საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №430
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.017107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2012 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილება შეაქვს
1691760 19.10.2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი | პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)
- „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2012 წლის 22 ივნისის №6545 საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად
- ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი
- ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საქართველოს კანონი
- სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს საზღვაო კოდექსი საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების
დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №430
2012 წლის 19 ოქტომბერი
ქ.თბილისი
საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების
დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2012 წლის 22 ივნისის №6545 საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მერაბიშვილი
საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში
ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა
და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის
წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
მიზანი
საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესი და პირობები განსაზღვრავს დამატებით პირობებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 3🔗.
ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზიის გაცემა, გაცემის თაობაზე უარის თქმა წარმოებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად. ლიცენზია გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, კანონის VII თავით დადგენილი წესით.
2. ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს თანდართული საბუთების ნუსხას.
3. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. ლიცენზიის მაძიებელი, განცხადების დადგენილი წესით წარდგენისას, ვალდებულია, დამატებით წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მეშვეობით მომზადებული ბათიმეტრიული მონაცემების რუკა, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტის კონტურის კოორდინატები და ფართობი.
4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
5. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. თუ ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს ლიცენზიის მიღებას და იმავე ლიცენზირებული საქმიანობის სფეროში აქვს ლიცენზია, სააგენტო უფლებამოსილია, აღარ გამოიკვლიოს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში.
8. თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს სააგენტოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ.
მუხლი 4🔗.
ლიცენზიის გაცემის/გაუქმების წესი და პირობები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობა: იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელმა სრულად ამოიღო სალიცენზიო ობიექტი, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
3. ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარის თქმის საფუძვლები
სააგენტო არ გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;
ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.
მუხლი 6🔗.
საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარის თქმის გასაჩივრება
სააგენტოს გადაწყვეტილება საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები
სააგენტო:
ა) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;
ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;
გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.
მუხლი 8🔗.
სალიცენზიო მოწმობის ფორმა
სალიცენზიო მოწმობის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
მუხლი 9🔗.
დამატებითი მოთხოვნები
1. განცხადებით გათვალისწინებული სალიცენზიო ობიექტის საქართველოს ნავსადგურის აკვატორიაში მოხვედრისას, ლიცენზიის მაძიებელმა აუცილებლად უნდა წარადგინოს შესაბამისი ნავსადგურის თანხმობა.
2. ადამიანის სიცოცხლის, ნაოსნობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვაო ნავსადგურს უფლება აქვს დასაბუთებული უარი განაცხადოს ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების ამოღების თაობაზე, რის შემდეგაც სააგენტო, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გადაწყვეტს გააგრძელოს თუ არა სალიცენზიო განცხადების განხილვა.
3. ნავსადგურის დასაბუთებული უარი ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების ამოღების თაობაზე არის განცხადების განხილვის შეჩერების საფუძველი, საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.
მუხლი 10🔗.
საზღვაო ნავსადგურის მიერ ჩაძირული ქონების ამოღება
1. ნავსადგურის მიერ ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების ამოღებისას, როდესაც ასეთი ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობის უსაფრთხოებას და/ან ამან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, აფერხებს ნავსადგურის აკვატორიაში კომერციულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, ჩაძირული ქონება არის თუ არა სახელმწიფო საკუთრებაში, ნავსადგური უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე აწარმოოს ქონების ამოღება საკუთარი ხარჯებით და გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოახდინოს ამოღებული ქონების რეალიზაციის საფუძველზე.
2. ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს ნავსადგურში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე სარემონტო სამუშაოების წარმოებისას შემთხვევით ჩაიძირა ნავსადგურის აკვატორიაში. ასეთი ქონების ამოღებასა და რეალიზაციას აწარმოებს უშუალოდ ნავსადგური, საკუთარი ხარჯებით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოების არსებობისას, თუ ქონების რეალიზაციის ფასი სრულად დაფარავს ჩაძირული ქონების ამოღების ხარჯებს და რეალიზაციის შედეგად დარჩება თანხის მეტობა, ნავსადგური ვალდებულია აღნიშნული თანხა გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 11🔗.
გარდამავალი დებულება
1. ლიცენზიატის მიერ ამოღებული ქონება გადადის მის საკუთრებაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული წესის დაცვით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული პირობებით.