„საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 27.10.2011
ძალაში შესვლა 29.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს
სახელით
ხელმოწერილია
ნომერი №27/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით ხელმოწერილია | სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელით ხელმოწერილია |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება
საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას,
სურთ რა ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორმხრივი ეკონომიკური, კულტურული და მეცნიერული ურთიერთობები შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების გაფორმების გზით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.
მუხლი 2🔗
გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან თვითმმართველი ერთეულების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი;
(iii) ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).
b) სლოვაკეთის შემთხვევაში:
(i) საშემოსავლო გადასახადი.
(შემდგომში „სლოვაკეთის გადასახადი„).
4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3🔗
ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს იურისდიქციასა და სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „სლოვაკეთის რესპუბლიკა” ნიშნავს სლოვაკეთის რესპუბლიკას, რომელიც გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს სლოვაკეთის ტერიტორიას, რომლის მიმართაც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სლოვაკეთი ახორციელებს თავიანთ იურისდიქციასა და სუვერენულ უფლებებს;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან სლოვაკეთის რესპუბლიკას, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის საქმიანობის წარმართვას;
e) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
f) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემით ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ფაქტობრივი მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემის და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) სლოვაკეთის რესპუბლიკის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნება ან მოქალაქეობა;
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
k) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს პროფესიულ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ნებისმიერ საქმიანობას.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.
მუხლი 4🔗
რეზიდენტი
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს, მის ნებისმიერ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებულ წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.
მუხლი 5🔗
მუდმივი დაწესებულება
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება„ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს და;
f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მიწოდების ან დემონსტრირების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის „a“-„e“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში თავის საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6🔗
შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სასოფლო და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება” აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს ეს ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.
მუხლი 7🔗
მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; ამასთან, განაწილების მეთოდი უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი შესაბამისობაში მოდიოდეს ამ მუხლის პრინციპებთან.
5. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შეძენის საფუძველზე.
6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლის დებულებებზე.
მუხლი 8🔗
საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. თუ საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის ექსპლოატაციის განმახორციელებელი პირი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.
მუხლი 9🔗
ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,
და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არარსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს - და, შესაბამისად, გადასახადით ბეგრავს - იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
მუხლი 10🔗
დივიდენდები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები, რომლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკრელი სახელმწოფოს რეზიდენტი, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „jouissance”-ის აქციებიდან ან „jouissance”-ის უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ისევე როგორც შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
4. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
მუხლი 11🔗
პროცენტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 5 პროცენტს.
3. ტერმინი „პროცენტი” ამ მუხლის მიზნებისათვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადახდილია პროცენტი, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
5. პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად ჩაითვლება, თუ გადამხდელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, ამასთან, ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.
6. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალო მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადახდილი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗
როიალტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 5 პროცენტს.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინი „როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, მათ შორის, კინემატოგრაფიული ფილმების, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის, პროცესის ან პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით ან აღჭურვილობით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის და გემების, საჰაერო ხომალდების და კონტეინერების ლიზინგით მიღებულ მოგებას.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
5. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როდესაც გადამხდელია ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.
6. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის, განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდემლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების მფლობელობაში არსებულ ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების ან მსგავსი უფლებების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომლის ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
5. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუქტებში აღნიშნული ქონების გარდა, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
მუხლი 14🔗
შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
1. ამ შეთანხმების მე-15, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურება არ არის დაკავშირებული მუდმივ დაწესებულებიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობისათვის მიღებული ანაზღაურება იბეგრება იმ სახელმწიფოშო, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
მუხლი 15🔗
დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან სხვა მსგავსი ორგანოს წევრი, რომელიც კომპანიაში საზედამხედველო ფუნქციებს ახორციელებს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 16🔗
ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1. ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 დებულებები არ ვრცელდება ხელოვნების მუშაკების და სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საქმიანობა დაფინანსებულია ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საზოგადოებრივი ფონდების, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. თუ საქმიანობა ამგვარი გზით ხორციელდება, მაშინ ხელოვნების მუშაკების და სპორტსმენების მიერ მიღებული შემოსავალი ან მოგება დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც ისინი წარმოადგენენ.
მუხლი 17🔗
პენსიები
1. ამ შეთანხმების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, საპენსიო უზრუნველყოფის სქემებიდან, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სოციალური დაცვის სისტემის ნაწილს, გადახდილი პენსიები და სხვა გადასახადები, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
მუხლი 18🔗
საჯარო სამსახური
1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ასეთი პენსია დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.
3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, პენსიის და სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 19🔗
სტუდენტები
1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ ამგვარი ანაზღაურება განკუთვნილია მხოლოდ მისი განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. სტუდენტი ან პრაქტიკანტი, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მის მიერ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში და ამგვარი საქმიანობა ხორციელდება პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს, არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ აღნიშნული დაქირავებით მუშაობა პირდაპირ უკავშირდება მის მიერ განათლების მიღებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას.
მუხლი 20🔗
სხვა შემოსავლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა რეალურად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 21🔗
კაპიტალი
1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების ფლობაში არსებულ ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლოატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 22🔗
ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს სლოვაკეთის რესპუბლიკაში, საქართველო დაუშვებს:
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკაში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. სლოვაკეთის რესპუბლიკის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) სლოვაკეთის რეზიდენტის დაბეგვრისას, სლოვაკეთის რესპუბლიკა დასაბეგრ ბაზაში რთავს შემოსავლის მუხლებს, რომლებიც, ამ შეთანხმების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, მაგრამ გამოქვითავს, ამ ბაზის საფუძველზე გამოანგარიშებულ საქართველოში გადახდილ გადასახადის თანხას.
b) ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს სლოვაკეთის რესპუბლიკაში გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება იმ შემოსავალს, რომელიც, ამ შეთანხმების დებულებათა გათვალისწინებით, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.
მუხლი 23🔗
დისკრიმინაციის თავიდან აცილება
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პირები, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებში დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო გამოიყენებდა ანალოგიურ გარემოებებში მყოფ ნაციონალური პირის, რეზიდენტობის სტატუსის გათვალისწინებით, მიმართ.
3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ეკუთვნის ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. ამ მუხლის დებულებები, მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ვრცელდება ნებისმიერი სახისა და ფორმის გადასახადებზე.
მუხლი 24🔗
ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია, მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და დამოუკიდებლად არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძლიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის,, მათი, ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.
მუხლი 25🔗
ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მიიჩნევენ საჭიროდ ამ შეთანხმების დებულებების შესასრულებლად ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოების მათი პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).
4. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო, ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, წარადგენს მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდების შესახებ, მაშინ მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, მის ხელთ არსებული ყველა წყაროს გამოყენებით, უნდა მოიპოვოს ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს ინფორმაცია ამ სახელმწიფოს საგადასახადო მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შეზღუდვები ვრცელდება წინამდებარე წინადადებაში განსაზღვრულ ვალდებულებებზე, ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.
5. მე-3 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაციას ფლობს ბანკი, სხვა ფინანსური ინსტიტუტი, აგენტი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსის მქონე პირი ან იგი დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.
მუხლი 26🔗
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 27🔗
ძალაში შესვლა
ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მე-60 დღეს და მისი დებულებები იმოქმედებენ:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე ან კრედიტზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
მუხლი 28🔗
მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე ან კრედიტზე, რომელიც მიღებული იქნა წერილობითი შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება წერილობითი შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2011 წლის 27 ოქტომბერს ქ. ბრატისლავაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სლოვაკურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
სახელით
ხელმოწერილია
სლოვაკეთის რესპუბლიკის
სახელით
ხელმოწერილია