ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 21.08.2012
ძალაში შესვლა 01.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2012
matsne.gov.ge 2,011 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2012 მიღება
01.06.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება  ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება ამ შეთანხმების მხარეები, მოწადინებულნი, გააადვილონ საერთაშორისო ვაჭრობა და თავიდან აიცილონ ღვინით ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებები, თანახმად 1994 წლის 15 აპრილის მარაქეშის შეთანხმებისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსების შესახებ (შემდგომში „WTO-ს შეთანხმება“); დაინტერესებულნი არიან რა თავის ტერიტორიებზე წარმოებული და, აგრეთვე, მოხმარებული ღვინის რეგულირებით; შესრულებული აქვთ რა თითოეული მხარის ენოლოგიურ პრაქტიკასთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების იმგვარი შეფასება, როგორსაც მოითხოვს მათი შესაბამისი შიდა კანონმდებლობანი; აქვთ რა არსებითი და კანონიერი ინტერესი თავის ტერიტორიებზე იმპორტირებული ღვინის ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ასპექტების რეგულირების მიმართ; დაინტერესებულნი არიან რა ეტიკეტების თაღლითური გამოყენების თავიდან აცილებით; აცნობიერებენ რა, რომ: ენოლოგიურ პრაქტიკაზე დაფუძნებული შეზღუდვები იმპორტზე წარსულში გამოიყენებოდა, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებები; ენოლოგიური პრაქტიკები ექვემდებარება მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, და რომ უნიფიცირებული ენოლოგიური პრაქტიკა ვერ გაითვალისწინებს ყველა ადგილობრივ პირობას, კლიმატურ მრავალფეროვნებას და ტრადიციას; თითოეულ მხარეს შემუშავებული აქვს ენოლოგიური პრაქტიკის რეგულირების მისაღები მექანიზმები; კვლავაც განვითარდება ვაზის მოშენებისა და ენოლოგიური პრაქტიკა; თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი წინამდებარე შეთანხმების მიზნებია: (ა) მხარეთა შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივება; და (ბ) WTO-ს შეთანხმების თანახმად, ამგვარი ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებების თავიდან აცილება, მხარეთა მიერ მათ შესაბამის კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში გათვალისწინებული ენოლოგიური პრაქტიკის რეგულირების შესაბამისი მექანიზმების ურთიერთაღიარების მეშვეობით. მუხლი 2🔗 სხვადასხვა მოვალეობანი WTO-ს შეთანხმების თანახმად, წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი შეზღუდავს მხარეთა უფლებებსა თუ მოვალეობებს მუხლი 3🔗 მოქმედების სფერო წინამდებარე შეთანხმება შემოიფარგლება ღვინით საერთაშორისო ვაჭრობით, როგორც ეს ტერმინი განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-4(ა) მუხლში. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი შეუშლის ხელს მხარეს ზომების მიღებაში, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, მონიტორინგის განხორციელებაში ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები შესაბამისობაშია WTO-ს შეთანხმების დებულებებთან. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი აკისრებს ამა თუ იმ სამართალსუბიექტს კომერციულ ვალდებულებებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პროდუქტების შესყიდვასთან ან გაყიდვასთან დაკავშირებით. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერია განზრახული საიმისოდ, რომ ხელი შეუშალოს ამა თუ იმ მხარის არსებული შეთანხმებების დებულებათა მოქმედებას, ანდა მხარეების მიერ (ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად) შეთანხმებების გაფორმებას ენოლოგიური პრაქტიკის თაობაზე მესამე ქვეყნებთან. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი მოითხოვს მხარისაგან, უარყოს, ნაწილობრივ გააუქმოს ან შეასწოროს ღვინის მისეული განსაზღვრა ან თავისი კანონები, ნორმატიული აქტები და მოთხოვნები, დაკავშირებული თავის ტერიტორიაზე ღვინის წარმოების ენოლოგიურ პრაქტიკასთან. მუხლი 4🔗 განსაზღვრებანი წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებანი: (ა) „ღვინო“ არის სასმელი, წარმოებული სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური ფერმენტაციის შედეგად, რომელსაც განიცდის მხოლოდ ახლად დაკრეფილი ყურძენი, ყურძნის ჩენჩი ან პროდუქტები, წარმოქმნილი ახლად დაკრეფილი ყურძნისგან თანახმად იმ ენოლოგიური პრაქტიკისა, რომელიც ნებადართულია ექსპორტიორი მხარის მარეგულირებელი მექანიზმებით, და შეიცავს ალკოჰოლს არანაკლებ 7% და არა უმეტეს 24%-ის რაოდენობით. (ბ) „ენოლოგიური პრაქტიკა“ უკავშირდება ღვინის დამზადებისას გამოყენებულ მასალებს, პროცესებს, დამუშავების ხერხებსა და ტექნიკურ მეთოდებს, ნებადართულს ექსპორტიორი მხარის კანონით, მაგრამ არ მოიცავს ეტიკეტირებას, ბოთლებში ჩამოსხმას თუ შეფუთვას საბოლოო გაყიდვის მიზნით; და (გ) „კონსენსუსი“ მიიღწევა, თუ, საბჭოს პროცედურებით გათვალისწინებული შეტყობინების შედეგად, არც ერთი მხარე, რომელიც ესწრება სხდომას გადაწყვეტილების მიღების დროს, არ გამოთქვამს ოფიციალურ პროტესტს ამ შემოთავაზებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მუხლი 5🔗 ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარება მხარეები აღიარებენ ერთმანეთის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებს. მხარეები რთავენ მეორე მხარის ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის იმპორტირების ნებას მეორე მხარის კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც შეეხება ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებს. ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებული ღვინო უნდა შეესაბამებოდეს ექსპორტიორი მხარის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, დაკავშირებულს იმ ენოლოგიურ პრაქტიკასთან, რომელიც მართავს ექსპორტიორი მხარის შიდა მოხმარებისთვის განსაზღვრულ ღვინოს. ექსპორტიორ მხარეს, საკუთარი შეხედულების მიხედვით, შეუძლია ისეთი ღვინის ექსპორტირება იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე, რომელიც წარმოებულია თანახმად იმპორტიორი მხარის კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნებისა, დაკავშირებულს იმ ენოლოგიურ პრაქტიკასთან, რომელიც მართავს იმპორტიორი მხარის შიდა მოხმარებისთვის განსაზღვრულ ღვინოს. არც ერთი მხარე არ მოითხოვს მეორე მხარისგან, მოითხოვოს ნაწილობრივი გაუქმება ან სხვაგვარი განთავისუფლება ან განახორციელოს რუტინული სერტიფიცირება ამა თუ იმ ენოლოგიურ პრაქტიკასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეს შეუძლია ამის მოთხოვნა მე-3(2) მუხლის თანახმად. როდესაც ამა თუ იმ მხარეს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მის ტერიტორიაზე წარმოებული, მისი ტერიტორიიდან ექსპორტირებული ან მის ტერიტორიაზე იმპორტირებული ღვინო საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის თაობაზე ყველა სხვა მხარეს იმ მექანიზმების დახმარებით, რომლებსაც დაადგენს საბჭო. მუხლი 6🔗 ღვინის ეტიკეტირება წინამდებარე შეთანხმების მიხედვით ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმები და სტანდარტები უნდა იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული და გამოცემული WTO-ს შეთანხმების და, განსაკუთრებით, „სანიტარიული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმებისა“ და „ვაჭრობის შემაფერხებელი ტექნიკური ბარიერების შესახებ შეთანხმების“ თანახმად. იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც წინამდებარე შეთანხმების მიზნისა და დანიშნულების შემაფერხებელი მექანიზმი. მხარეები მოილაპარაკებენ ეტიკეტირების თაობაზე ამგვარი შეთანხმების გაფორმების მიზნით ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან. მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმების მართვა წინამდებარე შეთანხმების მართვის მიზნით იქმნება მხარეთა საბჭო, რომელშიც თანაბრად იქნება წარმოდგენილი თითოეული მხარე.  საბჭოს ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. საბჭო თავად განსაზღვრავს თავის წესებსა და პროცედურებს. საბჭოს შეუძლია განიხილოს წინამდებარე შეთანხმების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კერძოდ, მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის: (ა) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაჭრა; (ბ) იმ პრობლემათა განხილვის უზრუნველყოფა, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით; (გ) წინამდებარე შეთანხმების მოქმედების გაფართოების გზების განხილვა; (დ) წინამდებარე შეთანხმების და მისი დანართის შესწორებების მიღება მე-10 მუხლის თანახმად; (ე) სამუშაო ენების დადგენა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში; და (ვ) გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოთა განცხადების თაობაზე წინამდებარე შეთანხმებასთან შეერთების შესახებ მე-13(2) მუხლის მიხედვით. მუხლი 8🔗 გამჭვირვალობა მე-12(1) მუხლში მოხსენიებული სახელმწიფოების კანონები, ნორმატიული აქტები და მოთხოვნები, დაკავშირებული ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებთან, რომლებიც იმოქმედებს თითოეული მხარისათვის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისთვის, ჩართული იქნება დამატებაში. როდესაც საბჭო მე-13(2) მუხლის თანახმად მიიღებს გადაწყვეტილებას, დათანხმდეს ამა თუ იმ სახელმწიფოს შეერთებას წინამდებარე შეთანხმებასთან, აღნიშნული სახელმწიფოს კანონები, ნორმატიული აქტები და მოთხოვნები, დაკავშირებული ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებთან, როგორც ეს წარედგინება საბჭოს მე-13(1) მუხლის მიხედვით, ჩართული იქნება დამატებაში. მხარის ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების ნებისმიერი მოდიფიცირება:         (ა) გამოქვეყნდება ან სხვაგვარად გახდება ხელმისაწვდომი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს WTO-ს შეთანხმება და, კერძოდ, „შეთანხმება სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ“ და „შეთანხმება ვაჭრობის შემაფერხებელი ტექნიკური ბარიერების შესახებ“, და (ბ) ჩაირთვება დამატებაში 4.  თითოეული მხარე, როგორც ამას ითვალისწინებს WTO-ს შეთანხმება და, კერძოდ, „შეთანხმება სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ“ და „შეთანხმება ვაჭრობის შემაფერხებელი ტექნიკური ბარიერების შესახებ“, შეატყობინებს საბჭოს ნებისმიერ წინადადებას ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებთან დაკავშირებულ კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში შესწორებების შეტანის თაობაზე ამგვარი შესწორებების ძალაში შესვლამდე მის ტერიტორიაზე და მიანიჭებს სხვა მხარეებს ამგვარ წინადადებებთან დაკავშირებით თავისი შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობას. მუხლი 9🔗 კონსულტაციები და დავების გადაჭრა თუ ერთი ან მეტი მხარე მიიჩნევს, რომ ერთი ან მეტი მხარის მიერ მიღებული ზომები არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას, ამგვარ მომჩივან მხარეს ან მხარეებს (მოსარჩელეს) შეუძლია წერილობით მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარესთან ან მხარეებთან (მოპასუხესთან). დავის მხარეები, მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს საკითხის მოგვარების მიზნით. თუ საკითხი კონსულტაციების შედეგად არ მოგვარდება 45 დღის განმავლობაში კონსულტაციის მოთხოვნის მიღებიდან, ხოლო იმპორტი აკრძალული ან შეზღუდულია, დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს დავის მეორე მხარესა და საბჭოს თავმჯდომარეს ექსპერტთა კომიტეტის ჩამოყალიბება საკითხის განსახილველად დანართში მოყვანილი პროცედურების თანახმად. კომიტეტის ნებისმიერი დასკვნა მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. ექსპერტთა კომიტეტის შექმნის მოთხოვნისა და დავის გასარჩევად კომიტეტის ფორმირების შემდეგ, მოსარჩელე წერილობით წარუდგენს თავის მოსაზრებებს (სარჩელს) საბჭოს თავმჯდომარესა და მოპასუხეს. სარჩელის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, მოპასუხე საბჭოს თავმჯდომარესა და მოსარჩელეს გადაუგზავნის თავის პასუხს დამადასტურებელ მტკიცებულებებსა და დოკუმენტაციასთან ერთად. ექსპერტთა კომიტეტი თავის დასკვნებს დავის მხარეებს გადაუგზავნის 60 დღის განმავლობაში მოპასუხის პასუხის მიღების დღიდან, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში ან იმ ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ამგვარი წარდგინება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. თუ ექსპერტთა კომიტეტი აღმოაჩენს, რომ მოპასუხეს დარღვეული აქვს წინამდებარე შეთანხმება, კომიტეტი თავის გადაწყვეტილებაში მოიყვანს გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ უნდა გამოასწოროს თავისი დარღვევა. დადგენილი ვადა უნდა წარმოადგენდეს დროის რაც შეიძლება მოკლე პერიოდს. თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დავის