საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაიანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 26.09.2012
ძალაში შესვლა 26.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №174/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაიანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაიანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაიანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი),
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით;
ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას;
სურვილი აქვთ რა გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის,
მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას:
მუხლი 1🔗
მხარეები ურთიერთშეთანხმებით ჩაატარებენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში.
შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს, კერძოდ:
ა) პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ორმხრივი რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ფარგლებში საერთო ინტერესის საკითხებს;
გ) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.
მუხლი 2🔗
შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება მხარეთა სახელმწიფოებში.
მხარეები წინასწარ განსაზღვრავენ დელეგაციების დონეს, ასევე შეხვედრების/კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს.
მუხლი 3🔗
მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით.
მუხლი 4🔗
მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, თავიანთ ორი სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში, ყველა მეგობარ ქვეყანასთან ერთად, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 5🔗
მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მეგობრულად კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 6🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 7🔗
რომელიმე მხარის მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტა გავლენას არ ახდენს საქართველოსა და გაიანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე ან სხვა რაიმე სასარგებლო ღონისძიებებსა და პროგრამებზე, რომელიც შესაძლოა ინიციირებულ იქნეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.
მუხლი 8🔗
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად განახლდება შემდგომი ხუთ (5)-წლიანი პერიოდებით, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ან თუ რომელიმე მხარე არ შეუწყვეტს მოქმედებას, როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული.
თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 26 სექტემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
მისი აღმატებულება გრიგოლ ვაშაძე
საგარეო საქმეთა მინისტრი
----------------------------
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
მისი აღმატებულება კაროლინ როდრიგეს ბირკეტი
საგარეო საქმეთა მინისტრი
-----------------------------
გაიანის რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით