განჩინება - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2012 წლი ს 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი – მოვალე შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 246955941 )
წარმომადგენელი – რეზო კაიკაციშვილი (დირექტორი)
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 5 სექტემბერს შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა რეზო კაიკაციშვილმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება. მათ შორის 61950 ლარი წარმოადგენს საგადასახადო დავალიანებას, რომელიც არის უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება (საზოგადოების ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით). განმცხადებელმა მოითხოვა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის მიმართ.
2012 წლის 7 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულებები, კერძოდ , ქონების დამადასტურებელი მტკიცებულება (შესაბამისი ცნობა (ინფორმაცია) საჯარო რეესტრიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). ასევე დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია საზოგადოების დებიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2012 წლის 13 სექტემბერს შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის დირექტორის რეზო კაიკაციშვილის მიერ გამოსწორდა დადგენილი ხარვეზი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები.
2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის დირექტორს რეზო კაიკაციშვილს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 19 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო ს ა პროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’ (ს/ნ 246955941) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გ . მაკარიძე