ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 05.10.2012
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №25.11.957
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქ. თბილისის მერი გიორგი უგულავა | ქ. თბილისის მერი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №25.11.957
2012 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის, “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 91 მუხლების, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ზ1“ და „თ“ ქვეპუნქტების, ასევე 28-ე მუხლის, 321 მუხლის და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1.
განხორციელდეს ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (ს/კ 202465992) რეორგანიზაცია და მისი ორგანიზაციულ-სამართლერივი ფორმა (სსიპ) შეიცვალოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებით (შპს).
2.
განისაზღვროს შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი” ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (ს/კ 202465992) სამართალმემკვიდრედ (უფლებამონაცვლედ).
3.
შპს “სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” იურიდიულ მისამართად განისაზღვროს: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8.
4.
დამტკიცდეს შპს “სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” წესდება, დანართი 1-ის შესაბამისად.
5.
დამფუძნებლის (ქ. თბილისის მთავრობის) სახელით კომპანიის წესდებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსს.
6.
დაევალოს შპს “სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” დირექტორს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ქმედებების რეგისტრაცია შესაბამის ორგანოებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.
წინამდებარე დადგენილების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების დასრულების შემდგომ გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, უსასყიდლოდ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რიცხული შპს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" კაპიტალში წილის 100%.
8.
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა
დანართი №1
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“
წ ე ს დ ე ბ ა
ქ.თბილისი
2012წ.
1.
ზოგადი ნაწილი
1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (შემდგომში: კომპანია/საზოგადოება/საწარმო), შექმნილია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შპს-დ რეორგანიზების შედეგად დაფუძნებულ საწარმოს და არის მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე).
1.2. კომპანია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2.
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
2.1. კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.”
2.2. კომპანიის დამფუძნებელია (პარტნიორია) ქ. თბილისის მთავრობა და მისი წილი კომპანიის კაპიტალში შეადგენს 100%-ს. კომპანიის სამეურნეო საქმიანობის რეგულირებაში დამფუძნებელს (ქ. თბილისის მთავრობას) გააჩნია იგივე უფლებები, რაც „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გააჩნია პარტნიორთა კრებას.
2.3. საქართველოს კანონმდებლობით, კომპანია წარმოადგენს იურიდიულ პირს.
2.4. კომპანია კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
2.5. კომპანიის სრული დასახელებაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი”.
2.6. კომპანიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, დადგენილი წესით რეგისტრირებული ბეჭედი, საფირმო და სასაქონლო ნიშნები, ანგარიშები საფინანსო ინსტიტუტებში.
2.7. კომპანიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8.
3.
კომპანიის ქონება, კაპიტალი და მათი ფორმირება
3.1. კომპანიის შემოსავლის წყაროები და ქონება შეიძლება იყოს:
3.1.1 დამფუძნებლის მიერ კომპანისსთვის გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები;
3.1.2 საკუთარი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები;
3.1.3 ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული შემოსავლები;
3.1.4 მოზიდული სახსრები;
3.1.5 გრანტები;
3.1.6 საკონსულტაციო საქმიანობით მიღებული შემოსავლები
3.1.7 ბანკის ან სხვა კრედიტები;
3.1.8 ორგანიზაციების, მოქალაქეების, ფონდების საქველმოქმედო შენატანები და შემოწირულობანი;
3.1.9 შემოსავლისა და ქონების მიღების სხვა წყაროები, რაც არ იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით;
3.2. კაპიტალში შეტანილი ქონება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას.
3.3 საწარმოს კაპიტალი განისაზღვრება პარტნიორის მიერ შენატანის სახით კომპანიისთვის გადაცემული, საწარმოს მიერ საკუთარი სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებით შეძენილი და შექმნილი აქტივების ღირებულებასა და საწარმოს ვალდებულებებს შორის სხვაობით
3.4. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს საბრუნავი საშუალებების დაცვა, შენახვა, რაციონალური გამოყენება და ბრუნვადობის დაჩქარება.
3.5. კომპანიისთვის გადაცემული ქონების სხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებზე მიყიდვის, იჯარით გადაცემის, დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის და ბალანსიდან ჩამოწერის საკითხი წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამფუძნებელთან შეთანხმებით. კომპანიის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების პრივატიზაცია შეიძლება მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი ორგანოების მიერ.
3.6. კომპანია კანონმდებლობით და დამფუძნებლის მიერ დადგენილი წესით იყენებს საამორტიზაციო ანარიცხებს და მოგებას.
4.
კომპანიის უფლებები და მოვალეობები
4.1. მოცემული წესდებით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას კომპანიას უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება და განახორციელოს ყოველგვარი სამეურნეო, კომერციული და სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესდებას და მოქმედ კანონმდებლობას.
4.2. კომპანია უფლებამოსილია:
4.2.1 დადგენილი წესით აწარმოოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც ეხება კომპანიის ინტერესებს.
4.2.2 დამოუკიდებლად განსაზღვროს და აწარმოოს კანონით ნებადართული საქმიანობა თავისი პროფილის მიხედვით. კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადი საქმიანობის პარალელურად კომპანიას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და დამფუძნებელთან შეთანხმებით განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას.
4.2.3 დადგენილი წესით და დამფუძნებლის თანხმობით წევრის სახით შევიდეს ნებაყოფლობით გაერთიანებებში (ასოციაციებში) ერთობლივი სამუშაოების ჩატარების ან დაფინანსების მიზნით.
4.2.4 საკუთარი სახელით დადოს და განახორციელოს სამეურნეო გარიგებანი, რომელთა ღირებულება ცალ-ცალკე ან მთლიანად არ აღემატება კომპანიის კაპიტალის 10%-ს. კომპანიის კაპიტალის 10%-ზე ზევით ღირებულების სამეურნეო გარიგებების დადებაზე საჭიროა დამფუძნებლის წერილობითი თანხმობა;
4.2.5 დადგენილი წესით და დამფუძნებლის თანხმობით აიღოს ან/და გასცეს სესხები ბანკის ან/და სხვა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებიდან ან/და სხვა სახის ორგანიზაციებისგან და ფიზიკური პირებისგან
4.2.6 დადგენილი წესით და დამფუძნებლის თანხმობით შეიძინოს, გაასხვისოს და განკარგოს ქონება, მათ შორის სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები;
4.2.7 დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და ამოცანების შესრულებასთან;
4.3. კომპანია ვალდებულია:
4.3.1 დაიცვას სანიტარიული რეჟიმი.
4.3.2 შეასრულოს სახელმწიფო შეკვეთები.
4.3.3 თავისი საქმიანობა წარმართოს თავისი წესდების პირობების დაცვით.
4.3.4 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
4.4. კომპანიის უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. მათი დაუცველობის ან დარღვევის შემთხვევაში საზოგადოება უფლებამოსიალია მიმართოს სასამართლოს.
5.
საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები
5.1. კომპანიის საქმიანობის მიზანია. მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობის შედეგად, მოგების მიღება.
5.2. კომპანიის საქმიანობა ატარებს დამოუკიდებელ და ორგანიზებულ ხასიათს.
5.3. კომპანიის საქმიანობის საგანია:
5.3.1 არსებული ლიცენზიის შესაბამისად მოსახლეობისათვის სასწრაფო და გადაუდებელი პირველადი პრეჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების გაწევა;
5.3.2 მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მეთოდებისა და პირობების სრულყოფა, საქართველოში გამოყენებული ნებადართული სამკურნალო მეთოდებისა და სამკურნალო წამლების საშუალებების ფარგლებში;
5.3.3 მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5.4. ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი და ითხოვს სპეციალურ ნებართვას, კომპანიას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ამდაგვარი სპეციალური ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება კომპანიას წარმოეშვება სპეციალური ნებართვის მიღების მომენტიდან.
6.
კომპანიის სამეურნეო საქმიანობა
6.1. კომპანია სამეურნეო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით.
6.2. საკუთარი პროდუქციის, შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების ფასებისა და ტარიფების, ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, კომპანია ადგენს დამფუძნებელთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
6.2.1ფასები და ტარიფები, რომელიც რეგულირდება სახელმწიფო თუ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ, სავალდებულოა საწარმოსათვის.
6.3. ბიუჯეტთან ურთიერთობას კომპანია ახორციელებს დამოუკიდებლად.
6.4. მიმდინარე სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს კომპანია წყვეტს დამოუკიდებლად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
6.5. გარეშე ორგანიზაციებთან მომსახურების ფასები და ტარიფები რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.
7.
კომპანიის პერსონალი
7.1. კომპანიის პერსონალის მიღება და მათი საქმიანობა ხორციელდება მათთან დადებული კოლექტიური ან ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე.
7.2. შრომითი ხელშეკრულებები სრულიად უნდა ითვალისწინებდეს შრომის და სამოქალაქო კანონმდებლობის მოქმედ ნორმებს.
7.3. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს თავისი მუშაკების სოციალური დაცვა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
8.
მართვა
8.1 კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, წინამდებარე წესდებითა და პარტნიორის მიერ განსაზღვრული წესით, ახორციელებს დირექტორი.
8.2 დირექტორს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომპანიის პარტნიორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
8.3 დირექტორის (დირექტორის მოადგილეების) კომპეტენციის სფეროებს განსაზღვრავს პარტნიორი. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.
8.4 დირექტორთან ხელშეკრულებას დებს კომპანიის პარტნიორი, ხოლო დირექტორის მოადგილეებთან დირექტორი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს, მხარეთა ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
8.5 დირექტორისა და დირექტორის მოადგილეთა უფლება-მოვალეობები, გადაწყვეტილებების მიღების წესი, პროცედურა და სხვა მმართველობითი საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
8.6 კომპანიის დირექტორი ვალდებულია ახალი სამეურნეო წლის დასაწყისიდან პირველი სამი თვის განმავლობაში შეადგინოს და პარტნიორს წარუდგინოს გასული სამეურნეო წლის ბალანსი, ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ, წლიური ანგარიში, ასევე საქმიანობის ანგარიში და დასკვნითი ანგარიში.
8.7 პარტნიორის თანხმობის გარეშე, დირექტორსა და დირექტორის მოადგილებს არა აქვთ უფლება, განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა კომპანია, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, (ინტერესთა კონფლიქტი). ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორისთვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვია;
8.8 თუ დირექტორისა და დირექტორის მოადგილების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას კომპანიას მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ საზოგადოებიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი.
8.9 კომპანიის ხელმძღვანელობას დამფუძნებლის წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვს, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენოს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საკუთარი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო.
8.10 თუ დირექტორი ან დირექტორის მოადგილეები არ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ კომპანიას მიყენებული ზარალი.
9.
წლიური შედეგები
9.1. წლიური შედეგები აისახება კომპანიის ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება დამფუძნებელს საფინანსო პერიოდის შედეგების მიხედვით.
9.2. მოგების განაწილება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა ან/და დამფუძნებლის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად.
10.
აღრიცხვა და ანგარიშგება
10.1. საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას კომპანია ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით.
10.2. სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს და გრძელდება 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე.
11.
საწარმო საქმიანობის კონტროლი
11.1. კომპანიის საქმიანობის კონტროლს პარტნიორი (დამფუძნებელი) ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
11.2. წლიური ანგარიშის შესამოწმებლად დამფუძნებელი ნიშნავს საწარმოსაგან ეკონომიკურად და სამართლებრივად დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც საწარმო საქმიანობას აკონტროლებს კანონით განსაზღვრული წესით.
12.
პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა
12.1 კომპანია თავის ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.2 დავა კომპანიასა და კომპანიაში დასაქმებულს შორის წყდება მოქმედი შრომისა და სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.
12.3 კომპანიის დირექტორატისა და ადმინისტარაციის მუშაკების პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13.
საწარმო საქმიანობის შეწყვეტა
13.1. კომპანიის საქმიანობის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს:
ა. რეორგანიზაციით (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა ნატურით).
ბ. ლიკვიდაციით.
13.2. კომპანიის ლიკვიდაცია ხორციელდება მთავრობის ან სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით.
დამფუძნებლის სახელით დავით ჭედია.