საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2012
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1872
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვერა ქობალია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/1872
2012 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ”ს” ქვეპუნქტისა და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 27 აპრილის №1-1/1073 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივერა ქობალია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
სამინისტრო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით - პრაქტიკანტთა მიღებას.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას;
ბ)
პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად პრაქტიკას;
გ)
კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა ან სტაჟირება სამინისტროში და წარმოდგენილი აქვს პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის შესახებ ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;
დ)
სტუდენტი - პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში.
მუხლი 4🔗
პრაქტიკანტთა/სტაჟიორთა რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში არ უნდა აღემატებოდეს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა 1/3-ს.
მუხლი 5🔗
სტაჟირებისა და პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 6 თვემდე ვადით.
თავი II
პრაქტიკანტად მიღება
მუხლი 6🔗
1.
პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური მიღწევა შეფასებულია როგორც ,,ფრიადი” ან ,, ძალიან კარგი’’ ან ბოლო სემესტრული ქულების ჯამური მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკული უტოლდება ან აღემატება 75 ქულას.
2.
შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატი დაშვებული იქნება პრაქტიკაზე.
მუხლი 7🔗
კანდიდატმა სამინისტროში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)
ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ)
სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკის ასლი ან/და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ;
დ)
CurriculumVitae.
მუხლი 8🔗
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 9🔗
სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში პრაქტიკანტის გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე.
თავი III
სტაჟიორად მიღება
მუხლი 10🔗
1.
სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 27 წლის ასაკამდე.
2.
სამინისტროში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტარდება შემდეგ ეტაპებად: საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება ან/და გასაუბრება.
3.
კონკურსის გამოცხადება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4.
კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი;
ბ)
კონკურსის თემატიკა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის ეტაპების გავლის პირობები;
გ)
ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების ელექტრონული მისამართისა და დროის შესახებ;
5.
კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი №1);
6.
კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს პირველ ეტაპს.
მუხლი 11🔗
1.
სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
2.
კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, წევრებისა და მდივნისაგან.
3.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4.
გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის მდივანს არა აქვს ხმის მიცემის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5.
კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი.
მუხლი 12🔗
1.
კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟიორად დასანიშნად.
2.
კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.
3.
გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმას გასაუბრების და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით.
4.
კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება.
5.
ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე მინისტრს წარუდგენს იმ სტაჟირების კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები.
მუხლი 13🔗
ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტაჟიორის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, კომისიის წარდგინებით, მინისტრი ნიშნავს სტაჟიორებად.
მუხლი 14🔗
1.
კანდიდატმა სამინისტროში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა)
დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ბ)
CurriculumVitae.
2.
კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)
ერთი ფოტოსურათი (3X4).
თავი IV
სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის დადასტურება
მუხლი 15🔗
1.
სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს წარუდგინოს სტაჟიორის შეფასება (დანართი №2), რის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას (დანართი №3).
2.
სამინისტრო აძლევს პრაქტიკანტს მოწმობას (დანართი №4) პრაქტიკის გავლის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დასაბუთებულ წერილობით უარს აცხადებს პრაქტიკანტის მიერ პრაქტიკის წარმატებით გავლის თაობაზე.
თავი V
სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 16🔗
სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა)
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;
გ)
უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ)
ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.
მუხლი 17🔗
სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა)
გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ)
დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას/პრაქტიკას;
გ)
დროულად გამოცხადდეს სტაჟირების/პრაქტიკის გავლის ადგილას. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;
დ)
დაიცვას სამინისტროში დაცული და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
თავი VI
სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 18🔗
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 19🔗
1.
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს/პრაქტიკანტს განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია, აკონტროლოს მათი შესრულება და შეაფასოს სტაჟიორი.
2.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პრაქტიკანტს აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
თავი VII
სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 20🔗
1.
სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა)
სტაჟირების ან პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ)
დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ)
პირადი განცხადება;
დ)
ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ე)
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2.
სტაჟირების და პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
3.
გადაწყვეტილება სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 21🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი ან პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება და პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.
მუხლი 22🔗
სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, რომელსაც სტაჟირების ან პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროში განმეორებით სტაჟირებაზე ან პრაქტიკაზე არ დაიშვება.
მუხლი 23🔗
სტაჟირებას და პრაქტიკას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირებისა და პრაქტიკის საკითხებზე წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს.