განჩინება - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2012 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი – მოვალე შპს ,,ცისკარა’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 245423260)
წარმომადგენელი – ზებურ დიასამიძე (დირექტორი)
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ცისკარას’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 4 სექტემბერს შპს ,,ცისკარას’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ზებურ დიასამიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია საბიუჯეტო დავალიანება 303 774,64 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას. ვინაიდან მოვალეს ქონება არ გააჩნია და იგი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას, ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმაზე მითითებით, რომ შპს ,,ცისკარა’’ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.
2012 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და შპს „ცისკარას’’ დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულებები, კერძოდ , განცხადებაზე დანართის სახით მითითებული მოვალისათვის (დირექტორისათვის) ცნობილი (საკუთრებაში და ბალანსზე რიცხული) ქონების ნუსხა; მოვალისათვის ცნობილი დანარჩენი კრედიტორების ნუსხა არსებული ვალდებულებებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით და დებიტორული დავალიანების ნუსხა დებიტორთა სახელებისა (სახელწოდებისა) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით, ასევე იმ ქონების ნუსხა, რაც გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალებად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2012 წლის 12 სექტემბერს შპს ,,ცისკარას’’ დირექტორის ზებურ დიასამიძის მიერ გამოსწორდა დადგენილი ხარვეზი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები.
2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ცისკარას’’ დირექტორს ზებურ დიასამიძეს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ცისკარას’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 18 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ცისკარა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ცისკარას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ცისკარა’’ (ს/ნ 245423260) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ცისკარას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე