განჩინება შპს ”ხოხობი”-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11647-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2012 წლის  17 ოქტომბერი          

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ხოხობი” (ს/კ 202239620)

წარმომადგენელი: თამაზი კაპანაძე (დირექტორი)

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ხოხობის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 7 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „ხოხობის” დირექტორმა თამაზი კაპანაძემ და ითხოვა შპს „ხოხობის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადების ავტორის განმარტებით, შპს „ხოხობს” აქვს დავალიანება 2 (ორი) პირის მიმართ, მათგან ერთ-ერთია მოვალის დირექტორი თამაზ კაპანაძე და მისი მოთხოვნის ოდენობა 3250 ლარია, ხოლო მეორეა მერაბ ყუფუნია და მისი მოთხოვნის ოდენობა 980862 ლარს შეადგენს, ჯამში შპს „ხოხობის” შეუსრულებელ ვალდებულებათა ოდენობაა 984112 ლარი. განცხადების ავტორის მტკიცებით, შპს „ხოხობს” არ აქვს მოძრავ-უძრავი ქონება და არც ფულადი სახსრები. შპს „ხოხობი” არის გადახდისუუნარო, მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, მას შეწყვეტილი აქვს ვალების გადახდა, წარმოების პროცესი და საზოგადოება ამჟამად რაიმე სახის შემოსავალს არ იღებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”ხოხობს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის შპს „ხოხობის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 12 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის.

საქმეში არსებული სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ შპს ,,ხოხობის” კრედიტორს მერაბ ყუფუნიას, ტელეფონის ნომერზე 577 57 28 88, ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინების თაობაზე. კერძოდ ეცნობა, რომ აღნიშნული განჩინებით შპს ,,ხოხობს” უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან განემარტა, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს ,,ხოხობის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ,,ხოხობი” გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს ,,ხოხობის” რეგისტრაციის გაუქმებას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ხოხობი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ხოხობის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ხოხობი” (ს/კ 202239620) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ხოხობის” (ს/კ 202239620) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს ,,ხოხობმა”

3. ამ განჩინების მიღების თაობაზე ეცნობოთ მოვალის მიერ მითითებულ კრედიტორებს.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) განჩინების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                      ბ. სისვაძე