ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორების, მათი აღწერის მეთოდოლოგიებისა და წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №262
სარეგისტრაციო კოდი 360140000.22.023.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2012
matsne.gov.ge 3,332 სიტყვა · ~17 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორების, მათი აღწერის მეთოდოლოგიებისა და წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №262 2012 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორების, მათი აღწერის მეთოდოლოგიებისა და წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე  „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ”ი” ქვეპუნქტის,  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს თანდართული ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის  წარმოების წესი (დანართი 1). 2. დამტკიცდეს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორები და მათი აღწერის მეთოდოლოგიები (დანართი 2). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე დანართი 1 ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის წარმოების წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი წინამდებარე წესის მიზანია საქართველოში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის შექმნის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორები, მათი აღწერის მეთოდოლოგიები და მოაწესრიგოს ამ მეთოდოლოგიების მიხედვით მონიტორინგის წარმოებასთან  დაკავშირებული ძირითადი პროცედურები. მუხლი 2🔗. ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის  ინდიკატორის აღწერის მეთოდოლოგიები და წარმოება 1. ინდიკატორების მიხედვით, მონიტორინგის წარმოებისათვის (ინდიკატორის დაანგარიშებისათვის) საჭირო ინფორმაციის წყარო შესაძლებელია იყოს: ა) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წერილობითი მოთხოვნის შედეგად, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან  მიღებული ინფორმაცია; ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, სამინისტროში არსებული ინფორმაცია; გ) სამინისტროს მიერ შესყიდული მომსახურების საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია; დ) სამინისტროს დაკვეთით, დონორი ორგანიზაციებიდან გაწეული დახმარების შედეგად მომზადებული ინფორმაცია; ე) ინფორმაციის მოპოვების საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროები; 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებას და დამტკიცებული თითოეული  ინდიკატორის მიხედვით მონიტორინგის წარმოებას (ინდიკატორის დაანგარიშებას) ახორციელებს სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური. 3. სამინისტრო უფლებამოსილია ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგები განათავსოს მის ვებგვერდზე, ან/და აწარმოოს მისი ბეჭდვითი ფორმით გამოცემა და დაინტერესებულ მხარეებს შორის გავრცელება. 4. ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოების, აგრეთვე მონიტორინგის შედეგების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, სამინისტროსთან შესაძლებელია შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; 5. სამინისტრო უფლებამოსილია, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის  შედეგებზე და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით: ა) მოამზადოს რეკომენდაციები (მათ შორის იმ უწყებებისათვის, რომელთა კომპეტენციაშიც ასევე შედის ბიომრავალფეროვნების მართვასთან დაკავშირებული საკითხები), ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ამ სფეროს უკეთ მართვისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და თავის კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს აღნიშნული ღონისძიებები; ბ) რეკომენდაციებზე დაყრდნობით მოამზადოს წინადადებები ბიომრავალფეროვნების სფეროს დაცვა-აღდგენისათვის მიმართული ნებისმიერი ქმედების შესახებ და წარუდგინოს ისინი დონორ ორგანიზაციებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ განსახორციელებლად საჭირო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. დანართი 2 ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორები და მათი აღწერის მეთოდოლოგიები მუხლი 1🔗. ზეწოლის ინდიკატორები 1. P1. ლანდშაფტის ფრაგმენტაცია (ლანდშაფტის ნაკვეთების საშუალო ფართობის ცვლილება). 2. P2. ტყეკაფების ფართობი (იმ ტყეების საერთო ფართობის ცვლილება, რომლებიც გამოყოფილია ჭრისათვის): ა) ინდიკატორის განმარტება - ტყითსარგებლობისათვის გამოყოფილი ტყის მონაკვეთების ფართობის ცვლილება და ლიცენზირებული ტერიტორიის ფარგლებში ნებადართული ტყითსარგებლობა და ლიცენზირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ის ფართობები, რომლებზეც ხორციელდება ტყითსარგებლობა. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ. გ) ინდიკატორის აღწერა – ტყეკაფების წილის მატება ტყით დაფარულ ფართობთან მიმართებით შესაძლოა ტყის ეკოსისტემებზე უარყოფითი ზეგავლენის მატარებელი იყოს, მათ შორის ტყის მდგრადი სამრეწველო გამოყენების შეფერხებისა და რესურსის დანაკარგის გამო. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები - სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) ლიცენზირებულ ფართობებზე გამოყოფილი ტყეკაფების ფართობები და ათვისების ოდენობა, წლების მიხედვით; დ.ბ) ტყეკაფების ფართობები და ათვისების ოდენობა, ლიცენზირებული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ, წლების მიხედვით; დ.გ) ყოველი ლიცენზირებული ტერიტორიის საერთო ფართობი; 3. P3. ტყის გამოყენების ინტენსივობა (თანაფარდობის ცვლილება ხე-ტყის მთლიან წლიურ დამზადებასა (ჭრასა) და კომერციული ტყეების მარაგის მთლიან წლიურ ნამატს შორის): ა) ინდიკატორის განმარტება – ტყის ჭრის ინტენსივობის ცვლილება ლიცენზირებულ ფართობებზე. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ყოველწლიურად 2015 წლამდე. 2015 წლის შემდგომ პერიოდში ინდიკატორის დაანგარიშება მოხდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. გ) ინდიკატორის აღწერა – ტყის ფონდში ხე-ტყის მოხმარება მაშინ არის მდგრადი, როდესაც ხე-ტყის მთლიანი წლიური დამზადება (ჭრა) თითოეულ ლიცენზირებულ ფართობზე არ აღემატება დადგენილ და დამტკიცებულ ნორმას. ხე-ტყის წლიური დამზადების (ჭრის) ნორმა ეფუძნება მდგრადი მართვის პრინციპს. აგრეთვე ხე-ტყის (რაოდენობრივი) დამზადების თვალსაზრისით, მაშინ არის მდგრადი, როდესაც საღი ხე-ტყის მარაგი არ იკლებს დაწესებული დაკვირვების დროის პერიოდში. ეს ნიშნავს, საღი ტყის რაოდენობრივი ნამატი სულ მცირე უნდა უტოლდებოდეს დამზადებული (მოჭრილი) და ბუნებრივი მიზეზებით (ქარიშხალი, ხანძარი დ.ა.შ.) გამოწვეული კლების რიცხვს. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) ლიცენზირებულ ფართობებზე გამოყოფილი ტყეკაფების ფართობები და ათვისება (წლების მიხედვით); დ.ბ) ტყეკაფების ფართობები ლიცენზირებული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ (წლების მიხედვით); დ.გ) ყოველი ლიცენზირებული ტერიტორიის საერთო ფართობი; დ.დ) არსებული ლიცენზიანტებისათვის ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი მარაგი (მ​3); დ.ე) ლიცენზირებულ ტერიტორიებში ტყის წლიური ნამატი (მ​3) ლიცენზიის დაწყებიდან; დ.ვ) ლიცენზირებულ ტერიტორიებში ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული კლება (მოთხრილ - მოტეხილი) (მ​3) ლიცენზიის დაწყებიდან. 4. P4. თევზჭერის ინტენსივობა: ა) ინდიკატორის განმარტება – თევზჭერის ინტენსივობის ცვლილება, წლიურად დაჭერილი თევზის რაოდენობასა (სახეობების მიხედვით) და თევზჭერის ყოველწლიურად დადგენილი კვოტების ამოწურვასთან (თევზჭერის პროცენტული რაოდენობა თევზის შესაბამისი სახეობის ჭერის ნებადართულ კვოტებთან მიმართებით) მიმართებით. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ყოველწლიურად. გ) ინდიკატორის აღწერა – შავ ზღვაში თევზის რესურსით არამდგრად სარგებლობას წყლის ჰიდრობიონტების როგორც სახეობრივი, ასევე რაოდენობრივი მრავალფეროვნების შემცირება, ზღვის ეკოსისტემის დეგრადაცია, ჰაბიტატების რღვევა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შემცირება და სხვა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად დადგენილია რეგულირების მექანიზმები, მათ შორის რესურსით სარგებლობისათვის ყოველწლიური მოპოვების ნორმების – კვოტების დამტკიცება, სახეობების მიხედვით, რესურსით მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფად. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს მიერ მიწოდებული, შავ ზღვაში თევზჭერის გრძელვადიანი ლიცენზიანტების მიერ ყოველწლიურად თევზჭერის კვოტის დამტკიცების მიზნით წარმოდგენილი კვლევის მასალების და ფაქტიური ჭერების, მათ შორის წინა წლების ფაქტიური ჭერების შესახებ მონაცემების შედარება. 5. P5. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყენების ინტენსივობა (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცვლილება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო ფართობთან მიმართებით): ა) ინდიკატორის განმარტება  – სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყენების ინტენსივობის ცვლილება, ერთ ჰექტარ ფართობზე მოსავლის რაოდენობასთან შეფარდებით. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება წელიწადში ერთხელ, აგრეთვე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, წლიური ცდომილებების თავიდან აცილების მიზნით. გ) ინდიკატორის აღწერა – სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყენების ინტენსივობა დიდ ზეგავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ექსტენსიური სოფლის მეურნეობის მიწები  ცხოველთა და მცენარეთა უამრავი სახეობისათვის მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენენ (მაგ.: მინდვრები, მდელოები, საძოვრები, სახნავ-სათესები, მებაღეობები და ა.შ.). სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის პარალელურად ადგილი აქვს ბუნებრივი და სინთეზური გზით მიღებული სასუქების (ჰერბიციდები, პესტიციდები და ა.შ.) გამოყენების ზრდას. ეს კი თავის მხრივ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ასევე ზემოქმედების მატარებელია, მრავალფეროვანი ადგილობრივი ჯიშების შეცვლა მაღალმოსავლიანი ჰომოგენური ჯიშებით. ინტენსიფიკაციის მატება მიგვანიშნებს ბიომრავალფეროვნებაზე გაზრდილ ნეგატიურ ზეწოლაზე და ეწინააღმდეგება სახეობათა მრავალფეროვნების სიმდიდრის შენარჩუნების მიზანს. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები –  სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) სასოფლო მეურნეობების რაოდენობა: მეურნეობების რაოდენობა და მათ სარგებლობაში არსებული მიწები რეგიონების მიხედვით; დ.ბ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულები: სასოფლო-სამეურნეო სავარგულები რეგიონებისა და გამოყენების კატეგორიების მიხედვით; დ.გ) სასუქების გამოყენება: სასუქით განოყიერებული ფართობი რეგიონების მიხედვით; სასუქის რაოდენობა (მინერალური სასუქი და ნაკელი); დ.დ) პესტიციდების გამოყენება: პესტიციდებით დამუშავებული ფართობი რეგიონების მიხედვით;  დ.ე) ამ კულტურების ნათესი ფართობი. 6. P6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) გამოთავისუფლება (გმო-ს გამოთავისუფლებაზე გაცემული თანხმობების მთლიანი რაოდენობის ცვლილება); 7. P7. საძოვრების გამოყენების  ინტენსივობა (საქონლის რაოდენობის ცვლილებები მთლიან საძოვრებზე): ა) ინდიკატორის განმარტება – საძოვრების გამოყენების ინტენსივობის ცვლილება, ერთ ჰექტარზე საქონლის სულადობასთან შეფარდებით. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ყოველწლიურად. გ) ინდიკატორის აღწერა –საძოვრების გამოყენების ინტენსივობა დიდ ზეგავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ინტენსიურად გამოყენებული საძოვრები აზიანებს ეკოსისტემას და დეგრადირების საფრთხეს უქმნის ცხოველთა საარსებო გარემოს. გადაჭარბებული ძოვება ნიადაგის ეროზიულ პროცესებს და ბიომრავალფეროვნების კარგვას იწვევს. ძოვების ინტენსივობის მატება ბიომრავალფეროვნებაზე არსებულ დიდ ზეწოლაზე მიგვანიშნებს და სახეობათა მრავალფეროვნების სიმდიდრის შენარჩუნებისათვის დასახულ მიზანს ეწინააღმდეგება. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) საქართველოში და მის რეგიონებში სათიბ/საძოვრების ფართობები წლების მიხედვით; დ.ბ) მსხვილფეხა საქონლის სულადობა საქართველოში და მის თითოეულ რეგიონში წლების მიხედვით; დ.გ) ცხვრის და თხის სულადობა საქართველოში და მის თითოეულ რეგიონში წლების მიხედვით. 8. P8. დაცული ტერიტორიები, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების არეალი (დაცული ტერიტორიების რაოდენობა, რომლებიც იმყოფება ინფრასტრუქტურის განვითარების ზეგავლენის ქვეშ): ა) ინდიკატორის განმარტება – დაცულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ზეგავლენის შეფარდება დაცული ტერიტორიების იმ ფართობებსა, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის და იმ ფართობებს შორის, რომელიც განკუთვნილია ვიზიტორებისა და ადმინისტრაციისათვის და ამ ზეგავლენის ცვლილება თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე. ინფრასტრუქტურაში იგულისხმება ისეთი შენობები, როგორიცაა, მაგალითად ადმინისტრაციის  შენობა-ნაგებობები, ვიზიტორთა ცენტრები, გზები და სხვა. ინდიკატორის დაანგარიშება გათვალისწინებულია მხოლოდ I-IV კატეგორიის დაცული ტერიტორიებისთვის, რომლებიც (ამ ინდიკატორის მიზნისათვის)  ემსახურება „ბუნების დაცვას“ (სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები.); ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა  – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება პირველსავე წელს და შემდგომ დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების დამტკიცების ან მათში ცვლილების შეტანისთანავე (იმ დაცული ტერიტორიებისათვის, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ მენეჯმენტის გეგმა), აგრეთვე დაცული ტერიტორიის ფართობზე ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევაში. გ) ინდიკატორის აღწერა – დაცული ტერიტორიები  ვიზიტორთა დიდ რიცხვს იზიდავს. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორც წესი, ზოგიერთი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა გზები, საპიკნიკე ადგილები, ვიზიტორთა ცენტრები და ადმინისტრაციული შენობები. ინფრასტრუქტურის განვითარება და მოწყობა კი იწვევს ლანდშაფტების დანაწევრებასა და დაზიანებას, რაც თავის მხრივ, უარყოფით ზეგავლენას ახდენს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე. ინდიკატორით ხდება ვიზიტორებისა და ადმინისტრაციისთვის საჭირო ტერიტორიების გაზომვა. ინდიკატორი გვიჩვენებს ინფრასტრუქტურის ფართობის წილს და მის ცვლილებას.  ზოგადად მიღებულია, რომ რაც უფრო დიდია ინფრასტრუქტურის გარეშე დაცული ტერიტორიების ფართობის წილი, მით უკეთესად მიიღწევა მათი დაცვისათვის დასახული მიზნები. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის ფართობის სიმცირე  უმეტესად დადებითად, ხოლო ფართობის სიდიდე უარყოფითად ფასდება. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია ინფრასტრუქტურის დაცულ ტერიტორიაზე ზეწოლის ოთხი დონე:             ინფრასტრუქტურის ფართობის წილი             I დონე           0-5%             II დონე          5-10%             III დონე        10-25%             IV დონე         > 25% ზოგადად ითვლება, რომ ინფრასტრუქტურის წილი თუ არ აღემატება 10%-ს რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება არ არის საჭირო მისი წილის შემცირებისთვის. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, აწვდის მას ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო შემდეგ მონაცემებს: დ.ა) თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე არსებული შენობების, სამანქანო გზების საერთო ფართობი; დ.ბ) თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების ოდენობა და ფართობი; დ.გ) თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტების (ბილიკების) ოდენობა და ფართობი. 9. P9. ინვაზიური სახეობების გავრცელების არეალი (მთავარი ინვაზიური სახეობების გავრცელების არეალის ცვლილება); 10. P10. კონფისკაციები CITES-ის რეგულირებების შესაბამისად (გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების კონფისკირებული ნიმუშების რაოდენობის ცვლილება): ა) ინდიკატორის განმარტება – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ადგილობრივი ველური მცენარეებისა და ცხოველების სახეობებისა და მათი ნაწილების კონფისკირებული ნიმუშების რაოდენობის ცვლილება, CITES-ის კონვენციის დანართებში მოცემული ნუსხის შესაბამისად. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ყოველწლიურად. გ) ინდიკატორის აღწერა – ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით, ან მათი ნაწილებით უკონტროლო, დაურეგულირებელი და არალეგალური ვაჭრობა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია, რამაც გადაშენების საფრთხე შეუქმნა მცენარეთა და ცხოველთა მრავალ სახეობას. ამიტომ საქართველომ 1996 წელს მოახდინა „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის რატიფიცირება. კონვენცია მიზნად ისახავს ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირებას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მათ არსებობას. კონვენციის მიხედვით, მის დანართებში შეტანილი სახეობების, ან მათი ნაწილების საზღვრის გადაკვეთის ნებისმიერი ფაქტი ითვლება ვაჭრობად. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან ინფორმაციას კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების და მათი ნაწილების უკანონო ვაჭრობის (საზღვრის გადაკვეთის) ფაქტების ოდენობის, სახეობების მითითებით, მათ შორის კონფისკირებული ნიმუშების რაოდენობის შესახებ. 11. P11. ტყის დაავადებები და ტყის ხანძრები (დაავადებული და ნახანძრალი ტყეების საერთო ფართობის ცვლილება): ა) ინდიკატორის განმარტება – ტყის დაავადებებისა და ხანძრების ზემოქმედებით ტყის საერთო ფართობის ცვლილება. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ყოველწლიურად. გ) ინდიკატორის აღწერა – ტყის დაავადებები და ხანძრები, განსაკუთრებით ძლიერი კერის არსებობის და მათი დიდ ფართობზე გავრცელების შემთხვევაში, საფრთხეს უქმნიან, როგორც ტყის მცენარეების, ასევე ცხოველებისა და ზოგადად ეკოსისტემების სრულფასოვან არსეობობას.  ტყის დაავადებებისა და ხანძრების დიდ ტერიტორიაზე გავრცელებას შესაძლოა აგრეთვე უარყოფითი ეკონომიკური შედეგები მოყვეს, ტყის მდგრადი სამრეწველო გამოყენების შეფერხებისა და რესურსის დანაკარგის გამო. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) ნახანძრალი ტერიტორიების ფართობები რეგიონებისა და წლების მიხედვით; დ.ბ) დაავადებული ტყის ფართობები, (დაავადების გამომწვევი მიზეზის მითითებით), რეგიონებისა და წლების მიხედვით. მუხლი 2🔗. მდგომარეობის ინდიკატორები 1. S1. ბუნებრივი ტყეები და ბუნებრივთან მიახლოებული ტყეები (ბუნებრივი ტყეების და ბუნებრივთან მიახლოებული ტყეების წილის ცვლილება ტყის საერთო ფართობთან მიმართებაში): ა) ინდიკატორის განმარტება – ტყის ფონდის საერთო ფართობის  ცვლილება საქართველოში და მის ბიოგეოგრაფიულ რეგიონებში. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება მოხდება არა უმეტეს 5 წელიწადში ერთხელ. გ) ინდიკატორის აღწერა – ტყეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ფართობის ცვლილება აჩვენებს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობას ქვეყანაში. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) ტყის ფონდის საერთო ფართობი; დ.ბ) ტყის ფონდის ფართობები საქართველოს ბიოგეოგრაფიული რეგიონების მიხედვით. 2. S2. აგრობიომრავალფეროვნების განვითარება (საქართველოში არსებული შინაური ცხოველებისა და სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ჯიშების რაოდენობის ცვლილება); 3. S3. შერჩეული სახეობების მიმდინარე სტატუსი (სტატუსის დინამიური დადგენა (რიცხოვნობა და გავრცელება) მცენარეების და ცხოველების საფრთხეში მყოფი და ეკონომიკური ღირებულების მქონე შერჩეული სახეობებისთვის); 4. S4. ძირითად ფრინველთა ინდექსი, (ჩვეულებრივი ფრინველების პოპულაციების ფართობის ცვლილება); 5. S5. განსაკუთრებული კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ჰაბიტატების ფართობი. მუხლი 3🔗. საპასუხო ქმედებების ინდიკატორები 1. R1. დაცული ტერიტორიების ქსელის საერთო ფართობი (დაკანონებული დაცული ტერიტორიებით დაკავებული საერთო ფართობის ცვლილება): ა) ინდიკატორის განმარტება – დაცული ტერიტორიების ფართობის ცვლილება, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით და თითოეულ დაცულ ტერიტორიასთან მიმართებით, ქვეყნის საერთო ფართობში დაცული ტერიტორიების პროცენტული შეფარდების ჩვენებით. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა  – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება საანგარიშო პერიოდის პირველსავე წელს. ინდიკატორის განახლება ხდება სულ მცირე სამ წელიწადში ერთხელ, აგრეთვე ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებისთანავე, ან არსებული დაცული ტერიტორიის ფართობის ცვლილებისთანავე. გ) ინდიკატორის აღწერა – დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარება ბუნების დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. რამდენადაც დიდია ქვეყნის დაცული ტერიტორიების ქსელის ფართობი, უკეთესი წინაპირობებია შექმნილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების, მოწყვლადი და მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ეკოსისტემების დასაცავად. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, აწვდის მას ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობების ამსახველი ცხრილს. 2. R2. დაცული ტერიტორიები, რომლებიც იმართება მენეჯმენტის გეგმების საფუძველზე, კვალიფიცირებული პერსონალის მიერ (ისეთი დაცული ტერიტორიების საერთო რაოდენობის პროცენტული ცვლილება, რომლებიც იმართება მენეჯმენტის გეგმების საფუძველზე, კვალიფიცირებული პერსონალის მიერ): ა) ინდიკატორის განმარტება  – კვალიფიციური პერსონალის მიერ მართული (სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციის განათლება, ან გავლილი აქვთ სათანადო სწავლების კურსი) დაცული ტერიტორიების რაოდენობის ცვლილება დაცული ტერიტორიების საერთო ოდენობასთან შეფარდებით, მათ შორის, ფართობების წილი გამოხატული პროცენტებში, თითოეული დაცული ტერიტორიისათვის და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. აგრეთვე ამგვარად მართული დაცული ტერიტორიების ოდენობა, რომლებსაც აქვთ დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმები. დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმების საფუძველზე მართული დაცული ტერიტორიების რაოდენობის ცვლილება დაცული ტერიტორიების საერთო ოდეობასთან შეფარდებით, მათ შორის, ფართობების წილი გამოხატული პროცენტებში, თითოეული დაცული ტერიტორიისათვის და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება საანგარიშო პერიოდის პირველსავე წელს. ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების, დაცული ტერიტორიისათვის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების ან განახლების, დაცული ტერიტორიის პერსონალის კვალიფიკაციის დონის ამაღლების და დაცული ტერიტორიის ფართობის ცვლილების შემთხვევეში ხდება ინდიკატორის ხელახლა დაანგარიშება. გ) ინდიკატორის აღწერა – დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაცული ტერიტრიების სწორად და ეფექტურად მართვისათვის, მათ შორის მისი ძირითადი ფუნქციის – კონსერვაციისა და დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების ხელშემწყობი სხვა მიზნების (როგორიცაა მაგალითად: ტურიზმი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა) განსახორციელებლად. დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობას აძლიერებს კვალიფიციური პერსონალის არსებობა. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, აწვდის მას ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო შემდეგ მონაცემებს: დ.ა) საქართველოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა; დ.ბ) იმ დაცული ტერიტორიების სია, რომლებსაც გააჩნიათ დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმები; დ.გ) კვალიფიცირებულ თანამშრომელთა რიცხვი, თითოეული დაცული ტერიტორიისათვის. 3. R3. ბუნების დაცვის ზონები (დაცული ტერიტორიების ქსელის საერთო ფართობში უპირატესად ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის გამოყოფილი ადგილების ფართობის ცვლილება): ა) ინდიკატორის განმარტება – ბუნების დაცვის ზონების ფართობის ცვლილება დაცული ტერიტორიების ქსელის  საერთო ფართობთან მიმართებით.  ამ ინდიკატორთან მიმართებით „ბუნების დაცვის ზონებად“ ითვლება I, II და III კატეგორიის დაცული ტერიტორიების ფართობები ვიზიტორთა, ადმინისტრაციული და ტრადიციული გამოყენების ზონების ფართობების გამოკლებით. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება საანგარიშო პერიოდის პირველსავე წელს. ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების, ან არსებული დაცული ტერიტორიის ზონირების საზღვრების და/ან ფართობების ცვლილების შემთხვევეში ხდება ინდიკატორის ხელახლა დაანგარიშება. გ) ინდიკატორის აღწერა – დაცული ტერიტორიების შექმნა და მართვა ბუნების დაცვის პოლიტიკის ცენტრალური მექანიზმია. სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას განსხვავებული მიზნები გააჩნია. იმ კატეგორიის დაცული ტერიტორია, და/ან მის მკაცრი დაცვის ზონა, რომელიც უშუალოდ გარემოს დაცვას ემსახურება და ამ ფართობზე არ არის დაშვებული ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა, ამ ინდიკატორის მიზნებისათვის „ბუნების დაცვის ზონად“ მოიხსენიება.   რაც მეტია დაცულ ტერიტორიების საერთო ფართობში „ბუნების დაცვის ზონების“ წილი, უკეთესი წინაპირობები არსებობს საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების და მათი ჰაბიტატების, მოწყვლადი ეკოსისტემების და ზოგადად ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები  – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, აწვდის მას ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემებს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობების შესახებ, ბუნების დაცვის ზონების ფართობების მითითებით ყოველი დაცული ტერიტორიისათვის. 4. R4. სერტიფიცირებული ტყეები (ტყის მართვის სერტიფიცირების საერთაშორისო დონეზე აღიარებული სისტემების შესაბამისად სერტიფიცირებული ტყეების მთლიანი ფართობის ცვლილება). 5. R5. ტყის ფონდის რეაბილიტაცია (საქართველოს ტყის ფონდში რეაბილიტირებული ტყეების საერთო ფართობის ცვლილება): ა) ინდიკატორის განმარტება – ტყის ფონდში აღდგენილი ტყეების საერთო ფართობის ცვლილება. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ტყის გაშენება-აღდგენის ღონისძიების განხორციელებისთანავე. შემდგომში სულ მცირე წელიწადში ერთხელ. გ) ინდიკატორის აღწერა – ტყის ტერიტორიების დიდი ნაწილი უკანონო ჭრის, ინტენსიური ძოვების და სხვა ანთროპოგენური, თუ ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად დეგრადირებულია. ამ ფართობებზე ტყის ხელახალი გაშენება აუცილებელია ტყის ფონდის, მისი ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) ტყის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა; დ.ბ) აღდგენილი ტყის ფართობი და სამუშაოების განხორციელების პერიოდი. 6. R6. სოფლის მეურნეობის მართვა ბიომეურნეობის პრინციპების შესაბამისად, (ბიომეუნეობის პრინციპების შესაბამისად მართული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების საერთო ფართობის ცვლილება: ა) ინდიკატორის განმარტება – ბიოლოგიური მეურნეობის საერთო ფართობის და მისი წილის ცვლილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო ფართობთან შეფარდებით. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ყოველწლიურად. გ) ინდიკატორის აღწერა – სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია იწვევს სახეობათა მრავალფეროვნების შემცირებას სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე. ბიომეურნეობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ამ უარყოფითი ტენდენციის შემცირება, ან მისი თავიდან აცილება. ბიომეურნეობის ფარგლებში შეძლებისდაგვარად დაცულია საწარმოო ციკლების სიმჭიდროვე და დანერგილია გარემოსათვის უვნებელი წარმოების მეთოდები. არ ხდება ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება. დასაბუთებულია, რომ ბიომეურნეობის ზრდა პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები და ორგანიზაციები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) ბიოლოგიური მეურნეობების საერთო ფართობი; დ.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საერთო ფართობი. 7. R7. ფინანსური რესურსები ბუნების კონსერვაციისათვის (ბუნებისა და ლანდშაფტის  კონსერვაციისათვის გამოყოფილი საერთო დაფინანსების ცვლილება): ა) ინდიკატორის განმარტება – ბუნებისა და ლანდშაფტის  კონსერვაციისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი, ქვემოთ მოცემული საერთო დაფინანსების ცვლილება: ა.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, კრედიტებისა და გრანტების დანაწევრება ფუნქციონალური კოდების მიხედვით. მათ შორის, ფინანსური საშუალებები ,,ბიომრავალფეროვნების და ლანდშაფტის დაცვისათვის“; ა.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, კრედიტებისა და გრანტების დანაწევრება ორგანიზაციული კოდების მიხედვით, მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიუჯეტები; ა.გ) ფინანსური საშუალებები, რომლებიც გამოიყოფა შემდეგ სფეროებზე: დაცული ტერიტორიები, სატყეო სფერო და გარემოს დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა   ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ყოველწლიურად. გ) ინდიკატორის აღწერა – ბუნებისა და ლანდშაფტების, ასევე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ოდენობა,  ქვეყნისათვის ამ სფეროს მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას აჩვენებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, როგორც თანხის რაოდენობა, ასევე მისი ეფექტური  და მიზნობრივი გამოყენება. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ყოველწლიური შესრულების მონაცემები; დ.ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ბიუჯეტის ყოველწლიური შესრულების მონაცემები; დ.გ) გარემოს დაცვის სფეროში ყოველწლიური ფაქტობრივი ხარჯების (ფუნქციონალური კლასიფიკაციით) შესახებ ინფორმაცია. 8. R8. სამონადირეო მეურნეობების მართვა (კვალიფიციური პერსონალის მიერ მენეჯმენტის გეგმების საფუძველზე მართული სამონადირეო მეურნეობების რაოდენობრივი ცვლილება): ა) ინდიკატორის განმარტება  – მენეჯმენტის გეგმების საფუძველზე მართული სამონადირეო მეურნეობების რაოდენობის ცვლილება, სამონადირეო მეურნეობების საერთო რაოდენობასთან მიმართებით. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება ყოველწლიურად, აგრეთვე: სამონადირეო მეურნეობების რაოდენობის ცვლილებისთანავე (ახალი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემა, ლიცენზიის გაუქმება); სამონადირეო მეურნეობისათვის მართვის გეგმის დამტკიცებისთანავე. გ) ინდიკატორის აღწერა – სამონადირეო მეურნეობების მიზანი არა მხოლოდ ნადირობის უზრუნველყოფაა, არამედ გარეულ ცხოველთა რესურსით მდგრადი სარგებლობა, ცხოველთა და მათი საბინადრო გარემოს დაცვა და აღწარმოებაა, განსაკუთრებით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებთან მიმართებით. აღნიშნულის განხორციელების საუკეთესო ბერკეტს, სამონადირეო მეურნეობისათვის დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმა წარმოადგენს, ვინაიდან მენეჯმენტის გეგმის მიხედვით მართული სამონადირეო მეურნეობა სწორედ ბიომრავალფეროვნების, ცხოველთა სახეობების და მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და მდგრადი სარგებლობისკენაა მიმართული. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ინდიკატორის დაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების მფლობელი შესაბამისი უწყებები აწვდიან მას შემდეგ ინფორმაციას: დ.ა) სამონადირეო მეურნეობების საერთო ოდენობა (ინდიკატორის დაანგარიშების პირველ წელს); დ.ბ) სამონადირეო მეურნეობების ოდენობა, რომლებთაც დამტკიცებული აქვთ მართვის გეგმა (ინდიკატორის დაანგარიშების პირველ წელს); დ.გ) ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ (ლიცენზიის გაცმისთანავე); დ.დ) ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაუქმების შესახებ (ლიცენზიის გაუქმებისთანავე); დ.ე) ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ (მართვის გეგმის დამტკიცებისთანავე). 9. R9. ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერება (საზოგადოების ბიომრავალფეროვნებისადმი დამოკიდებულების ცვლილება): ა) ინდიკატორის განმარტება – ბიომრავალფეროვნებისა და მის დაცვისადმი საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება. ბ) ინდიკატორის დაანგარიშების პერიოდულობა – ინდიკატორის დაანგარიშება ხდება 2 წელიწადში ერთხელ. გ) ინდიკატორის აღწერა – ზოგადად გარემოს და კერძოდ ბიომრავალფეროვნების მდგომარეობასა და მისი დაცვის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების დამოკიდებულება და მათი ცნობიერების დონე. რაც უფრო მაღალია საზოგადოების განათლების ხარისხი და ცნობიერება ამ კუთხით, მით უფრო ადვილია ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშემწყობი ქმედებების განხორციელება. საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულების და ქცევის შესახებ, ინდიკატორის დაანგარიშების შედგების საფუძველზე შესაძლებელი იქნება, სათანადო ქმედებების დანერგვა ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების მიზნით. დ) ინდიკატორის დაანგარიშების მეთოდები – ინფორმაციის მოპოვება საზოგადოების სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფების  გამოკითხვების/ინტერვიუების საშუალებით.