საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი
მიღების თარიღი 12.09.2012
ძალაში შესვლა 12.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №171/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ___________________________ | ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ___________________________ |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,
ესწრაფვიან რა, ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,
სურთ რა, გაეროს წესდების შესაბამისად, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის გაეროს წესდების შესაბამისად,
და
მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 2🔗
მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე მინისტრების ან სხვა დონეზე.
მუხლი 3🔗
მხარეები წინასწარ, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, შეათანხმებენ კონსულტაციების ხელმძღვანელობის დონეს, აგრეთვე ამ კონსულტაციების დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.
მუხლი 4🔗
კერძოდ, კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ. რეგიონალური, საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს;
გ. საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარეა.
მუხლი 5🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.
მუხლი 6🔗
მხარეები შექმნიან პირობებს უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის სტაჟიორთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის გზით.
მუხლი 7🔗
მხარეებს შორის ამ ოქმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკების გზით.
მუხლი 8🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ოქმში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ოქმი შედის ძალაში. ზემოხსენებული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 9🔗
ორივე მხარემ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უნდა გამოიყენოს ეს ოქმი ორივე ქვეყანაში. ეს ოქმი არ უნდა აყენებდეს ზიანს ორივე ქვეყნის მიერ დადებული ორმხრივი შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
მუხლი 10🔗
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარე მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების საშუალებით არ შეატყობინებს მეორე მხარეს, თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს ოქმის მოქმედება.
შესრულებულია ქ. თბილისში 2012 წლის 12 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს სახელით
___________________________
ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
___________________________