საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 09.07.2012
ძალაში შესვლა 21.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით
ნომერი №5/15
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით | მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,
ითვალისწინებენ რა საბაჟო გადასახდელებისა და გადასახადების ზუსტად განსაზღვრისა და საბაჟო სამსახურების მიერ ზოგიერთ საქონელთან დაკავშირებით აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის ზომების სათანადოდ გატარების მნიშვნელობას;
ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები ზიანს აყენებს ხელშემკვრელი მხარეების ქვეყნების უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ, კომერციულ, ფისკალურ, სოციალურ, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
აღიარებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას თავიანთი საბაჟო კანონმდებლობების გამოყენებასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში;
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება მათ საბაჟო სამსახურებს შორის ორმხრივად შეთანხმებულ სამართლებრივ დებულებებზე დამყარებული მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში;
მხედველობაში იღებენ რა გაერთიანებული ერების 1948 წლის "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას",
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
a) "საბაჟო სამსახური" ნიშნავს:
- საქართველოს მთავრობისათვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
- მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობისათვის: მოლდოვას რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურს.
b) "საბაჟო მოთხოვნა" ნიშნავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერი ოდენობის საბაჟო გადასახდელებს და გადასახადებს, რომელთა გადახდევინება ვერ ხერხდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში;
c) "საბაჟო გადასახდელები და გადასახადები" ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბაჟო კანონმდებლობაში გამოყენებულ და დაწესებულ გადასახდელებს, გადასახადებს ან ნებისმიერ სხვა საფასურს, გარდა გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელებისა;
d) "საბაჟო კანონმდებლობა" ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის, საბაჟო სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს, რომლებსაც თითოეული საბაჟო სამსახური იყენებს საქონლის შემოტანასთან, გატანასთან, გადატვირთვასთან, ტრანზიტთან, დასაწყობებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ სამართლებრივი აქტების ჩათვლით, რომლებიც არეგულირებენ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას, ასევე ფულის გათეთრებასთან ბრძოლას;
e) "საბაჟო წესების დარღვევა" ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;
f) "ინფორმაცია" ნიშნავს ნებისმიერ დამუშავებულ მონაცემს ან პირველად ინფორმაციას, აგრეთვე დოკუმენტებს, ანგარიშებს და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის, მათ ელექტრონულ ვერსიებს ან დამოწმებულ ასლებს;
g) "საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელი" ნიშნავს ყველა იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან წარმოშობის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე;
h) "მოხელე" ნიშნავს ერთ-ერთი საბაჟო ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილ საბაჟო სამსახურის თანამშრომელს ან სხვა საჯარო მოსამსახურეს;
i) "პირი" ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, თუ კონტექსტი სხვანაირად არ მოითხოვს;
j) "პერსონალური მონაცემები" ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს;
k) "თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური" ნიშნავს საბაჟო სამსახურს, რომელიც წარადგენს თხოვნას დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
l) "თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური" ნიშნავს საბაჟო სამსახურს, რომელსაც მიმართეს თხოვნით დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
m) "თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე" ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის საბაჟო სამსახურიც წარადგენს თხოვნას დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
n) "თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე" ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის საბაჟო სამსახურსაც მიმართეს თხოვნით დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
მუხლი 2🔗
შეთანხმების გავრცელების სფერო
1. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი საბაჟო სამსახურების მონაწილეობით და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ დახმარებას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენებისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიებისა და აღკვეთის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების განხორციელებისას საზღვარზე საქონლის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ დახმარებას თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და საბაჟო სამსახურების კომპეტენციისა და რესურსების ფარგლებში.
3. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. თუ ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ორგანოს მიერ, თხოვნის მიმღებმა საბაჟო სამსახურმა უნდა მიუთითოს ამ ორგანოსა და, თუ ცნობილია, შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახებ.
4. ამ შეთანხმების დებულებები არ აძლევს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის პირს უფლებას შეზღუდოს დახმარების აღმოჩენის თაობაზე თხოვნის შესრულება.
