საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2012
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №176
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი სოზარ სუბარი | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.07.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.02.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება
№176
2012 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №140 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს, რომელიც შედის სამინისტროს სისტემაში როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს.
4. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.
6. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
7. დეპარტამენტის მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების ტიპის განსაზღვრა და მისი შეცვლა;
ბ) მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე დაპატიმრების სახით აღკვეთის ღონისძიების აღსრულება;
გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება), ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირების ორგანიზება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება;
ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დაწესებულებათა საქმიანობას, განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს წამოჭრილი ამოცანების შესასრულებლად, უზრუნველყოფს საკონსულტაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას;
ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
გ) შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სამართალდარღვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ე) სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს ღონისძიებებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მოსამსახურეების გადაყვანას განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ვ) აყალიბებს და განაგებს საინფორმაციო ბანკს, აწარმოებს სტატისტიკას და შესაბამის ანალიზს, ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეგისტრაციას;
ზ) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ დადგენილი წესებისა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე კონტროლს;
თ) ამყარებს ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა სასჯელაღსრულების ორგანოებთან;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის და დაწესებულებების საქმიანობას, ახორციელებს მათი საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით;
დ) წარმოადგენს დეპარტამენტს;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დებს ხელშეკრულებებს;
ვ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შიდა საკითხების განხილვის და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები;
ზ) ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტთან ან/და დაწესებულებებთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი. შესაბამისი დაწესებულების დირექტორის ან საგამოძიებო ორგანოს წარდგინებით მსჯავრდებულს უცვლის დაწესებულების ტიპს; გამოსცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესეულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის ბრძანებას;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას;
კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის შესახებ;
ლ) ამტკიცებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას (ნუსხებს) მინისტრთან შეთანხმებით;
მ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების გადასაწყვეტად, პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებასა და დამტკიცებული ასიგნებების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ნ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებულ დაწესებულებათა საქმიანობას;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, მათ პრემირებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და წახალისებას; გასცემს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობებს;
პ) კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს დეპარტამენტის წვევამდელთა ჩარიცხვას, წოდების მინიჭებას, გადაადგილებას და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას;
ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით;
რ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით;
ს) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, კანონმდებლობის შესაბამისად;
ტ) დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით წარჩინებულ თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
უ) კვირაში ერთხელ ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ფ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ქ) დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის პასუხს აგებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე; წელიწადში ორჯერ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეადგენენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დარგში;
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დაცვისა და ბადრაგირების დარგში;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში;
დ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში - დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗. უფლებამოსილებათა განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის სამმართველოების, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას; ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დაცვისა და ბადრაგირების დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს გარე დაცვისა და საბადრაგო სამმართველოებისა და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობას; ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებებზე, საჩივრებსა და მოთხოვნებზე, წარმართავს მუშაობას, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოების, მათი შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) სამორიგეო განყოფილება;
გ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ვ) უსაფრთხოების სამმართველო;
ზ) სპეციალური აღრიცხვის სამმართველო;
თ) გარე დაცვის სამმართველო;
ი) საბადრაგო სამმართველო;
კ) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო;
ლ) საზოგადოებრივი მისაღები;
მ) საფინანსო სამმართველო;
ნ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
ო) კანცელარია.
მუხლი 7🔗. მონიტორინგის სამმართველო
1. მონიტორინგის სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. მონიტორინგის სამმართველო:
ა) აკონტროლებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ნორმატიული აქტების, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას;
ბ) აწარმოებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს;
გ) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და სპეციალური საშუალებებით შეიარაღების ორგანიზებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სპეციალური საშუალებების აღრიცხვას, შენახვას, მოვლა–პატრონობას, გაცემას, მიღებას, ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს მოსამსახურეთა მიერ მათ სწორ ექსპლუატაციას;
დ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) აკონტროლებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ვ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად;
ზ) აწარმოებს სამსახურებრივ–საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას;
თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 8🔗. სამორიგეო განყოფილება
1. სამორიგეო განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სამორიგეო განყოფილება:
ა) იღებს, ამუშავებს, სრულყოფს, აანალიზებს და ხელმძღანელობას მოახსენებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას;
ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სადღეღამისო კრებსებში შესატანი ინფორმაციის მიღება-დამუშავებაზე;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებაში მოჰყავს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის „განგაშის” სქემით გამოძახებას;
დ) აკონტროლებს სამორიგეოს პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელმძღვანელობს მორიგე განწესების სადღეღამისო მუშაობას;
ე) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 9🔗. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო
1. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ მინისტრს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე გარდა ამ დებულებით და სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) საორგანიზაციო განყოფილება;
ბ) №1 სამმართველო;
გ) №2 სამმართველო;
დ) №3 სამმართველო;
ე) №4 სამმართველო;
ვ) №5 სამმართველო;
ზ) დასავლეთის რეგიონული სამმართველო.
3. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო:
ა) პატიმრობისა დათავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, მასობრივი არეულობების, თავდასხმის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას ახდენს სწრაფ რეაგირებას სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით;
ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარეთ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის ადგილებში და ბადრაგირებისას ახდენს სწრაფ რეაგირებას სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად;
გ) მოიპოვებს და აანალიზებს მონაცემებს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე; ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე;
დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის განკარგულებით, ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი თანხებისა და ტვირთების დაცვა-გაცილებას, დახმარებას უწევს დეპარტამენტის შიდა უსაფრთხოების სამმართველოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის ღონისძიებებში;
ვ) მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
ზ) შეიმუშავებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;
თ) ორგანიზებას უწევს სამსახურებრივი ძაღლების წვრთნას, გამოყენებას და ვეტერინარულ დახმარებას;
ი) შეიმუშავებს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო-მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას;
კ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით;
ლ) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების განხორციელებისას სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მიერ გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარე შემდგომი რეაგირებისათვის მიმართავს მინისტრს.
მუხლი 10🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს დასკვნებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადებას, ადებს ვიზას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებს;
დ) ამოწმებს დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ მხარეს, შემოწმების შედეგებზე აკეთებს შესაბამის დასკვნებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
ე) წარმოადგენს და იცავს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 11🔗. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო
1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:
ა) კოორდინაციას უწევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების ერთიან საკადრო უზრუნველყოფას;
ბ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში), ახორცილებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ ანალიზს;
გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას, მათ შორის, ატესტაციის მოწყობის გზით;
დ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს დოკუმენტაციას თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გაცემას;
ვ) აწარმოებს დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ნამსახურობის ბარათებს, ამზადებს დუკუმენტებს მათი სამსახურში ჩარიცხვის, წოდების მინიჭების, გადაადგილების, დათხოვნის შესახებ;
ზ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 12🔗. უსაფრთხოების სამმართველო
1. უსაფრთხოების სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ოპერატიული საქმიანობისა და სამართლებრივი რეჟიმის დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. უსაფრთხოების სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
ბ) ოპერატიული განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება;
დ) ოპერატიულ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ე) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება.
3. უსაფრთხოების სამმართველო:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის სტურქტურული ქვედანაყოფების მიერ დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებით მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს;
ბ) ახორციელებს დაწესებულების უსაფრთხოებისა და სარეჟიმო განყოფილებების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებასა და ანალიზს, კონფიდენტურული და ოპერატიული აღრიცხვის საქმეების რეგისტრაციას და გადაადგილების კონტროლს, კონფიდენტთა ალფავიტური აღრიცხვის კართოტეკის წარმოებას;
გ) კონტროლს უწევს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრებს, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვას; ახორციელებს მსჯავრდებულთა მიზნანმიმართულ გადანაწილებას უსაფრთხოების დაცვის მიზნით; ახორციელებს მუდმივ დაკვირვებას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე მათი განთავსებისა და სამუშაო ადგილებში;
დ) ახორციელებს კონტროლს მსჯავრდებულთა მიერ გადაადგილების, დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, დადგენილი ნიმუშის სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების, საშვების გამოყენების წესების დაცვაზე;
ე) უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობის, სამუშაოს ინსტრუმენტის, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების აღკვეთას; ახორციელებს მსჯავრდებულთა პირადი, მათი პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი და საწარმოო ზონების ტერიტორიის დათვალიერებას, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღებას;
ვ) ახორციელებს კონტროლს მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე; უზრუნველყოფს მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ გასაგზავნი წერილების, დეპეშების, გზავნილებისა და ბანდეროლების დათვალიერებასა და შემოწმებას;
ზ) ახორციელებს კონტროლს დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე;
თ) კონტროლს უწევს დაწესებულებების პერსონალისა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვას;
ი) ახორციელებს ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების ყოველთვიური გამოკვლევას მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
კ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების ჩადენის მიდრეკილების მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენას და აღრიცხვას;
ლ) აანალიზებს დაწესებულებებში შექმნილ ოპერატიულ ვითარებას და ადგენს უსაფრთხოების სადღეღამისო უწყისს;
მ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგებას;
ნ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთა სპეციალური სამსახურებრივ ინსტრუქტაჟს, მათ წინაშე ოპერატიული ამოცანების დასმას და ამოცანების შესრულების შედეგების დადგენას; სამმართველოს პირადი შემადგენლობის დამატებითი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
ო) კონტროლს უწევს დაწესებულებების ტერიტორიებზე დაწესებული სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზებას;
პ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენას და აღკვეთას;
ჟ) ახორციელებს კონტროლს დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე, აგრეთვე ტოქსიკურ ნივთიერებათა შემცველი საღებავი და სხვა ტექნიკური სითხეების ხარჯვაზე;
რ) მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ს) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; კონტროლს უწევს დაწესებულებებს შორის დაშიფრული კავშირის გამოყენებას;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 13🔗. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო
1. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ოპერატიული საქმიანობისა და სამართლებრივი რეჟიმის დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
3. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო:
ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებას და აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადებასა და გაგზავნას;
გ) ამზადებს მსჯავრდებულთა მიმართ კონკრეტული დაწესებულების ტიპის განსაზღვრის დოკუმენტებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
დ) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ე) აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკს;
ვ) ამზადებს დოკუმენტებს მსჯავრდებულის იმავე ტიპის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
ზ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 14🔗. გარე დაცვის სამმართველო
1. გარე დაცვის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. გარე დაცვის სამმართველო ახორციელებს დაწესებულებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაცვას.
3. გარე დაცვის სამმართველოს მოსამსახურე არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარე დაცვის სამმართველოში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის გარე დაცვის სამმართველოს მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულებების დაცვას, ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაცვას დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში.
4. გარე დაცვის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) №1 განყოფილება;
დ) №2 განყოფილება;
ე) №3 განყოფილება;
ვ) №4 განყოფილება;
ზ) №5 განყოფილება;
თ) №6 განყოფილება;
ი) №7 განყოფილება;
კ) №8 განყოფილება;
ლ) №9 განყოფილება;
მ) №10 განყოფილება;
ნ) №11 განყოფილება;
ო) №12 განყოფილება;
პ) №13 განყოფილება;
ჟ) №14 განყოფილება;
რ) №15 განყოფილება;
ს) №16 განყოფილება;
ტ) №17 განყოფილება.
5. გარე დაცვის სამმართველო:
ა) აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე; შესაბამის დაწესებულებებთან ერთად წარადგენს წინადადებებს დაცვის განაწილების თაობაზე;
ბ) მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს ეფექტური საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;
დ) აკონტროლებს ოპერატიულ-სამსახურებრივ მდგომარეობას დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობს სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებით;
ე) შეიმუშავებს სამმართველოს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას; დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით; მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს;
ვ) ორგანიზებას უკეთებს დაშიფრული კავშირის განვითარებას დაწესებულებებს შორის;
ზ) ახორციელებს წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლს და პრაქტიკული დახმარების გაწევას, სამმართველოს განყოფილებების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებას და ანალიზს. შეიმუშავებს და ახორციელებს სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
6. გარე დაცვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები, წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 15🔗. საბადრაგო სამმართველო
1. საბადრაგო სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საბადრაგო სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) შტაბი;
ბ) სამორიგეო;
გ) კანცელარია;
დ) ექსტრადაციის განყოფილება;
ე) თბილისის I განყოფილება;
ვ) თბილისის II განყოფილება;
ზ) ქუთაისის განყოფილება;
თ) ზუგდიდის განყოფილება;
ი) ბათუმის განყოფილება.
3. საბადრაგო სამმართველო უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებას სასამართლო პროცესებზე, საგამოძიებო ღონისძიებებზე და კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 16🔗. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო
1. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სოციალურ უფლებათა განხორციელებას;
ბ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურების საქმიანობას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს;
დ) ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ე) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოში მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდებას;
დ) გეგმავს ღონისძიებებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად. ორგანიზებას და კონტროლს უწევს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქმიანობას;
ე) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციას;
ვ) შეისწავლის და შეიმუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნალურ–საყოფაცხოვრებო და განათლების მიღებისა და დასაქმების პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ზ) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში.
ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 17🔗. საზოგადოებრივი მისაღები
1. საზოგადოებრივი მისაღები ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საზოგადოებრივი მისაღები:
ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება/საჩივრების მიღებას, დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებს უწევს კონსულტაციებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას;
დ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 18🔗. საფინანსო სამმართველო
1. საფინანსო სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საფინანსო სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) საფინანსო განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.
3. საფინანსო სამმართველო:
ა) ორგანიზებას უწევს ფინანსური პოლიტიკის გატარებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას;
ბ) შეიმუშავებს დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტს;
გ) აკონტროლებს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს;
ე) აკონტროლებს საფინანსო საქმიანობას დაწესებულებებში;
ვ) ასრულებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
ზ) ახორციელებს წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებასა და ანალიზს, დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვან პროგნოზს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტსა და დაწესებულებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან ურთიერთობებში;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს;
კ) განსაზღვრავს წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდ მომსახურებასა და საქონელს, ადგენს შესყიდვების გეგმას და წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ლ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ერთად, წარმოადგენს ერთობლივ წინადადებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე;
მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ანგარიშებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
ნ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად კოორდინირებულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების ტექნიკურ ორგანიზაციას და უზრუნველყოფას;
ო) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ახორციელებს დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირებას, შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
პ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ჟ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 19🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების განყოფილება;
ბ) მომარაგების განყოფილება;
გ) ტრანსპორტის განყოფილება;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება.
3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა–ნაგებობების ტექნიკურ კონტროლს, მშენებლობებისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებას, შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებასთან ერთად წარმოადგენს წინადადებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრო-მასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;
გ) კონტროლს აწესებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვიანობაზე და აწესრიგებს მას;
დ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ახორციელებს დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირებას, შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
ე) უზრუნველყოფს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, საინჟინრო ქსელებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას, ახორციელებს მათ ტექნიკურ ინსპექტირებასა და კონტროლს სწორ ექსპლუატაციაზე, ახორციელებს კონტროლს ავტოტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი საწვავის სწორ განაწილებასა და ხარჯვაზე;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტსა და მის დაქვედებარებაში არსებულ დაწესებულებებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობას, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნას;
ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის და მის დაქვედებარებაში არსებული დაწესებულებების თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით და ტექნიკით უზრუნველყოფას;
თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 20🔗. კანცელარია
1. კანცელარია ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. კანცელარია:
ა) ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას,დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე კონტროლს;
ბ) ახორციელებს განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, დეპარტამენტში სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს;
გ) დადგენილი წესით, განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს დოკუმენტებისა და სხვადასხვა საქმეების არქივში ჩაბარებასა და მათ დაცვას;
დ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების თანამდებობრივი ნომენკლატურის შედგენასა და განსაზღვრული წესის შესაბამისად კონკრეტულ თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებას;
ე) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ვ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.