საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი
მიღების თარიღი 01.04.2012
ძალაში შესვლა 08.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №17-55
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი
საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის `უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი
საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში `ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი,
სურთ რა შექმნან აუცილებელი პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის `უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმების მე-19 მუხლით (შეთანხმება ხელმოწერილია 2010 წლის 22 ნოემბერს და გამოქვეყნებულია OJ L 52/25.02.2011), შემდგომში “შეთანხმებად” წოდებული,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
კომპეტენტური ორგანოები
(1) შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოები არიან:
- საქართველოს ხელშემკვრელი მხრიდან:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპატრული პოლიციის დეპარტამენტი
II სამმართველო
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება
მისამართი: კახეთის გზატკეცილი 38-ე კმ, 0190, თბილისი, საქართველო
ტელ: +99532 2418522
+99532 2418515
ფაქსი: +99532 2418522
ელ.ფოსტა: readmission@mia.gov.ge
- ბულგარეთის ხელშემკვრელი მხრიდან:
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„სასაზღვრო პოლიციის” მთავარი დირექტორატი
„სახელმწიფო საზღვრის დაცვის” დეპარტამენტი
„რეადმისიის” განყოფილება
მისამართი:
ბულგარეთის რესპუბლიკა, 1202 სოფია, მარია-ლუიზას ბულვარი №46
ტელ: + 359 2 982 34 38
ფაქსი: + 359 2 988 58 67
ელ.ფოსტა mlumbev.180@mvr.bg
ajzagorov.180@mvr.bg
elnikolova.180@mvr.bg
(2) წინამდებარე ოქმის განხორციელების მიზნით, კომპეტენტური ორგანოები, წინამდებარე ოქმის ხელმოწერის დღიდან 30 დღის განმავლობაში, წერილობითი ფორმით მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას თავიანთი საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
(3) ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ, დიპლომატიური არხებით, შეატყობინებენ ერთმანეთს პირველ პარაგრაფში მოცემული კომპეტენტური ორგანოების სიაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
(4) შეთანხმებისა და ოქმის დებულებების შესრულების მიზნით, კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან პირდაპირ თანამშრომლობას დაამყარებენ.
(5) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 2🔗
სასაზღვრო გამტარი პუნქტები
(1) რეადმისიისა და ტრანზიტის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ სასაზღვრო გამტარ პუნქტებს (BCPs):
საქართველოსთვის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტი.
ბულგარეთის რესპუბლიკისთვის: სოფიის აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, ვარნას აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, ბურგასის აეროპორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, ვარნას პორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, ბურგასის პორტის სასაზღვრო გამტარი პუნქტი.
(2) ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ, დიპლომატიური არხებით, შეატყობინებენ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილია პირველ პარაგრაფში მოცემული სასაზღვრო გამტარი პუნქტების სიაში.
მუხლი 3🔗
რეადმისიის შესახებ მოთხოვნის წარდგენა და მოთხოვნაზე პასუხი
(1) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით და, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს მიაწვდიან წერილობით მოთხოვნას რეადმისიის შესახებ, რომელიც შედგენილია შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად, შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრულ ვადაში.
(2) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით და, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მიაწვდიან რეადმისიის შესახებ მოთხოვნაზე პასუხს, შეთანხმების მე-10 მუხლის მეორე პარაგრაფით განსაზღვრულ ვადაში.
(3) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიის შესახებ მოთხოვნაში შეტანილი პირადი მონაცემები წარდგენილ იქნება შეთანხმების მე-16 მუხლის დებულებების თანახმად.
მუხლი 4🔗
სხვა დოკუმენტები
(1) იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე თვლის, რომ სხვა დოკუმენტები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმების 1 - 4 დანართებით, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის დასადგენად ან იმ მიზეზების დასადგენად, რომელიც შეიძლება მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის საფუძველი გახდეს, მსგავსი დოკუმენტები შეიძლება დაერთოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის წარდგენილ მოთხოვნას რეადმისიის შესახებ.
(2) გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაითვალისწინებენ თუ არა რეადმისიის შესახებ მოთხოვნის განხილვის დროს პირველ პარაგრაფში მითითებულ დოკუმენტებს, მიიღებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე.
მუხლი 5🔗
გასაუბრება
(1) თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშეკვრელი მხარე ვერ წარადგენს შეთანხმების 1-ლ და მე-2 დანართებით გა თვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასაკმარისია, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ჩაუტარებს გასაუბრებას რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს, იმ მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც მითითებულია შეთანხმების მე-5 დანართით გათვალისწინებულ რეადმისიის შესახებ განაცხადში.
(2) გასაუბრების გამართვის პირველადი ვალდებულება ეკისრება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მოთხოვნის წარმდგენი ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა ან საკონსულო დაწესებულებში.
(3) თუ კომპეტენტურ ორგანოებს არ ჰყავს მე-2 პარაგრაფში მითითებული წარმომადგენლები, გასაუბრებას ჩაატარებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების პერსონალი, რომლებიც განლაგებულია მოთხოვნის წარმდგენი ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
(4) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო მოთხოვნის წარმდგენი ხელშეკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, შესაძლო უმოკლეს ვადაში, აცნობებს გასაუბრების შედეგებს.
რეადმისიის შესახებ მოთხოვნის განხილვის ვადის ათვლა დაიწყება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დღიდან.
(5) თუ გასაუბრების შედეგად არ მოხდა დადასტურება, რომ რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს გააჩნია მოთხოვნის მიმღები ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან თუ აღნიშნული პირი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მისი რეადმისიის შესახებ მოთხოვნა, გასაუბრების ჩატარების მოთხოვნასთან ერთად, უარყოფილი იქნება განხილვის გარეშე.
(6) ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ გასაუბრების დროსა და ადგილს, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.
(7) ამ მუხლის მე-3 პუნქტში წარმოდგენილი პირების მიერ, განაცხადის წარმდგენი ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობის გარეთ გასაუბრების ჩატარების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს გასაუბრების ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარჯების დაფარვას (ტრანსპორტირება).
მუხლი 6🔗
ტრანზიტის განხორციელების ნებართვის მიღების შესახებ მოთხოვნის წარდგენა და მოთხოვნაზე პასუხი
(1) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დაგეგმილი ტრანზიტის განხორციელებამდე სულ მცირე 15 სამუშაო დღით ადრე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მიაწვდის ტრანზიტის განხორციელების ნებართვის მიღების შესახებ წერილობით მოთხოვნას, რომელიც შედგენილია შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად.
(2) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით და, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მიაწვდის პასუხს სატრანზიტო მოთხოვნაზე, აღნიშნული მოთხოვნის მიღების დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
მუხლი 7🔗
რეადმისიისა და სატრანზიტო გადაყვანის პროცედურები
(1) წინამდებარე ოქმით განსაზღვრული მიზნებისთვის ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ წინამდებარე ოქმის მე-2 მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებს (BCPs):
(2) ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ, დიპლომატიური არხებით, შეატყობინებენ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილია 1-ლ პარაგრაფში მოცემული საზღვრის გადაკვეთის პუნქტების სიაში.
(3) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანის ფორმას, ასევე ტრანზიტის პირობებს შეათანხმებენ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.
(4) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის სავარაუდო თარიღამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას გადაყვანის თარიღის, დროის, სასაზღვრო გამტარი პუნქტისა და სხვა პირობების შესახებ.
(5) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, უმოკლეს ვადაში, მე-4 პარაგრაფით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, აცნობებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს თავის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მისაღებია თუ არა მისთვის გადაყვანის პირობები.
(6) თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოთავაზებული გადაყვანის პირობები მიუღებელია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოსთვის, ხელშემკვრელი მხარეები, უმოკლეს ვადაში, შეთანხმდებიან გადაყვანის სხვა ფორმებზე.
მუხლი 8🔗
პროცედურები შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში
(1) შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე, შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად და ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, დააბრუნებს იმ პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა რეადმისია.
(2) შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში, რეადმისირებული პირების დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე.
მუხლი 9🔗
ესკორტის გამოყოფა პირისთვის, რომელიც ექვემდებარება რეადმისიას ან სატრანზიტო გადაყვანას
(1) თუ რეადმისიისა და ტრანზიტის განხორციელებისთვის აუცილებელია ესკორტის გამოყოფა, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე წარადგენს შემდეგ ინფორმაციას ესკორტის შესახებ: ესკორტის ოფიცრების სახელები და გვარები, ოფიციალური წოდებები და თანამდებობები, მათი პასპორტების ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, რეისის ნომერი, ჩამოფრენისა და გამგზავრების დრო.
შესაძლებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია დაზუსტებული სახით იქნება მოცემული რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ იმ მოთხოვნის “D” ნაწილში, რომელიც შედგენილია შეთანხმებაზე (დანართები 1 და 6) თანდართული ფორმების შესაბამისად, და წინასწარ მიეწოდება მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს.
(2) თუ 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ესკორტის ოფიცრების შესახებ შეტანილია ცვლილება, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
(3) ესკორტის ოფიცრები ვალდებულნი არიან დაიცვან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა.
(4) სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ესკორტის ოფიცრებს თან უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტები და დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს რეადმისიის ან ტრანზიტის პირობებს.
(5) ესკორტის ოფიცრებს არა აქვთ უფლება თან იქონიონ ნივთები, რომლებიც აკრძალულია ან წარმოადგენენ კანონიერი შეზღუდვის საგანს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
(6) ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ითანამშრომლებენ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ესკორტის ოფიცრების ყოფნას. ასეთ შემთხვევებში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, საჭიროებისამებრ, ესკორტის ოფიცრებს ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენენ.
მუხლი 10🔗
ხარჯები
მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიასთან ან სატრანზიტო გადაყვანასთან დაკავშირებით გაღებული ხარჯები, რომელიც შეთანხმების მე-15 მუხლის თანახმად მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს ეკისრება, ანაზღაურდება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ ევროში, გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
მუხლი 11🔗
სამუშაო ენა
(1) ამ ოქმის განხორციელების მიზნით, წინამდებარე ოქმის მე-3 მუხლში და შეთანხმების III, IV და V ნაწილებში მითითებული დოკუმენეტების შედგენა განხორციელდება შემდეგნაირად:
– საქართველოს მხარისათვის – ქართულ ენაზე და ითარგმნება ინგლისურად;
– ბულგარეთის მხარისათვის – ბულგარულ ენაზე და ითარგმნება ინგლისურად;
(2) ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის ამ ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის.
მუხლი 12🔗
შესწორებები და დამატებები
წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი ფორმით, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შევა ამ შეთანხმები მე-13 მუხლის შესაბამისად და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 13🔗
შეთანხმების ძალაში შესვლა და შეწყვეტა
(1) ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხებით, შეატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
(2) ხელშემკვრელი მხარე, რომელმაც ბოლოს მიიღო ზემოაღნიშნული შეტყობინება, მიაწვდის შეთანხმების მე-18 მუხლით გათვალისწინებულ რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს ინფორმაციას იმ გარემოების შესახებ, რომელიც მითითებულია 1-ლ პარაგრაფში.
(3) წინამდებარე ოქმი ძალაში შევა რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის მიერ იმ შეტყობინების მიღებისთანავე, რომელიც მიუთითებს, რომ ხელშემკვრელმა მხარეებმა, მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, დაასრულეს ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.
(4) წინამდებარე ოქმის მოქმედება შეწყდება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტასთან ერთად.
(5) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ოქმი მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის ექვსი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
შესრულებულია თბილისში , 2012 წლის 1 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
ტექსტის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ბულგარეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)