ოქმი „საქართველოსა და ჰონდურასის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
მიღების თარიღი 09.03.2011
ძალაში შესვლა 09.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №151/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2012
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი „საქართველოსა და ჰონდურასის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
ოქმი `საქართველოსა და ჰონდურასის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველო და ჰონდურასის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, მიიღეს გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების თაობაზე.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოსა და ჰონდურასის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, შეთანხმდნენ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები განავითარონ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების ურღვეობის, სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის და თვითგამორკვევის პრინციპების საფუძველზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარონ 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის საფუძველზე.
ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 9 მარტს, ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ოქმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
მისი უდიდებულესობა ბატონი
ალექსანდრე ლომაია
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან
ჰონდურასის რესპუბლიკის სახელით
მისი უდიდებულესობა ქალბატონი
მერი ელისაბედ ფლორესი
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰონდურასის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან