საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.12.2012
ძალის დაკარგვა 16.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№154
2012 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულება თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა; ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა აღრიცხვა; მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
გ) თავშესაფრის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის არსებითადგანხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ვ) თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მონაცემების ბაზის შექმნა; ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ფორმების შემუშავება, მოწმობების გაცემის ორგანიზება;
ზ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
თ) ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
ი) ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
კ) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის (საინფორმაციო ბანკის) შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;
ლ) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შესამუშავებლად წინადადებების მომზადება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტორინგი;
მ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და სტიქიით დაზარალებულთა განსახლების პროგრამების განხორციელება; სტიქიით დაზარალებულთა განსახლების ორგანიზება; ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა; სტიქიით დაზარალებულთა მონაცემების ბაზის შექმნა;
ნ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ო) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად წინადადებების შემუშავება;
პ) შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
რ) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად;
ს) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ი) წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ლ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) წარუდგენს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარატამენტის საქმიანობის შესახებ;
ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველო;
ბ) განსახლების სამმართველო;
გ) მიგრაციის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავშესაფრის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება;
ბ) თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებილი პირის განთავსება დროებითი განთავსების ცენტრში;
გ) ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის არსებითად განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება;
დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ე) თავშესაფრის მაძიებელ პირთა მონაცემების ბაზის შექმნა-მონიტორინგი;
ვ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მონაცემების ბაზის შექმნა-მონიტორინგი;
ზ) თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის, უფლებების დაცვის, თვითრეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება, განსახლლების პროცესის მართვა-მონიტორინგი;
ი) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის (საინფორმაციო ბანკის) შექმნა;
კ) რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია;
ლ) რეპატრიაციასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;
მ) სამმართველოში შემოსული კორეპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მიხდენა;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება;
5. განსახლების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა. სტიქიით დაზარალებულთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების მონიტორინგი;
გ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება;
დ) სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების პროგრამების განხორციელება;
ე) სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისათვის საბინაო ფონდის შექმნა;
ვ) სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების ორგანიზება;
ზ) ახალ საცხოვრებელ ადგილებში ჩასახლებული ოჯახების მონიტორინგი;
თ) ჩასახლების ადგილებზე სტიქიით დაზარალებული ოჯახების ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელებისთვის ხელშეწყობა;
ი) სამინისტროში მოსული ბენეფიციარისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
კ) სამმართველოში შემოსული კორეპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
6. მიგრაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მიგრაციის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირს შორის მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა სამინისტროს სახელით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების იმპლემენტაციაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო კომიტეტში;
დ) სამინისტროს სახელით „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და მისი შემდგომი განხორციელების პროცესში;
ვ) სამინისტროს სახელით კოორდინაციის გაწევა „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში“ შექმნილ „სარეინტეგრაციო საქმიანობის კონსოლიდაციის“ სამუშაო ჯგუფისათვის;
ზ) სამინისტროს „მიგრანტთა საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრების მუშაობის „ კოორდინირება გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში;
თ) მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
ი) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
კ) არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით პოტენციური მიგრანტებისთვის კონსულტაციის გაწევა დანიშნულების ქვეყნებში მათი უფლებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ;
ლ) საინფორმაციო კამპანიის წარმართვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „მიგრანტთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების“ ფუნქციებისა და მომსახურების შესახებ;
მ) მიგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობის მიღება სამინისტროს სახელით;
ნ) თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე დონორებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ო) სამმართველოში შემოსული კორეპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.