განჩინება შპს ''ვია-ასტ-ვიტა''-ს გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/11650-12
განჩინება
საქართველოს სახელით
2012 წლი ს 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია სვიანაძე
განმცხადებელი: შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' (ს/ნ 218046683);
წარმომადგენელი: (დირექტორი) გოჩა კურტანიძე;
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 07 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' დირექტორმა გოჩა კურტანიძემ და ითხოვა შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი დავალიანება შპს ''ასტორიას'', შპს ''ლ-ნ''-ის, შპს ''კრისტალი+''-ისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 2035875 ლარს.
განცხადების ავტორის მტკიცებით, შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' არ აქვს მოძრავ-უძრავი ქონება და არც ფულადი სახსრები. შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' არის გადახდისუუნარო, მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, მას შეწყვეტილი აქვს ვალების გადახდა, წარმოების პროცესი და საზოგადოება ამჟამად რაიმე სახის შემოსავალს არ იღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 27 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავთ სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ''ვია-ასტ-ვიტა'' გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ''ვია-ასტ-ვიტას'' რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3.განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე