გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა - განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2012 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ”ალავერდი” (ს/კ 227722925)
წარმომადგენელი: სოსო გიოშვილი (დირექტორი);
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „ალავერდის” დირექტორმა სოსო გიოშვილმა და ითხოვა შპს „ალავერდის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მოვალე შპს „ალავერდს” ჰყავს ექვსი კრედიტორი – ტექსპრომ ლიმიტედი, სიგნუმ თრეიდ ლიმიტედი, შპს ,,პოლისტარ მენეჯმენტი, ზაურ გოგინაშვილი, შპს ,,გლაქსტორ ტრეიდინგი” და შპს ,,ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი”. მათი მოთხოვნების ჯამი 12 618 687.56 ლარს შეადგენს, მათ შორის, ტექსპრომ ლიმიტედის მიმართ არსებული დავალიანება არის 50 000 ევრო, სიგნუმ თრეიდ ლიმიტედის მიმართ არსებული დავალიანება არის 400 000 ევრო, შპს ,,პოლისტარ მენეჯმენტის” მიმართ არსებული დავალიანება არის 150 000 აშშ დოლარი, ზაურ გოგინაშვილის მიმართ არსებული დავალიანება არის 418 800,58 ლარი, შპს „გლაქსტორ ტრეიდინგის” მიმართ არსებული დავალიანება არის 30 023.95 აშშ დოლარი, ხოლო შპს „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავედის” მოთხოვნის ოდენობაა 10 837 947,6 ლარი.
განმცხადებლის მტკიცებით, მოვალე შპს „ალავერდს” არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით დირექტორი სოსო გიოშვილი ითხოვს შპს „ალავერდის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მისი გამოსწორების მიზნით შპს „ალავერდს” (ს/კ 227722925) დაევალა სასამართლოსათვის კრედიტორთა მიმართ დავალიანებათა არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთა (სასამართლოს და ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებები და სხვა) წარდგენა.
2012 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს შპს „ალავერდის” დირექტორმა სოსო გიოშვილმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა კრედიტორთა მიმართ დავალიანებათა არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან დაზუსტებული იქნა კრედიტორის შპს ,,გლაქსტორ ტრეიდინგის” მიმართ დავალიანების ოდენობა. განმცხადებლის განმარტებით შპს ,,გლაქსტორ ტრეიდინგის” მიმართ არსებული დავალიანება არის 25 000 აშშ დოლარი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ალავერდის” განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლო წარმოებაში შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს ,,ალავერდის” უქონლობის სამტკიცებლად სასამართლოს წარედგინა სს „თიბისი ბანკის” თელავის ფილიალის მიერ 2012 წლის 12 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „ალავერდს” ანგარიშებზე თანხები არ გააჩნია. ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2012 წლის 16 ოქტომბერს გაცემული ცნობა მასზე, რომ შპს „ალავერდის” სახელზე არაა რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრისა და 19 ოქტომბრის ცნობები, რომ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში და გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურში შპს „ალავერდი” უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ შპს „ალავერდი” უქონელია, რაც გამორიცხავს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არა თუ ასეთი წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთი ვითარებაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება არ მიიღება სასამართლო წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ალავერდს” (ს/კ 227722925) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ალავერდის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „ალავერდი” გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს ”ალავერდის” რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არა უგვიანეს 2012 წლის 03 ნოემბრისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ალავერდმა”.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ იგივე წესით კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე