„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საბაჟო მოსაკრებლის ცნება
საბაჟო მოსაკრებელი არის პირისათვის სავალდებულო ფულადი შესატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ახდევინებენ საბაჟო ორგანოები საქონლის მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთისათვის განხორციელებული სავალდებულო საბაჟო პროცედურებისათვის.
მუხლი 3. საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელი
საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომელსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოაქვს ან ამ ტერიტორიიდან გააქვს საქონელი.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები
1. საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთებია:
ა)საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის (გარდა საქონლის დროებითი შემოტანისა):
ა.ა)3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
ა.ბ)3000 ლარისა და მასზე მეტი საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 60 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
ბ)საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანისათვის:
ბ.ა) 10000 კილოგრამი და მასზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 1 თეთრი;
ბ.ბ)10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონელზე – 100 ლარს დამატებული 0,3 თეთრი 10000 კილოგრამის ზევით ყოველ კილოგრამზე;
ბ.გ)საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე – 2,5 თეთრი.
2. საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს ან/და სხვა ადგილებში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები სამმაგდება.
3. საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები ნახევრდება.“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) საქონლის დაბრუნება საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 132-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქონლის დროებითი შემოტანა 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საბაჟო მოსაკრებლის დარიცხვისა და გადახდევინების წესი
1. საბაჟო მოსაკრებლის დარიცხვისა და გადახდევინების საფუძველია საბაჟო დეკლარაცია.
2.საბაჟო მოსაკრებელი გადაიხდევინება საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დროს საქონლის გაშვებამდე სხვა საბაჟო გადასახდელებთან ერთად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№879–რს