განჩინება შპს „ვია-ასტ-ვიტა“-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია სვიანაძე
განმცხადებელი: შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' (ს/ნ 218046683);
წარმომადგენელი: (დირექტორი) გოჩა კურტანიძე;
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის განცხადების მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 07 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' დირექტორმა გოჩა კურტანიძემ და ითხოვა შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი დავალიანება შპს ''ასტორიას'', შპს ''ლ-ნ''-ის, შპს ''კრისტალი+''-ის და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 2035875 ლარს.
განცხადების ავტორის მტკიცებით, შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' არ აქვს მოძრავ-უძრავი ქონება და არც ფულადი სახსრები. შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' არის გადახდისუუნარო, მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, მას შეწყვეტილი აქვს ვალების გადახდა, წარმოების პროცესი და საზოგადოება ამჟამად რაიმე სახის შემოსავალს არ იღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს განესაზღვრა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რომლის შევსების თაობაზე განმცხადებელმა სასამართლოს მიმართა 2012 წლის 17 სექტემბერს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლო წარმოებაში შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პინქტის თანახმად, სასამართლო მოვალის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' უქონლობის სამტკიცებლად სასამართლოს წარედგინა სს ''საქართველოს ბანკის'' ცენტრალური ფილიალის მიერ 2012 წლის 06 სექტემბერს, სს ''თიბისი ბანკის'' მარჯანიშვილის ფილიალის მიერ 2012 წლის 06 სექტემბერს, სს ''ვითიბი ბანკი ჯორჯიას'' ცენტრალური ფილიალის მიერ 2012 წლის 06 სექტემბერს და სს ''ლიბერთი ბანკის'' ცენტრალური ფილიალის მიერ 2012 წლის 06 სექტემბერს გაცემული ცნობები, რომელიც ადასტურებს, რომ შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' ანგარიშებზე თანხები არ გააჩნია. ასევე წარმოდგენილია სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2012 წლის 06 სექტემბერს გაცემული ცნობა მასზედ, რომ შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' სახელზე არაა რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 06 სექტემბრის ცნობა, რომ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' უქონელია, რაც გამორიცხავს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არა თუ ასეთი წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში, ''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება არ მიიღება სასამართლო წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' (ს/ნ 218046683) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მოვალე შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით, განჩინება გამოქვეყნდეს ''საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში''. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს შპს ''ვია-ასტ-ვიტამ''.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ იგივე წესით კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე მ. სვიანაძე