მხარეები არ დათანხმდებიან, რომ დარღვევა გამოსწორებულ იქნა, მოსარჩელეს შეუძლია წერილობით წარუდგინოს თავმჯდომარე-ექსპერტსა და მოპასუხეს შეუსრულებლობის მტკიცებულება და მოსთხოვოს კომიტეტს, გადაწყვიტოს, გამოსწორებულ იქნა თუ არა დარღვევა. მოპასუხეს ეძლევა 21 დღე თავმჯდომარე-ექსპერტისთვის გაგზავნილი მოსარჩელის მოთხოვნის მიღებიდან მოსარჩელის განცხადებაზე პასუხის გასაცემად. კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოპასუხის პასუხისთვის დადგენილი საბოლოო ვადის ამოწურვიდან 15 დღის განმავლობაში. თუ კომიტეტი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ გამოასწორა ამგვარი დარღვევა დროის დადგენილი პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელეს შეუძლია შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის 1-4 პუნქტებით გათვალისწინებული თავისი მოვალეობები მოპასუხის მიმართ. დავის მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დავის მიზნებისთვის, შეასრულონ წინამდებარე მუხლში მოყვანილი პროცედურებისგან განსხვავებული პროცედურები იმ მიზნით, რათა დაჩქარდეს, გახდეს უფრო ინტენსიური ან გაადვილდეს კონკრეტული დავის მოგვარების პროცესი. წინამდებარე მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები არ გამოიყენება ამ შეთანხმების მე-3(2) მუხლის ფარგლებში წამოჭრილი საკითხების მიმართ ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც აგრეთვე წარმოქმნიან WTO-სთან შესაბამისობის პრობლემებს. არაფერი წინამდებარე მუხლში არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, თითქოს ის გულისხმობდეს რაიმე ცვლილებას მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებში WTO-ს შეთანხმების მიხედვით, მათ შორის, წინამდებარე შეთანხმების დავების გადაჭრასთან დაკავშირებულ დებულებებში. მუხლი 10🔗 შესწორება ნებისმიერ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების ან მისი დანართის შესწორების შეთავაზება. ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების ტექსტი წარედგინება დეპოზიტარს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მას ყველა მხარეს, სულ მცირე, ოთხმოცდაათი დღით ადრე მის განხილვამდე საბჭოს მიერ. ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების თავდაპირველი განხილვა გაიმართება საბჭოს პირველ სხდომაზე შეთავაზებული შესწორების გადაგზავნის შემდეგ. შესწორებები საბჭოს მიერ მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. შესწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები დამტკიცების შესახებ შესანახად ბარდება დეპოზიტარს. იმ მხარეთათვის, რომლებმაც დაამტკიცეს შესწორება, იგი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ მხარეთა უმრავლესობით მიღებული დოკუმენტების მიღებიდან ოცდამეათე დღეს. ამის შემდეგ, თითოეული მხარისათვის, რომელიც ჩააბარებს თავის დოკუმენტს მიღების შესახებ, იგი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ აღნიშნული მხარის დამტკიცების შესახებ დოკუმენტის მიღებიდან ოცდამეათე დღეს. თითოეული მხარე, რომელიც შეუერთდება წინამდებარე შეთანხმებას რომელიმე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, ხდება შესწორებული შეთანხმების მხარე. მუხლი 11🔗 შეთანხმებიდან გასვლა ნებისმიერ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმებიდან გასვლა დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინება ძალაში შედის შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ, თუკი შეტყობინებაში აღნიშნული არ არის უფრო გვიანდელი თარიღი ან თუ შეტყობინება არ გაუქმდა ამ თარიღის დადგომამდე. მუხლი 12🔗 მხარეები და ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად არგენტინის, ავსტრალიის, კანადის, ჩილეს, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის 2002 წლის 31 მარტამდე. წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ. დოკუმენტები რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ მეორე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღის მომდევნო თვის პირველ დღეს. ამის შემდეგ თითოეული მომდევნო ხელმომწერი სახელმწიფოსთვის იგი ძალაში შევა რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ მისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღის მომდევნი თვის პირველ დღეს. ხელმომწერი სახელმწიფო, რომელსაც არ ჩაუბარებია დოკუმენტი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ ოცდაათი თვის განმავლობაში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან  ან საბჭოს მიერ დამტკიცებული დამატებითი ვადის განმავლობაში, აღარ ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების ხელმომწერად. მუხლი 13🔗 ახალი მხარეები ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც არა აქვს ხელი მოწერილი წინამდებარე შეთანხმებაზე, და სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ ხელი მოწერილი მასზე, მაგრამ არა აქვთ იგი რატიფიცირებული, მიღებული ან დამტკიცებული მე-12 მუხლის თანახმად, შეუძლიათ, დეპოზიტარისთვის წერილობითი განაცხადის წარდგენის საფუძველზე, მოითხოვონ მასთან შეერთება. ამგვარ განაცხადში უნდა შედიოდეს ამ სახელმწიფოს იმ კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების ასლები, რომლებიც დაკავშირებულია ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებთან. საბჭო, თავის პირველ სხდომაზე ამგვარი განაცხადის მიღების შემდეგ, აფასებს შესაბამისი სახელმწიფოს კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, დაკავშირებულს ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებთან. თუ საბჭო ამას მისაღებად მიიჩნევს, იგი შეატყობინებს სახელმწიფოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ და შეუძლია შესთავაზოს მას შეერთება წინამდებარე შეთანხმებასთან. საბჭოს შეერთების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა უგვიანეს 30 თვისა მას შემდეგ ან საბჭოს მიერ დამტკიცებული ვადის შემდეგ, შესაბამისი სახელწმიფო თავის დოკუმენტს შეერთების შესახებ შესანახად გადასცემს დეპოზიტარს. ეს შეთანხმება ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შედის შეერთების შესახებ მისი დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღის მომდევნო თვის პირველ დღეს. წინამდებარე შეთანხმების დედანი, რომლის ტექსტებიც ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. აღნიშნულის დასტურად ქვემორე ხელის მომწერებმა, რომლებიც ამისათვის სათანადოდ არიან უფლებამოსილნი მათი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ტორონტოში, ორი ათას ერთი წლის 18 დეკემბერს. დანართი ექსპერტთა კომიტეტი მხარეები შეადგენენ ექსპერტთა სიას ენოლოგიური პრაქტიკის დარგში. თითოეული მხარე სიაში შესატანად განსაზღვრავს ოთხ ექსპერტს, რომლებიც იქნებიან მათი შესაბამისი ქვეყნების მოქალაქეები. სიას შეადგენს დეპოზიტარი. დავის მხარეები თანხმდებიან სიიდან სამი ექსპერტის შერჩევაზე, რომელთაგანაც არც ერთი არ უნდა იყოს დავის მხარეთა შესაბამისი ქვეყნის მოქალაქე. იმ შემთხვევაში, თუ დავის მხარეები ვერ შეთანხმდებიან საბჭოს თავმჯდომარისთვის ექსპერტთა კომიტეტის დაარსების თაობაზე მოთხოვნის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე შემთხვევით აირჩევს სიიდან ამ სამ ექსპერტს, რომელთაგანაც არც ერთი არ შეიძლება იყოს დავის მხარეთა შესაბამისი ქვეყნების მოქალაქე. საბჭოს თავმჯდომარე შემთხვევით გაკეთებულ ამგვარ შერჩევას ახორციელებს დავის მხარეთა მიერ დანიშნული ოფიციალური წარმომადგენლების თანდასწრებით. როდესაც საბჭოს თავმჯდომარე ღებულობს მოსარჩელისა და მოპასუხის სრულ წარდგინებებს, თანახმად ამ შეთანხმების მე-9 მუხლისა, საბჭოს თავმჯდომარე ამ წარდგინებებს სამი დღის განმავლობაში გადაუგზავნის დავის მხარეთა მიერ დანიშნულ ექსპერტებს. თუ ექსპერტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შემცვლელი ინიშნება დაინტერესებული მხარის ან მხარეების მიერ, ან შეირჩევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ, თანახმად ზემოთ, მე-4 პუნქტში მოყვანილი პროცედურებისა. კომიტეტი რაც შეიძლება სრულად გამოიყენებს სატელეფონო და ელექტრონულ კომუნიკაციებს. დავის მხარეები თავად დაფარავენ თავის ხარჯებს, წარმოქმნილს ექსპერტთა კომისიის წინაშე წარმოებულ პროცედურებთან დაკავშირებით. ექსპერტთა ჰონორარებისა და ხარჯების თანხას თანაბარი პროპორციით გადაიხდიან დავის მხარეები. საბჭო იღებს საპროცედურო წესებს, რომლებიც გამოყენებული იქნება შეთანხმების მე-9 მუხლისა და წინამდებარე დანართის მიხედვით ჩამოყალიბებული ექსპერტთა კომიტეტის მიმართ.