„რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი“–ს დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.10.2012
ძალის დაკარგვა 19.07.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი“–ს დამტკიცების შესახებ
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკი მინისტრის
ბრძანება №22
2012 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი კ. სალია
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი
ეს წესი შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N46 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში (შემდგომში – მინისტრის აპარატი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და ზოგად პირობებს.
მუხლი I. ზოგადი დებულებანი
1. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსი (შემდგომში – კონკურსი) არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
2. კონკურსი უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას.
მუხლი 2🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია – ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩაატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 4🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მინისტრის აპარატი აცხადებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.
ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე,
2. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს მინისტრის აპარატი.
3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
6. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 5🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 6🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს მინისტრის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) წერითი დავალება;
ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ) გასაუბრება.
3. კონკურსის პროგრამა, ფორმები, პირობები და ჩატარების გრაფიკი განისაზღვრება კომისიის მიერ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით.
4. ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
5. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო.
მუხლი 7🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
1. კომისიის თავმჯდომარეს, მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
2. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება მინისტრი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 8🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
3. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.
მუხლი 9🔗. კონკურსის შედეგები
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
მუხლი 10🔗. წამოყენებული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა
კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს თანამდებობაზე დასანიშნად საჭირო დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.
მუხლი 11🔗. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 12🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.