მუხლი 3🔗
ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების და აღსრულების თაობაზე
1. საბაჟო სამსახურებს მიღებული თხოვნის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით შეუძლიათ ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებასა და საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების აღკვეთას, გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელის მოქმედებისას საქონლის გადაადგილების უსაფრთხოებას. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს შემდეგ მონაცემებს:
a) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ;
b) საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით იმ ახალი საშუალებების გამოყენების შესახებ, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა;
c) საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების ახალი ტენდენციების, საშუალებების ან მეთოდების შესახებ;
d) იმ საქონლის შესახებ, რომელიც წარმოადგენს საბაჟო წესების დარღვევის ობიექტს, ასევე ასეთი საქონლის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით გამოყენებული მეთოდების შესახებ;
e) იმ პირების შესახებ, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო წესების დარღვევა ან ეჭვმიტანილები არიან საბაჟო წესების დარღვევის მცდელობაში;
f) ნებისმიერი სხვა მონაცემისა და სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ, რომელიც დახმარებას გაუწევს მხარეთა საბაჟო სამსახურებს რისკის შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში.
2. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:
a) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი კანონიერად არის თუ არა გატანილი თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან;
b) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი კანონიერად არის თუ არა შემოტანილი თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ასევე, იმ საბაჟო პროცედურების შესახებ, რომლებიც ვრცელდება საქონელზე.
მუხლი 4🔗
საბაჟო გადასახდელების და გადასახადების განსაზღვრასთან
დაკავშირებული ინფორმაცია
1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური, ამ შეთანხმების მე-20 მუხლის დებულებების დაურღვევლად, საბაჟო კანონმდებლობის ზუსტად აღსრულებისა და საბაჟო დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს აწვდის ინფორმაციას, თუ ამ უკანასკნელს წარმოეშვა ეჭვი საბაჟო დეკლარაციის გაყალბებასთან ან მის სწორად შევსებასთან დაკავშირებით.
2. თხოვნა უნდა შეიცავდეს თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მიერ განხორციელებული ან ნაცადი პროცედურების ჩამონათვალს და მოთხოვნილი ინფორმაციის სპეციფიკას.
მუხლი 5🔗
საბაჟო წესების დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია
ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახური თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს მიაწვდის ინფორმაციას ისეთი დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციების შესახებ, რომლებიც ბადებენ საფუძვლიან ეჭვს, რომ განხორციელდა ან განხორციელდება საბაჟო წესების დარღვევა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗
ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა
საბაჟო სამსახურებს, ამ შეთანხმების 22-ე მუხლით განსაზღვრული ურთიერთშეთანხმების შესაბამისად, შუძლიათ გაცვალონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ავტომატურ რეჟიმში.
მუხლი 7🔗
ინფორმაციის წინასწარ გაცვლა
საბაჟო სამსახურებს, ამ შეთანხმების 22-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთშეთანხმების შესაბამისად, შეუძლიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქონლის პარტიის შეტანამდე წინასწარ გაცვალონ ცალკეული სახის ინფორმაცია.
მუხლი 8🔗
შეტყობინება
1. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას, რათა იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აცნობოს ამ პირთან დაკავშირებით თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მიერ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.
2. შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 9🔗
დახმარების გაწევა საბაჟო მოთხოვნის
შესრულების მიზნით
1. თხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახურები ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას საბაჟო მოთხოვნის შესრულებაში, თუ ხელშემკვრელ მხარეებს მოთხოვნის მომენტში გატარებული აქვთ ყველა საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
2. საბაჟო მოთხოვნის შესრულების მიზნით დახმარების გაწევა განხორციელდება ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ზედამხედველობა და ინფორმაციის მიწოდება
1. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური განახორციელებს ზედამხედველობას და თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ ტვირთს, რომელიც გამოყენებული იქნა, ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა, ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
c) შენობებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო წესების დარღვევაში თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან.
2. საბაჟო სამსახურებს შეუძლიათ ასეთი ზედამხედველობა საკუთარი ინიციატივით განახორციელონ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციები შეიცავენ საბაჟო წესების დარღვევას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 11🔗
კონტროლირებადი მიწოდება
საბაჟო სამსახურებს შეუძლიათ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და მათი კონტროლით, ნებართვა გასცენ თავიანთ სახელმწიფოების ტერიტორიებზე უკანონო ან საეჭვო ტვირთის გადაადგილებაზე, ტერიტორიაზე შეტანაზე ან ტერიტორიიდან გატანაზე ან ტრანზიტად გადაადგილებაზე, თუ ეს ემსახურება საბაჟო წესების დარღვევის გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. თუ ასეთი ნებართვის გაცემა არ შედის საბაჟო სამსახურის კომპეტენციაში, მაშინ ეს სამსახური თანამშრომლობის მიზნით მიმართავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოებს, ან საქმეს გადასცემს ასეთ ორგანოს ან ორგანოებს.
მუხლი 12🔗
ექსპერტები და მოწმეები
თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს შეუძლია თავის მოხელეებს ნება დართოს ექსპერტების ან მოწმეების სახით მონაწილეობა მიიღონ თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბაჟო წესების დარღვევებთან დაკავშირებული საქმეების სასამართლოში ან არბიტრაჟში განხილვის დროს.
მუხლი 13🔗
თხოვნის გადაცემა
1. ამ შეთანხმების ფარგლებში თხოვნა, დახმარების აღმოჩენის თაობაზე, გადაეცემა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. თხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინგლისურ ენაზე და თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი თხოვნის წერილობითი დადასტურება. გარკვეულ გარემოებებში, თხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ასეთი თხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით, ან თუ მისაღებია ორივე საბაჟო სამსახურისათვის, ელექტრონული საშუალებებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
a) თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის სახელწოდება;
b) თხოვნის შინაარსი, დახმარების ფორმა და თხოვნის მიზეზი;
c) განსახილველი საქმისა და მისი სამართლებრივი კომპონენტების მოკლე მიმოხილვა;
d) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ თხოვნა, თუ ცნობილია მათი ვინაობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური ითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდის გამოყენებას, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური შეასრულებს ასეთ თხოვნას თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ინფორმაციის ორიგინალი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმ შემთხვევებში, როდესაც ასლები არ არის საკმარისი და დაბრუნებული იქნება შესაძლებლობისთანავე. თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის ან მესამე მხარის უფლებები დარჩება ხელშეუხებელი.
მუხლი 14🔗
ინფორმაციის მოპოვების საშუალებები
1. თუ თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა დაიწყოს ამ ინფორმაციის მოძიება.
2. თუ თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური არ წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია დაიწყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, მას შეუძლია მიუთითოს შესაბამის ორგანოზე და ამ ორგანოს შესასრულებლად გადაუგზავნოს თხოვნა.
მუხლი 15🔗
მოხელეთა ყოფნა მეორე ხელშემკვრელი
მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე
თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მიერ სპეციალურად დანიშნულ მოხელეებს, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის ნებართვით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო წესების დარღვევაზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით შეუძლიათ:
a) თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის ოფისებში გაეცნონ დოკუმენტებსა და საბაჟო წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას და გადაიღონ მათი ასლები;
b) დაესწრონ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ იმ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესს, რომლებიც შედიან თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის ინტერესებში.
მუხლი 16🔗
თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მოხელეთა
ყოფნა თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიწვევით
1. როდესაც თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური მიზანშეწონილად ან აუცილებლად მიიჩნევს თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის დასწრებას დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების ჩატარების დროს, მან აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს და მიიწვიოს მისი წარმომადგენელი. ამგვარი მონაწილეობა ექვემდებარება თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ დადგენილ პირობებსა და წესებს.
2. საბაჟო სამსახურებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად გაზარდონ მიწვეული წარმომადგენლის ფუნქცია, კერძოდ, საკონსულტაციო ფუნქცია.
მუხლი 17🔗
დებულებები მიწვეული მოხელეებისათვის
1. როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოხელეები ამ შეთანხმების დებულებების თანახმად იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.
2. თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მიერ დანიშნულ მოხელეებს, რომლებიც ამ შეთანხმების მე-15 და მე-16 მუხლების თანახმად იმყოფებიან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ამ შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისად.
3. თხოვნის მიმღები ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს ისინი ისარგებლებენ ისეთივე დაცვის უფლებით, როგორიც გააჩნიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურების მოხელეებს და პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იმ ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, სადაც ისინი არიან მიწვეულნი.
მუხლი 18🔗
ინფორმაციის გამოყენება
1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების საბაჟო სამსახურების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი საბაჟო სამსახური ამ ინფორმაციის გამოყენების თაობაზე უფლებამოსილებას გადასცემს სხვა ორგანოებს.
2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად და ისარგებლებს იგივე დონის კონფიდენციალურობითა და დაცვით, როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის მიერაც ეს ინფორმაცია იქნა მიღებული.
მუხლი 19🔗
პერსონალური მონაცემების დაცვა
1. ამ შეთანხმების საფუძველზე პერსონალური მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემებს ექნებათ დაცვის ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. თხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახური, რომელიც იღებს პერსონალურ მონაცემებს, ამ მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურს აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ.
3. ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია თხოვნის შესრულების მიზნებისათვის.
4. პერსონალური მონაცემების გადამცემი საბაჟო სამსახური შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ ასეთი მონაცემები იყოს კანონიერად შეგროვებული და ზუსტი, გადაცემის მომენტისთვის განახლებული და არ აჭარბებდეს იმ მიზნებს, რისთვისაც იგი იქნა წარდგენილი.
5. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არასწორია ან მისი გაცვლა არ შეიძლებოდა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. ის საბაჟო სამსახური, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, გამოცვლის ან გააუქმებს მათ.
6. საბაჟო სამსახურები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების გადაცემის და მიღების რეგისტრაციას.
7. საბაჟო სამსახურები მიიღებენ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, შეცვლის ან გავრცელებისაგან.
მუხლი 20🔗
გამონაკლისები
1. თუ ამ შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილი თხოვნა დახმარების თაობაზე არღვევს ან ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო პოლიტიკას ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს ან ზიანს აყენებს კანონიერ კომერციულ ან პროფესიულ ინტერესებს, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე, ან სიტუაციიდან გამომდინარე, დახმარება შეზღუდოს გარკვეული პირობებით.
2. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სამართალწარმოებას ან სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურთან, რათა განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
3. დახმარებაზე უარის თქმის ან მისი გადავადების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შესაბამისი მიზეზების შეტყობინება თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურისათვის.
მუხლი 21🔗
ხარჯები
1. ამ შეთანხმების მე-2 და მე-3 პუნქტების პირობების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები უარს აცხადებენ ამ შეთანხმების გამოყენების დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნისგან.
2. ექსპერტებისა და მოწმეების ხარჯებსა და დანამატებს, ასევე, თარჯიმანთა მომსახურების საფასურს, საჯარო მოსამსახურეთა გარდა, გაიღებს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე.
3. თუ თხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებს, ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომელთა საფუძველზე მოხდება თხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევა.
მუხლი 22🔗
შეთანხმების შესრულება და გამოყენება
საბაჟო სამსახურები, ერთობლივად შეიმუშავებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ შეთანხმების გამოყენებას.
მუხლი 23🔗
ტერიტორიული მოქმედების ფარგლები
ამ შეთანხმების მოქმედება ვრცელდება ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც ეს განსაზღვრულია მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
მუხლი 24🔗
დავების მოგვარება
1. საბაჟო სამსახურები შეეცდებიან ამ შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა ან სხვა პრობლემები მოაგვარონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახურები ვერ შეძლებენ შეთანხმებას, დავა უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 25🔗
კონსულტაციები
თითოეულ ხელმშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება ამ შეთანხმების შესრულების, გამოყენების, მისი შესწორების ან ამ შეთანხმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 26🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომლებიც გაფორმდება ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 27🔗
ძალაში შესვლა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
მუხლი 28🔗
მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ. შეთანხმების მოქმედება შეწყდება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში მიმდინარე პროცედურები უნდა დასრულდეს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2012 წლის 9 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, მოლდოვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით