,
ეფუძნებიან რა, ქ. ანკარაში 1994 წლის 13 იანვარს ხელმოწერილი "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების, ქ. ტრაპიზონში 2002 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი "საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებისა და ქ. ანკარაში 2005 წლის 10 მარტს ხელმოწერილი "საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-9 მუხლის შესრულების შესახებ” ოქმის დებულებებს,
ითვალისწინებენ რა, საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და იმ საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრებიც არიან მათი სახელმწიფოები და რომლებიც ეხება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის სფეროს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თანამშრომლობის სფეროები და ფორმები
1. მხარეები ითანამშრომლებენ და დაეხმარებიან ერთმანეთს შემდეგ სფეროებში:
a) საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა;
b) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა;
c) ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა;
d) საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის, ადამიანებით ვაჭრობისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა;
e) იარაღთან, საბრძოლო მასალებთან, ფეთქებად ნივთიერებებთან, ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ მასალებთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა;
f) სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და სამგზავრო დოკუმენტების გაყალბებასთან ბრძოლა;
g) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
h) მხარეების კომპეტენციის სფეროში შემავალი სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა.
2. მხარეებს შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ფორმებით:
a) დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა პირადი მონაცემების მიწოდება;
b) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ან მსჯავრდებული პირების ძებნაში დახმარება;
c) სამართლებრივი ინფორმაციის, დოკუმენტაციის, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო კვლევის შედეგების გაცვლა;
d) ტრენინგების, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და თანამშრომლობა მხარეების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში;
e) საპოლიციო აღჭურვილობის მიწოდება.
3. მხარეები ითანამშრომლებენ და თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს შორის გაცვლიან ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციას კონტრტერორიზმის შესახებ იმ მიზნით, რათა გამოავლინონ და აღკვეთონ ტერორისტული აქტები და ტერორისტული ჯგუფების წევრები.
4. მხარეები წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ თანამშრომლობას განახორციელებენ თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დაკავებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება
თითოეული მხარე მიაწვდის მეორე მხარეს დეტალებს მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქის შესახებ, რომელიც შესაძლოა დაკავებულ იქნეს შესაბამის ქვეყანაში, პირადი მონაცემების დაცვის შესახებ თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
პირების ძებნაში თანამშრომლობა
მხარეები თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაატარებენ ყველა აუცილებელ ღონისძიებას ძებნას დაქვემდებარებული პირების აღმოჩენის, დაკავების, დაპატიმრების ან მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
მუხლი 4🔗
ექსპერტთა შეხვედრების გამართვა
მხარეები გამართავენ ექსპერტების შეხვედრებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, როდესაც ორივე მხარე შეთანხმდება, რომ თანამშრომლობის სფეროებში არსებობს გადაუდებელი და სპეციალური საკითხების განხილვის საჭიროება.
მუხლი 5🔗
თანამშრომლობის განხორციელება
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ხორციელდება ინგლისურ ენაზე, ან ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ენაზე.
2. მოთხოვნები ინფორმაციის მიწოდებაზე ან დახმარების აღმოჩენაზე წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში იგზავნება მხარეების მიერ წერილობითი ფორმით. გადაუდებელ შემთხვევებში, დასაშვებია მოთხოვნის ზეპირი ფორმით წარდგენა, რომელიც გონივრულ ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით.
მუხლი 6🔗
მოთხოვნის შეუსრულებლობა
მოთხოვნაზე შეიძლება ითქვას უარი მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ მოთხოვნის მიმღები მხარე მიიჩნევს, რომ მან შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, საზოგადოებრივ წესრიგს, მოსახლეობის ჯანმრთელობას ან თავისი სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს ან შესაძლებელია იგი ეწინააღმდეგებოდეს თავის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
მუხლი 7🔗
შეზღუდვები ინფორმაციისა და დოკუმენტის გამოყენებაზე
მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გადაცემული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციების დებულებების შესაბამისად მხოლოდ იმ მიზნებით, რომლებსაც ის ითვალისწინებს და დაცული იქნება თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები მიზნად ისახავენ, დადონ შეთანხმება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი არ უნდა გაეცნოს არცერთ მესამე მხარეს მათი მიმწოდებელი კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე.
მუხლი 8🔗
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის
შესრულებაზე კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულებაზე კომპეტენტური ორგანოები არიან:
· საქართველოს მხრიდან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
· თურქეთის მხრიდან: თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ეფექტურად განხორციელების მიზნით მხარეების კომპეტენტური ორგანოები მიაწვდიან ერთმანეთს თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციას და აგრეთვე აცნობებენ ერთმანეთს თავიანთ დასახელებაში, კომპეტენციასა და საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.
მუხლი 9🔗
ურთიერთობა სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები ზეგავლენას არ ახდენს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილენიც მათი სახელმწიფოები არიან.
მუხლი 10🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისა და განმარტების დროს წარმოშობილი დავები გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციების ან დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 11🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში წერილობითი ფორმით შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ასეთი ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელი ნაწილი იქნება. აღნიშნული ოქმი ძალაში შევა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 12🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2012 წლის 22 თებერვალს, თანაბარი ძალის მქონე ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. მხარეთა მიერ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებათა განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ივანე მერაბიშვილი
იდრის ნაიმ შაჰინი
შინაგან საქმეთა მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი