საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/43
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016258
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/43
2013 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება“ თანდართული რედაქციით
.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის №1-1/551 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის მოხელეებზე, თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე და განსაზღვრავს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს.
2.
სამინისტროს ცენტრალური აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს აღნიშნული დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები
კონკურსისა და ატესტაციის პრინციპებია:
ა)
ობიექტურობა;
ბ)
გამჭვირვალობა;
გ)
არადისკრიმინაციულობა;
დ)
საჯაროობა;
ე)
კოლეგიურობა;
ვ)
კორექტულობა.
მუხლი 3🔗.
კომისიის ფუნქციები
კომისიის ფუნქციებია:
ა)
კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა;
ბ)
თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
კომისიის შემადგენლობა და დანიშვნის წესი
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსსა და ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1.
კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
2.
კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება მინისტრი ან მინისტრის მოადგილე.
3.
კომისიის თავმჯდომარე:
ა)
განსაზღვრავს კომისიის წევრთა შემადგენლობას და ნიშნავს კომისიის წევრებს;
ბ)
წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
გ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში;
დ)
კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო;
ე)
ქმნის კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;
ვ)
უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 6🔗.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1.
საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
2.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗.
კომისიის რეგლამენტი
1.
კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი.
5.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 9🔗.
კონკურსის/ატესტაციის ორგანიზება
კონკურსის/ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი.
თავი II
კონკურსი
მუხლი 10🔗.
კონკურსის მიზანი და ამოცანები
1.
კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2.
კონკურსის ამოცანაა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 11🔗.
კონკურსის გამოცხადება
1.
საჯარო კონკურსს, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამისი დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
2.
კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს სამინისტრო.
3.
კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა)
შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ)
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ)
შესასრულებელი სამუშაო;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე)
განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ)
შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
4.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
5.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
6.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 12🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 13🔗.
კონკურსის ჩატარების პროცედურა
1.
.კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა)
წერითი დავალება ან/და სხვადასხვა სახის ტესტირება;
ბ)
გასაუბრება.
2.
კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, მინისტრთან შეთანხმებით.
3.
წერითი დავალებისა და ტესტირების თემატიკასა და პროგრამას თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.
4.
წერითი დავალებისა და ტესტირებისას დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილ ქულათა რაოდენობა.
5.
კონკურსანტების მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობით დაგროვების ან/და იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე კონკურსანტმა დააგროვა კომისიის მიერ დადგენილ ქულათა რაოდენობა, ტარდება გასაუბრება.
6.
ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, კონკურსის ჩატარების პროცედურამდე 1 კვირით ადრე მაინც.
მუხლი 14🔗.
კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1.
კომისია საკონკურსო ეტაპის/ეტაპების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს.
2.
კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3.
კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5.
კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
6.
კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და კომისიის გადაწყვეტილებას.
მუხლი 15🔗.
ჩაშლილი კონკურსი
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
თავი III
ატესტაცია
მუხლი 16🔗.
ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზნებია:
ა)
მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ)
მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ)
საკლასო ჩინის მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ)
მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე)
მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ)
მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
ზ)
მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
მუხლი 17🔗.
მოხელის ატესტაცია
1.
ატესტაციას ექვემდებარება:
ა)
მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ)
მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ)
კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2.
ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა)
მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ბ)
მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით.
3.
მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
4.
მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.
მუხლი 18🔗.
ატესტაციის დრო
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 19🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1.
ატესტაციას ატარებს კომისია.
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტში წარადგენს დახასიათებას საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის“ დანართი №1-ის მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4.
ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი.
მუხლი 20🔗.
ატესტაციის ჩატარების ფორმები
1.
ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით:
ა)
ტესტირება ან/და სხვა წერითი დავალება;
ბ)
გასაუბრება.
2.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, საატესტატო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.
3.
წერითი დავალებისა და ტესტირებისას დადებითი შეფასების მისაღებად მოხელემ უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი ქულათა რაოდენობა.
4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარების პროცედურამდე 2 კვირით ადრე მაინც.
5.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
6.
ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრებას შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
მუხლი 21🔗.
ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შედეგები
ატესტაციზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 22🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1.
ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
2.
საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3.
ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ)
მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ)
მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
4.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის შედეგები
1.
კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით.
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის“ №2 დანართში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3.
მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4.
ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მინისტრს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5.
კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დანიშვნის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
თავი IV
დავის გადაწყვეტა
მუხლი 24🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა, ხოლო მოხელეს – ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს – 2 დღისა. საპრეტეზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 25🔗.
ატესტაციისა და კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.