საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.12.2012
ძალის დაკარგვა 06.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№153
2012 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულება თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებელ პირად რეგისტრაცია ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
გ) დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პროცედურების ორგანიზება (განცხადების საფუძვლიანობის შემოწმება, შესაბამისი საბუთების დოკუმენტების და მტკიცებულებების მოძიება), საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დაწესებულებიდან და ორგანიზაციიდან ინფორმაციის გამოთხოვა, პირთან გასაუბრების ჩატარების ორგანიზება. (მისი ფოტოგრაფირება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად) სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
დ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ე) დევნილთა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათი ანალიზი და სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა და მონაცემთა ბაზის განახლება;
ვ) დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადების მომზადება, დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობების გაცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) დევნილთა მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწევისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, დევნილთა განსახლების, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზება;
თ) დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა აღრიცხვა, რეგისტრაცია (დამისამართება) და დევნილთა განსახლების ობიექტის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ლ) მოქალაქეთა განცხადებების, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მიღებული წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
მ) დევნილთა განსახლების ორგანიზების, განსახლების პროცესის მართვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ნ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
ო) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა, დევნილთა და სხვა პირთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დაცვის მექანიზმების შემუშავება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ჟ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
რ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ს) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და ვიზირება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პროგრამებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ფ) სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილთათვის განხორციელებული პროექტების მონიტორინგი.
2. დეპარტამენტი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობები
დეპარტამენტი თავისი ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმები, პროგრამები და მათი შესრულებისათვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები დეპარტამენტის საშტატო რაოდენობისა და საშტატო განაკვეთების განსაზღვრასთან დაკავშირებით;
გ) განსაზღვროს და დაგეგმოს დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;
დ) დეპარტამენტის მიზნების და ამოცანების შესასრულებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაოს ნორმატიული აქტების პროექტები;
ე) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები და წერილები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მიიღოს მონაწილეობა კონფერენციებსა და სემინარებში.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს მინისტრს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს;
ზ) დეპარტამენტის თანამშრომლებს განუსაზღვრავს ფუნქციონალურ დატვირთვას;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
მ) ასრულებს ამ დებულებითა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
ბ) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველო;
გ) უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება:
ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
გ) დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ე) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;
ვ) დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობების გაცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;
ზ) დევნილი მოსახლეობის მიღება, თავშესაფრის გარეშე დარჩენილ დევნილთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დროებითი განსახლების ორგანიზება;
თ) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექმნა, შესაბამისი პროგრამებისა პროექტების მომზადება მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
4. სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში გამოყოფილი ფართების ათვისების მდგომარეობის საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ბ) განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფ დევნილთათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენა;
გ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, მატერიალურად უმწეო კატეგორიის დევნილთათვის სადაზღვევო პოლისების გაცემის ორგანიზების მიზნით;
დ) დევნილთა მიერ საცხოვრებლად ობიექტების თვითნებურად დაკავების ფაქტების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამების შესრულების კონტროლი და ანალიზი;
ვ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა-ინვენტარიზაცია;
ზ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში სარეაბილიტაციო ობიექტების შერჩევა;
თ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, დევნილთა განსახლების, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სარეაბილიტაციო ობიექტებში საბიუჯეტო სახსრებით მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი;
კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დევნილთა კომპაქტურად განსახლების სარეაბილიტაციო ობიექტთა შერჩევის კუთხით; სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ერთობლივი მონიტორინგის ორგანიზება;
ლ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა; დაბრუნების რეგიონებში რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება და მიმდინარეობის კონტროლი;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა განცხადებების, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მიღებული წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ო) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.
6. უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა;
ბ) დევნილთა და სხვა პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დაცვის მექანიზმების შემუშავება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებანი
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.