„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№895
სარეგისტრაციო კოდი
080.040.030.05.001.003.436
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 30/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:

    ,,მუხლი 331. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ, აგრეთვე მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო სასჯელის მოხდის ადგილის უფლებამოსილ წარმომადგენელთან (ორგანოსთან) ერთად უზრუნველყოფს შესაბამისი აქტის შედგენას, რომლითაც დასტურდება მსჯავრდებულის გამოცხადება სასჯელის მოხდის ადგილზე.

2. სასამართლო განსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსს, აგრეთვე სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს.

3. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისას შესრულებული სამუშაოს სახისა და მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს სასჯელის მოხდის ადგილის უფლებამოსილი წარმომადგენელი (ორგანო).

4. მსჯავრდებული სარგებლობს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული უფლებებით და ასრულებს იმავე კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრულ მოვალეობებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების თავისებურებათა გათვალისწინებით.

5. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, სასჯელის მოხდის ადგილზე მისვლით აკონტროლებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მდგომარეობის შეფასების შედეგები შეაქვს ოქმში.

6. მსჯავრდებულს კვებით, ტანსაცმლით, სამედიცინო დახმარებით და მომსახურებით, აგრეთვე სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული მუდმივად იმყოფება სასჯელის მოხდის ადგილზე და სასჯელის მოხდის ადგილის ადმინისტრაცია არ არის უზრუნველყოფილი სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№895–რს