კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.11.2012
ძალაში შესვლა 03.12.2012
ძალის დაკარგვა 01.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №105/04
სარეგისტრაციო კოდი ნომინალი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 1 |
| 2 | 2 |
| 4 | 2 |
| 5 | 5 |
| 6 | 1 |
| 7 | 1 |
| 8 | 5 |
| 10 | A |
| 13 | 1 |
| 14 | მაქს.10 |
| 20 | B |
| 25 | Q |
| 50 | C |
| 100 | D |
| 200 | E |
დოკუმენტის ტექსტი
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№105/04
2012 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან
დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის და 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 3 დეკემბრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან
დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს წესი, ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკებისა და მათი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისათვის (შემდგომში – კომერციული ბანკი) ნაღდ ფულსა (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტა) და სხვა ფასეულობასთან (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები) დაკავშირებული ოპერაციების წარმოების ზოგად წესებს.
2.
კომერციული ბანკი ვალდებულია, ამ წესის შესაბამისად შეიმუშაოს დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციებით დაკავებულ პირთა ფუნქციებს, პასუხისმგებლობას, ასევე უზრუნველყოფენ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაციას და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვას.
3.
კომერციულ ბანკში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემის სამუშაო რეჟიმს კონკრეტული ერთეულისათვის განსაზღვრავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა.
4.
კომერციული ბანკის ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, უნდა აკმაყოფილებდნენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაცვისა და უსაფრთხოების პირობებს, რომელიც განისაზღვრება კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურთან შეთანხმებით. კომერციული ბანკის მიერ ფასეულობის დაზღვევის შემთხვევაში კი აღნიშნული პირობები განისაზღვრება, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურთან, ისე სადაზღვევო ორგანიზაციასთან შეთანხმებით. კომერციული ბანკების დაცვა უნდა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
5.
ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად სალაროს კვანძის მოწყობა რეკომენდებულია განხორციელდეს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
6.
კომერციულ ბანკს შეუძლია განახორციელოს საკუთარი და ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტურის ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციები საკუთარი ან სხვა საინკასაციო სამსახურების საშუალებით, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
7.
ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან მომუშავე პირების მატერიალური პასუხისმგებლობა განისაზღვრება კომერციული ბანკის ხელმძღვანელობასა და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
8.
ნაღდი ფულადი ოპერაციების განხორციელებისას კომერციული ბანკი ვალდებულია იხელმძღვანელოს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – საქართველოს ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესებითა და დირექტივებით.
9.
კომერციულ ბანკებში ლარის ბანკნოტების და მონეტების დამუშავება–დახარისხებაზე კონტროლს, ასევე ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
10.
კომერციული ბანკი ვალდებულია:
ა) ყოველგვარი შეფერხებისა და საზღაურის გარეშე უზრუნველყოს ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა).
ბ) ანგარიშსწორება განახორციელოს ერთი თეთრის სიზუსტით.
გ) ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები აღრიცხოს კონტროლის მექნიზმის შემცველი პროგრამული უზრუნველყოფით, სადაც დაცული უნდა იყოს ზუსტი აღრიცხვიანობის, ოპერატიულობის, თანმიმდევრულობისა და ყოველდღიურობის პრინციპი ისე, რომ შესაძლებელი იყოს ოპერაციის იდენტიფიცირება მის ყოველ ეტაპზე.
11.
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან, ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შემდეგი სახის ოპერაციებს:
ა) ნაღდი ფულის გაცემას მათ საკასო მომსახურების ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში;
ბ) ნაღდი ფულის მიღებას საკორესპოდენტო ანგარიშიზე ასახვის მიზნით;
გ) მკაცრი აღრიცხის ფორმების გაცემას, ასევე გაუქმებული ან გამოუყენებელი ფორმების მიღებას.
დ) მათ მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების მიღებას ექსპერტიზის მიზნით.
12.
საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს კომერციული ბანკიდან საექსპერტოდ მიღებული ეროვნული ვალუტის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობისა და ნამდვილობის დადგენას, ხოლო უცხოურ ვალუტაზე – მხოლოდ ნამდვილობის დადგენას.
13.
ეროვნულ ბანკი კომერციული ბანკის მომსახურების მიზნით, უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის რეგისტრაციას „ნაღდი ფულის და ფასეულობის შესახებ განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ (შემდგომში - „განაცხადების რეგისტრაციის სისტემა“).
14.
კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ მისთვის რეგისტრირებული მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაცვა. „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ კომერციული ბანკის მომხმარებლის სახელით განხორცილებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომერციულ ბანკს.
15.
კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წინასწარ, წერილობითი ფორმით, უგზავნის ინფორმაციას იმ უფლებამოსილი პირებისა და ავტომანქანების შესახებ, რომელთა მეშვეობით ეროვნულ ბანკში ან საქართველოს ეროვნული ბანკიდან განხორციელდება ნაღდი ფულისა და ფასეულობის ინკასირება. ასევე ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნამდვილი უცხოური, გადასახდელად უვარგისი ეროვნული და შემოტანილი უცხოური ვალუტის გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული ფულის ნიშნების გატანის შესახებ მინდობილობის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს და ხელმოწერის ნიმუშს. კომერციული ბანკი ვალდებულია მოწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილება აცნობოს ეროვნულ ბანკს.
16.
რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ კომერციული ბანკისათვის მართვის მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული პირადი ნომრის შემცველი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენისას კომერციული ბანკი ვალდებულია, ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თანხმობის საფუძველზე, ამ წესით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია განახორციელოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული პერსონალური მონაცემების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
კომერციული ბანკის სალაროს კვანძის მოწყობა და ტექნიკური გამაგრება
1.
კომერციული ბანკის სალაროს კვანძი მოიცავს ფასეულობათა საცავს, სალაროებს, გადათვლისა და ინკასატორთაგან ფულის მიღება-გაცემის ოთახებს. ცალკეული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე, სალაროს კვანძში ფასეულობათა საცავის, გადათვლისა და ინკასატორთაგან ფულის მიღება-გაცემის სათავსოს მოწყობის აუცილებლობას განსაზღვრავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა.
2.
სალაროს კვანძი უნდა განთავსდეს კომერციული ბანკის სხვა სათავსებისაგან იზოლირებულად ისე, რომ გამოირიცხოს მასში იმ პირების შესვლის შესაძლებლობა, რომლებიც სალაროს ქვედანაყოფის თანამშრომლებად არ ითვლებიან. ფასეულობათა საცავის გარსი არ უნდა ესაზღვრებოდეს გარე სივრცეს ან სხვა შენობას და მისი სიმტკიცე უნდა შეესაბამებოდეს არანაკლებ მე-5 კლასს (ცხრილი 3 гост 50862-96 „ფასეულობათა სეიფები და საცავები. სიმტკიცისა და ცეცხლგამძლეობის მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები”). იმ შემთხვევაში, თუ იგი ესაზღვრება გარე სივრცეს ან სხვა შენობას, საცავის გარსი უნდა აღიჭურვოს დაცვის დამატებითი სიგნალიზაციის საშუალებებით.
3.
სალაროს მუშაკის სამუშაო ფართობი კლიენტისაგან გამოიყოფა ტყვიაგაუმტარი მინის სარკმლისა და ფულის გადასაცემი მოწყობილობის (ხონჩა ან ბუნკერი) შემცველი ტიხრით (ისე, რომ შესაძლებელი იყოს კლიენტის მიერ ფულის გადათვლის ვიზუალური კონტროლი), რომლის სიმტკიცის კლასი უნდა იყოს არანაკლები ტყვიაგაუმტარი შუშისა. სალაროს მუშაკების სამუშაო ფართობი ერთმანეთისგან გამოიყოფა ტიხრით.
4.
სალაროს კვანძში შესასვლელი კარი და ტყვიაგაუმტარი მინა უნდა შეესაბამებოდეს სიმტკიცის არანაკლებ მე-3 კლასს (ცხრილი 3 гост 50862-96 „ფასეულობათა სეიფები და საცავები. სიმტკიცისა და ცეცხლგამძლეობის მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები”). ფასეულობათა საცავის კარები უნდა იყოს ჯავშნიანი და თავისი სიმტკიცის კლასით უნდა შეესაბამებოდეს საცავის გარსის სიმტკიცის კლასს. ჯავშნიანი კარები იკეტება არანაკლებ ორი საკეტით. ჯავშნიანი კარების გარდა საცავის კარის ჭრილში ყენდება ცხაურის კარი, რომელიც იღება შიგნით და იკეტება ორივე მხრიდან.
5.
სალაროს კვანძის მოწყობისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ევროსტანდარტებით დადგენილი ნორმები.
6.
ცალკეული ერთეულის სპეციფიკიდან და დაცულობიდან გამომდინარე, სალაროსა და კლიენტს შორის არასრული იზოლაციისა და მათი ერთ დარბაზში განთავსების მიზანშეწონილობას, ასეთ პირობებში ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე შესაბამისი დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, განსაზღვრავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა.
მუხლი 3🔗.
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის საინკასაციო სამსახური
1.
საინკასაციო მომსახურების განსახორციელებლად საინკასაციო სამსახური უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნებით, მაშუქი და ხმოვანი სასიგნალო საშუალებებით, რადიოკავშირით, ინკასატორთა უსაფრთხოებისა და გადასატანი ფასეულობების დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დაჯავშნული ავტოტრანსპორტით.
2.
ინკასაციის თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური აღჭურვილობითა და იარაღით, მათი უსაფრთხოებისათვის აუცილებელი დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით (ჯავშანჟილეტები და სხვ.).
3.
საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები უნდა იყვნენ სათანადოდ ჯანმრთელნი, უნდა ჰქონდეთ გავლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში შემოწმება და სპეციალური მომზადების კურსები, ასევე ნებართვა იარაღის ტარებასა და შენახვაზე.
მუხლი 4🔗.
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემა
1.
სალაროში ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემისას გამოყენებული დოკუმენტები (შემოსავალ-გასავლის საბუთები და სხვა) უნდა იძლეოდეს მომსახურე ბანკის, კოდის, ანგარიშის ნომრების, მიღებული და გაცემული თანხის (ციფრებით და სიტყვებით) ან სხვა ფასეულობის (აღწერილობით), ოპერაციის დანიშნულების და თარიღის დადგენის საშუალებას, ხოლო კლიენტის იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
2.
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მომსახურე ბანკის დასახელებას, გაყიდული ან შეძენილი ვალუტის დასახელებას, ოდენობას (სიტყვებით და ციფრებით), თარიღს, ხოლო კლიენტის იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3.
იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესრულებისას ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კლიენტის იდენტიფიკაცია სავალდებულო არაა, კონვერტაციის ოპერაციები შესაძლებელია აღირიცხოს რეესტრში, ცალ-ცალკე ოპერაციების მიხედვით.
4.
ნაღდი ფულის მიღების, გაცემის, ვალუტის გადაცვლის და სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტი დგება მინიმუმ ერთ ეგზემპლარად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა).
5.
ნაღდი ფულის მიღების, გაცემის, ვალუტის გადაცვლის და სხვა მსგავსი ტიპის დამოწმებული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარის კლიენტზე გადაცემა ხორციელდება მოთხოვნის შემთხვევაში.
6.
ბანკს შეუძლია ნაღდი ფულის გაცემის ოპერაციები განახორციელოს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მეშვეობით, რომელთა დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის წესები რეგულირდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7.
იურიდიულ პირებს შეუძლიათ ნაღდი ფული შეიტანონ მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე.
8.
დაუშვებელია კლიენტის მიერ სალაროში ფულის შემოტანის გარეშე თანხის მის ანგარიშზე ასახვა თანხის იმავდროულად გატანის მიზნით.
9.
ნაღდი ფულის ინკასირების მიზნით, კლიენტისაგან დავალების (განაცხადის) მიღება შესაძლებელია დაცული ფორმის ელექტრონული (ინტერნეტ-ბანკი, ბანკი-კლიენტი და სხვა) საშუალებებით. ინკასაციის პროცესში თანხის მიღება-გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმება ხდება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
10.
ბანკს შეუძლია ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს ბანკომატისა და ფულის მიღება-გაცემის სხვა ალტერნატიული ავტომატური მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უნდა იძლეოდეს ამონაბეჭდს, როგორც კლიენტისათვის გაცემული თანხის ოდენობის, ისე არსებული და ჩატვირთული ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ.
11.
კლიენტის მიერ შემოტანილი ნაღდი ფულის გადათვლისას ზედმეტობა-დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში ზედმეტობა უბრუნდება კლიენტს ან ჩაირიცხება მის ანგარიშზე, ხოლო გამოვლენილი დანაკლისის თანხა არ ექვემდებარება ანგარიშზე ასახვას.
12.
კლიენტის მიერ შემოტანილ ფულში ან ინკასირებულ (მათ შორის დაქვემდებარებული ობიექტებიდან) ნაღდფულიან ჩანთებში საეჭვო ფულის (რომელთა ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე) გამოვლენის შემთხვევაში, დგება ცნობა (შესაბამისად დანართი №1 ან დანართი №2) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი – ეძლევა კლიენტს (ან დაქვემდებარებულ ობიექტს), მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 დღის განმავლობაში ატყობინებს კომერციულ ბანკს. ექსპერტიზის შედეგად:
ა) ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ხოლო ყალბი და/ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება.
ბ) ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი - კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება კლიენტს.
გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება კლიენტისათვის გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის დაბრუნება, კომერციული ბანკი ფულის ნიშანს საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ცნობის (შესაბამისად დანართი №1 ან დანართი №2) ქსეროასლთან ერთად უბრუნებს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
დ) თუ კლიენტი უარს აცხადებს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის მიღებაზე, კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირი ფულის ნიშანს საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ცნობის (შესაბამისად დანართი №1 ან დანართი №2) ქსეროასლთან ერთად უბრუნებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც დასტურდება კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირის და კლიენტის ხელმოწერებით.
13.
იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ ადგილზე ხდება ფულის ნიშნის გადასახდელად უვარგისად ცნობა, ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება:
ა) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება კლიენტს. კომერციული ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) ორ ეგზემპლარად, რომელიც ხელმოწერით დასტურდება ორივე მხარის მიერ. ცნობის ერთი ეგზემპლარი ფულის ნიშანთან ერთად გადაეცემა კლიენტს, ხოლო მეორე - რჩება კომერციულს ბანკს;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის ფულის ნიშნის დაბრუნება კომერციული ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) ორ პირად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სალაროს, მეორე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
გ) თუ კლიენტი უარს აცხადებს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის მიღებაზე, კომერციული ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) სამ პირად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა კლიენტს, მეორე რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირისა და კლიენტის ხელმოწერებით.
დ) იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილი გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი ექსპერტიზის შედეგად აღმოჩდა ვარგისი, შესაბამისი თანხა ექვემდებარება კლიენტისათვის ანაზღაურებას.
14.
კლიენტს უფლება აქვს კომერციული ბანკის სალაროდან მიღებული ნაღდი ფული გადაითვალოს ფურცლობით და ცალობით პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით. მიღებული ფულის გადათვლისას დანაკლისი ანაზღურდება, ხოლო ზედმეტობა ფორმირებული ფულის შემთხვევაში ჩაირიცხება ბანკის შესაბამის ანგარიშზე, არაფორმირებული ფულის შემთხვევაში - უბრუნდება სალაროს.
15.
კლიენტის მიერ ფულის გადაუთვლელობის შეთხვევაში კომერციული ბანკი არ არის ვალდებული დააკმაყოფილოს მისი პრეტენზია დანაკლისის ანაზღაურების თაობაზე.
მუხლი 5🔗.
ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესი
1.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო სისტემაში მოქმედებს ამ მუხლში მოცემული ნაღდი ფულის (ბანკნოტებისა და მონეტების) ფორმირებისა და შეფუთვის ერთიანი წესი.
2.
ბანკნოტებისა და მონეტების დახარისხება ხდება ვალუტების, ნომინალებისა და ვარგისობის კატეგორიების მიხედვით ცალ-ცალკე.
3.
ფულის ნიშნების შეფუთვა ხდება პოლიეთილენის პაკეტებში და მათ ფორმირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მფორმირებელ მოლარეს (ბრიგადული სისტემის შემთხვევაში – მფორმირებელ ბრიგადას).
4.
ბანკნოტების ფორმირება ხდება ნომინალის მიხედვით, ნეკნებად და კონებად. ერთი ნეკნი შეიცავს ერთი და იმავე ნომინალის ას ფურცელს, ხოლო ერთი კონა ათ ნეკნს. მონეტების ფორმირება ხდება ნომინალის მიხედვით, ერთ პაკეტში მოთავსებული ეროვნული ვალუტის მონეტების მაქსიმალური რაოდენობა ნომინალების მიხედვით უნდა იყოს: 1 თეთრი – 2000 ცალი, 2 თეთრი – 1500 ცალი, 5 თეთრი – 1000 ცალი, 10 თეთრი – 1000 ცალი, 20 თეთრი – 800 ცალი, 50 თეთრი – 1000 ცალი, 1 ლარი – 500 ცალი, 2 ლარი – 500 ცალი, 10 ლარი – 500 ცალი.
5.
ერთი და იმავე ნომინალის ბანკნოტების სრული ნეკნები, რომელთაგან სრული კონების ფორმირება არ ხერხდება, შეიძლება შეიფუთოს არასრულ კონებად, რომლის ეტიკეტზე (ზედსადებზე) დამატებით აღინიშნება წარწერა ,,არასრული”.
6.
სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტების სრული და არასრული ნეკნები შეიძლება დაფორმირდეს ნაკრებ კონებად, რომლის თითოეული ნეკნი არ უნდა შეიცავდეს ასზე მეტ ფურცელს. ნაკრები კონების ეტიკეტზე (ზედსადებზე) დამატებით აღინიშნება წარწერა ,,ნაკრები”.
7.
მონეტების ფორმირება შესაძლებელია არასრულ და ნაკრებ პაკეტებად, რაზედაც შესაბამისად მიეთითება წარწერა -,,არასრული” ან ,,ნაკრები”.
8.
ბანკნოტების კონებისა და მონეტების პაკეტის ეტიკეტზე (ზედსადებზე) უნდა მიეთითოს ვალუტის დასახელება, ნომინალი, ბანკნოტების/მონეტების რაოდენობა, მთლიანი თანხა (ნაკრების შემთხვევაში დამატებით - თანხა ნომინალების მიხედვით), შეფუთვის თარიღი, მფორმირებელი პირის ხელმოწერა, ბანკის დასახელება და კოდი, ასევე შესაძლებელია მფორმირებელი პირის სახელის, გვარის ან რიგითი ნომრის (ბრიგადის ნომრის) მითითება.
9.
ბანკნოტებისა და მონეტების პოლიეთილენის პაკეტით შეფუთვა ხდება პაკეტის შედუღებით, რომლის ნაკერზეც ისმება კლიშეს ანაბეჭდი შემდეგი რეკვიზიტებით: ბანკის დასახელება და კოდი.
მუხლი 6🔗.
ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები
1.
კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები.
2.
ნაღდი ფულის ფორმირებისათვის საჭირო შტამპებზე უნდა აღინიშნებოდეს კომერციული ბანკის დასახელება, კოდი, ასევე შესაძლებელია მოლარის გვარის და სახელის ან რიგითი ნომრის (ბრიგადის ნომრის) მითითება.
3.
დასალუქ საშუალებებზე უნდა იკითხებოდეს რიგითი ნომერი, ბანკის კოდი ან დასახელება.
4.
ფულადი საბუთების გასაფორმებელ ბეჭდებზე უნდა აღინიშნებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ასევე შესაძლებელია სალაროს ტიპის და რიგითი ნომრის აღნიშვნა.
5.
ინკასატორთათვის გამოსაყენებელ შტამპებზე უნდა იკითხებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ინკასატორის გვარი და სახელი ან რიგითი ნომერი.
6.
კომერციულ ბანკებს შეუძლიათ დაამზადონ შტამპები წარწერით: „მოძველებული“, ,,ნაკრები’’, ,,არასრული” ,,საკონტროლო გადათვლა’’, თარიღი და სხვა.
მუხლი 7🔗.
ნაღდი ფულის გადასატანი კონტეინერის მახასიათებლები და ფორმირება
1.
ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკებიდან ნაღდი ფულის მიღება და საქართველოს ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკზე ნაღდი ფულის გაცემა ხორციელდება კონტეინერების მეშვეობით.
2.
კონტეინერის კონსტრუქცია უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კონტეინერის შიდა ზომა უნდა იყოს 345.5X345.5X185მმ, ხოლო გარე ზომა-395X395X200მმ;
ბ) ცარიელი კონტეინერის წონა არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოგრამს, ხოლო დატვირთული კონტეინერი უნდა უძლებდეს მასში განთავსებული 35 კილოგრამი ტვირთის წონას;
გ) კონტეინერს უნდა გააჩნდეს ისეთი ფორმა, რომელიც გამორიცხავს მათი ერთმანეთზე დაწყობის შემთხვევაში დაცურება/გადმოვარდნის შესაძლებლობას, უზრუნველყოფდეს 15 გრადუსამდე კუთხით დახრილ სიბრტყეზე მათ ერთმანეთზე დაწყობას და მათი ერთმანეთზე დაწყობის შემთხვევაში 300 კილოგრამამდე დატვირთვას;
დ) კონტეინერი უნდა დამზადდეს მაღალი მდგრადობის ალუმინის ფურცლებისაგან, სპეციალური პრესის მეშვეობით და მისი კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მანიპულაციის/დაზიანების გარეშე მის შიდა სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას;
ე) კონტეინერის კუთხეები და გვერდითა ზედაპირები უნდა იყოს მომრგვალებული. სახურავი უნდა იხსნებოდეს გარეთა მხრიდან. კონტეინერის შიდა ზედაპირები უნდა იყოს პოლირებული, რათა მასში ფულის ჩაწყობისა და ამოლაგების დროს ხახუნსა და წინააღმდეგობას არ ჰქონდეს ადგილი. გამოყენებული მოქლონვის დროს მისი თავის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მმ, ხოლო სახურავის უსაფრთხო მექანიზმზე 5 მმ;
ვ) კონტეინერის სახურავის ასახდელი მექანიზმი დახურულ მდგომარეობაში დაცული უნდა იყოს მანიპულაციისაგან. სახურავის ახდის კუთხე უნდა შეადგენდეს 100 გრადუსს. კონტეინერის სახურავის გარეთა კიდე უნდა იყოს მოღუნული და გადაფარვით მთლიანად ეხურებოდეს კონტეინერის გვერდით ზედაპირებს;
ზ) სახურავის მჭიდროდ დახურვის მიზნით კონტეინერი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეზინის ჩანართებით. მას უნდა გააჩნდეს ორი გვერდითი და ერთი წინა მხარეს სახელური, რომლებიც ზამბარის დაჭიმულობის მეშვეობით მიბჯენილი იქნება კონტეინერის კედლებზე, თითოეული მათგანი უნდა უძლებდეს 35 კილოგრამამდე წონას;
თ) კონტეინერს გვერდითა ზედაპირებზე ერთ ზოლად უნდა ჰქონდეს მცირე ზომის საჰაერო ნახვრეტები. წინა მხარეს უნდა გააჩნდეს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისეთი ფორმის მყარი საკეტი, რომლებიც ზამბარის მეშვეობით უზრუნველყოფენ სახურავის ავტომატურ დაკეტვას. საკეტს უნდა ჰქონდეს ლუქის ჩამოსაკიდი 8 მმ დიამეტრის ნახვრეტი;
ი) კონტეინერს, წინა გვერდით ნაწილზე უნდა ჰქონდეს 165X60 მმ ზომის საინფორმაციო ბარათის ჩასადები, დარტყმაგამძლე მასალისაგან დამზადებული, გამჭვირვალე ჯიბე. აღნიშნული ჯიბის ზედა ნაწილი კონტეინერის სახურავის დახურვისას უნდა დაიფაროს ნაწილობრივ, ისე რომ შეუძლებელი იყოს საინფორმაციო ბარათის ამოღება/ჩადება. ამ შემთხვევაში მისი ზომა უნდა იყოს 130X60 მმ;
კ) კონტეინერის წინა მხარეს, სახელურის ქვევით მკაფიოდ ამოტვიფრული (ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი გადაკეთება) უნდა იყოს არანაკლებ 20 მმ სიმაღლის ნომერი, რომლის პირველი ორი სიმბოლო ბანკის ორნიშნა კოდია, ხოლო დანარჩენი ციფრები ასახავს კონტეინერის რიგით ნომერს;
ლ) კონტეინერი უნდა გადიოდეს შემდეგი ტიპის გამოცდებს: კონტეინერის სახურავი, ძირი და ყველა გვერდი უნდა უძლებდეს 1 მეტრი სიმაღლიდან ფოლადის 32 მმ დიამეტრის და 7 კილოგრამის წონის ცილინდრის დაცემას, კონტეინერის 2.5 მეტრი სიმაღლიდან 35 კილოგრამიანი შიგთავსით ვარდნის შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს საკეტებისა და ლუქების მთლიანობა;
3.
კონტეინერებში ნაღდი ფულის განთავსება ხორციელდება ვალუტების, ბანკნოტების/მონეტების და ნომინალების მიხედვით. კონტეინერებში შესაძლებელია განთავსებული იყოს როგორც სრული ისე არასრული კონები/პაკეტები.
4.
კონტეინერებში განთავსებული ბანკნოტების თითოეული ნომინალის მიხედვით კონების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12 კონას, გარდა 200 ლარის ნომინალისა, რომლის რაოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 8 კონას.
5.
კონტეინერებში განთავსებული მონეტების პაკეტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: 1 თეთრი – 12 პაკეტს, 2 თეთრი – 12 პაკეტს, 5 თეთრი – 14 პაკეტს, 10 თეთრი – 11 პაკეტს, 20 თეთრი – 8 პაკეტს, 50 თეთრი – 5 პაკეტს, 1 ლარი – 8 პაკეტს, 2 ლარი – 8 პაკეტს და 10 ლარი – 6 პაკეტს.
მუხლი 8🔗.
ნაღდი ფულის გადასატანი კონტეინერის ეტიკეტის მახასიათებლები
1.
კონტეინერს უნდა ქონდეს ეტიკეტი, ზომით 165X58მმ, რომელზეც მითითებულ უნდა იქნეს:
ა) ბანკის დასახელება;
ბ) კონტეინერის ლუქის ნომერი (დასალუქი საშუალების ნომერი);
გ) ვალუტა;
დ) ნომინალი;
ე) თანხა;
ვ) კატეგორია;
ზ) თარიღი;
თ) შტრიხ-კოდი (მათ შორის შტრიხ-კოდის სიმბოლოები);
2.
ეტიკეტზე დატანილი ტექსტის ფონტი უნდა იყოს ,,Sylfaen“, ზომა - 11, სტილი - ,,Normal“.
3.
კონტეინერის ეტიკეტი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილი მოიცავს ეტიკეტის ზედა კიდიდან 35მმ;
ბ) ბანკის დასახელების ველი უნდა განთავსდეს ეტიკეტის ცენტრში, კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილიდან 4მმ დაშორებით;
გ) ველები (გარდა „ბანკის დასახელება“) უნდა განთავსდეს მარცხენა კიდიდან 3.75 მმ დაშორებით;
დ) შტრიხ-კოდი უნდა განთავსდეს ვერტიკალურად, კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილსა და ქვედა კიდეს შორის ცენტრში, მარჯვენა კიდიდან 3.75 მმ დაშორებით;
ე) ველი „თარიღი“ უნდა განთავსდეს ქვედა კიდიდან 7.88მმ დაშორებით;
ვ) ველი „უკატეგორიო“ - ველი „თარიღი“-დან 7.88მმ დაშორებით;
ზ) ველი „კატეგორია“ - ველი „უკატეგორიო“-დან 5.25მმ დაშორებით;
თ) თანხის რაოდენობის ველი - ველი „კატეგორია“-დან 7.88მმ დაშორებით;
ი) ველი „თანხა“ - თანხის რაოდენობის ველიდან 5.25მმ დაშორებით;
კ) ნომინალის დასახელების ველი - ველი „თანხა“-დან 7.88მმ დაშორებით;
ლ) ველი „ნომინალი“ - ნომინალის დასახელების ველიდან 5.25მმ დაშორებით;
მ) ვალუტის დასახელების ველი - ველი „ნომინალი“-დან 7.88მმ დაშორებით;
ნ) ველი „ვალუტა“ - ვალუტის დასახელების ველიდან 5.25მმ დაშორებით;
ო) კონტეინერის/ლუქის ნომრის ველი, ფონტის სტილი: Bold - ველი „ვალუტა“ -დან 11.88მმ დაშორებით;
პ) ველი „კონტეინერის/ლუქის ნომერი“ - კონტეინერის/ლუქის ნომრის ველიდან 6.63მმ დაშორებით;
4.
კონტეინერის ეტიკეტის შტრიხ-კოდი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სტანდარტი: CODE 128;
ბ) სიგანე 9.25მმ;
გ) ფონტის ზომა: 9;
დ) ფონტის სტილი: Bold.
5.
კონტეინერის ეტიკეტის შტრიხ-კოდის სტუქტურის აღწერილობა:
საწყისი პოზიცია
სიგრძე
აღწერა
ტიპი
1
1
სიგნატურა
C
ყოველთვის - 1
2
2
ბანკის ორნიშნა IBAN კოდი
ბანკის კოდი
4
2
ფილიალის კოდი
BB
Base32-ში გადაყვანალი რიცხვი 0-დან 1023-მდე
6
1
ვალუტა/ბანკნოტი-მონეტა
პუნქტი 11
7
1
ნომინალი
პუნქტი 12
8
5
რაოდენობა
BBBBB
base32-ში გადაყვანალი რიცხვი
13
1
კატეგორია
base32-ში გადაყვანალი კატეგორიის ნომერი - 0
14
მაქს.10
კონტეინერის ნომერი
CCCCCCCCCC
მხოლოდ ლათინური დიდი ასოები და ციფრები
X
1
საკონტროლო ციფრი
C
პუნქტი 13
6.
ვალუტა/ბანკნოტი-მონეტა
ვალუტა
ბანკნოტი/მონეტა
კოდი
GEL
ბანკნოტი
G
GEL
მონეტა
g
USD
ბანკნოტი
U
USD
მონეტა
u
GBP
ბანკნოტი
B
GBP
მონეტა
b
EUR
ბანკნოტი
E
EUR
მონეტა
e
7.
ნომინალი
ნომინალი
კოდი
1
1
2
2
5
5
10
A
20
B
50
C
25
Q
100
D
200
E
500
F
8.
საკონტროლო ციფრის დადგენა ხდება 2 ეტაპად:
ა) შტრიხ-კოდის ათობით კოდში გადაყვანა;
ბ) ჰეშირების ალგორითმით საკონტროლო ციფრის გამოთვლა (Verhoeff-ის ალგორითმით).
9.
დაგენერირებული შტრიხ-კოდის ათობით სტრიქონში გადაყვანა ხდება შტრიხ-კოდის თითოეული სიბმოლოს ASCII კოდის შესაბამისი რიცხვის ტექსტური ექვივალენტის ერთმანეთის გვერდით მიწერა.
მუხლი 9🔗.
კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში ნაღდი ფულის ნიშნების შეტანა
1.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისაგან ნაღდი ფულის მიღება ხორციელდება დალუქული კონტეინერების მეშვეობით, სადაც განთავსებული უნდა იყოს მოქმედი წესით ფორმირებული ბანკნოტები და მონეტები.
2.
კომერციული ბანკებისაგან მისაღები ნაღდფულიანი კონტეინერების გამჭირვალე ჯიბეში განთავსებული უნდა იყოს ეტიკეტი, შემდეგი მონაცემებით:
ა) ბანკის დასახლება;
ბ) კონტეინერის ლუქის ნომერი (ბანკის ორნიშნა IBAN კოდი და არა უმეტეს რვა ციფრი);
გ) ვალუტა;
დ) ნომინალი;
ე) თანხა;
ვ) სახეობა (ბანკნოტი/მონეტა);
ზ) კატეგორია;
თ) თარიღი.
ი) შტრიხკოდი.
3.
კომერციული ბანკი ნაღდი ფულის შეტანის მიზნით, თანხის შეტანის დღეს არა უგვიანეს 10:30 საათისა „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს ვალუტების მიხედვით „ნაღდი ფულის შეტანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განაცხადის ნომერს;
ბ) თარიღს;
გ) თანხის შეტანის სავარაუდო დროს;
დ) კომერციული ბანკის დასახელებას;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;
ვ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს;
თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ი) კონტეინერის ლუქის ნომერს;
კ) ვალუტას;
ლ) ნომინალს;
მ) თანხას;
ნ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა).
4.
განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, ნაღდი ფულის მართვის სისტემაში (შემდგომში - „CMM სისტემა“) საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის დამუშავება, რაც მოიცავს:
ა) კონტეინერებში ნომინალების მიხედვით განთავსებული კონების/პაკეტების რაოდენობის შემოწმებას, შეუსაბამობის შემთხვევაში კი კომენტარის ველში შესაბამისი მითითების გაკეთებას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის ცვლილებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში მიმღები საკასო ცენტრის ცვლილებას;
5.
განაცხადის სისწორის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს განაცხადის იმავდროულ ავტორიზაციას, ხოლო ცვლილების შემთხვევაში - ავტორიზაცია ხორციელდება კომერციული ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ. კომერციული ბანკის მიერ ცვლილების არდადასტურების შემთხვევაში განაცხადი უქმდება.
6.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადის ავტორიზაციის შემდგომ „განაცხადების რეგისტრაციის სისტემა“ ავტომატურად ახდენს დაშვების და განგაშის პაროლების გენერირებას. პაროლების უფლებამოსილ პირზე გადაცემა ხორციელდება ისე, რომ გამოირიცხოს მისი სხვა პირისათვის წვდომა.
7.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირების და საინკასაციო მანქანების საქართველოს ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება ხორციელდება მხოლოდ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ დაშვების პაროლის გაცხადების შემდგომ, ხოლო განგაშის პაროლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე სახის საფრთხე ნაღდი ფულისა და ფასეულობის დაცულობასთან დაკავშირებით.
8.
დაშვების სწორი პაროლის გაცხადების შემდგომ საქართველოს ეროვნულ ბანკში დაცვის სამსახური ახდენს კომერციული ბანკის ინკასატორებისა და საინკასაციო მანქანების იდენტიფიცირებას და მომსახურების სალაროსთან მისვლის მიზნით მათზე სპეციალური ბარათის გადაცემას, რის შემდგომაც კომერციული ბანკის თანხის შემოტანაზე უფლებამოსილი პირები კონტეინერებს ანთავსებენ სპეციალურად გამოყოფილ ურიკებში.
9.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს „CMM სისტემაში“ განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და ურიკებში განთავსებული კონტეინერების მიღებას კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ. კონტეინერების მიღება მოიცავს:
ა) კონტეინერისა და ლუქის მთლიანობის შემოწმებას;
ბ) შტრის-კოდის წამკითხველის მეშვეობით კონტეინერის „CMM სისტემაში“ აღრიცხვას, მასზე არსებული ეტიკეტის მიხედვით;
გ) კონტეინერის ლუქის ნომრის შედარებას ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან;
10.
„CMM სისტემაში“ კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ პროგრამა ახდენს აღრიცხული და კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილი მონაცემების შედარებას, რის შემდეგაც კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით.
11.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას, განაცხადის კომერციულ ბანკში გაგზავნას და მის ამობეჭდვას 2 ეგზემპლარად.
12.
განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.
13.
კომერციული ბანკის მიერ შემოტანილი ნაღდი ფულის შესაბამისი თანხა „CMM სისტემის“ მეშვეობით აისახება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.
14.
იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერების მიღებისას დარღვეულია ლუქისა და კონტეინერის სიმრთელე ან „CMM სისტემაში“ კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ, დაფიქსირდა შეუსაბამობა (ლუქის ნომერი, ეტიკეტზე არსებული მონაცემები):
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ელექტრონული განაცხადის დაწუნება, კომენტარის ველში შეუსაბამობის აღნიშვნა, მონაცემების საბოლოო დადასტურება და კონტეინერების კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება;
ბ) კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოახდინოს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ინფორმაციის, დაბრუნებული კონტეინერების და ლუქის მონაცემების ურთიერთშედარება და აღნიშნულის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება.
15.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას, განაცხადის კომერციულ ბანკში გაგზავნას და მის ამობეჭდვას 2 ეგზემპლარად.
16.
განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.
17.
იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ არ მოხდა განაცხადით დადგენილ დროს ნაღდი ფულის შემოტანა, საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არა უგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას.
18.
კომერციული ბანკის მიერ შემოტანილი ეროვნული და უცხოური ვალუტა საკონტროლოდ გადაითვლება თანხის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა.
19.
გადათვლის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობის და/ან დანაკლისის შესახებ დგება ცნობა, რომელიც ეგზავნება კომერციულ ბანკს. ზედმეტობის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა ან/და დანაკლისის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება გადათვლიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
20.
გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული უცხოური ვალუტის შესაბამისი თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება გადათვლიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო შემოტანილი მოძველებული ფულის ნიშანი უბრუნდება კომერციულ ბანკს.
21.
გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების შესახებ დგება ცნობა, რომელიც ეგზავნება კომერციულ ბანკს. ექსპერტიზის შედეგები კომერციულ ბანკს ეცნობება არა უგვიანეს თხუთმეტი სამუშაო დღისა.
22.
ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტა, ასევე ყალბი უცხოური ვალუტა არ ანაზღაურდება და შესაბამისი თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის დაბრუნების საკითხი რეგულირდება საკასო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
კომერციული ბანკებისაგან ეროვნულ ბანკში გაუქმებული ან გამოუყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანა
1.
კომერციული ბანკი მკაცრის აღრიცხვის ფორმების ეროვნულ ბანკში შეტანის მიზნით, შეტანის დღის არა უგვიანეს 10:30 საათისა „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს დასახელებების მიხედვით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განაცხადის ნომერს;
ბ) თარიღს;
გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის სავარაუდო დროს;
დ) კომერციული ბანკის დასახელებას;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;
ვ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს;
თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ი) დოკუმენტის დასახელებას;
კ) სერიას;
ლ) საწყის და საბოლოო ნომერს;
მ) რაოდენობას.
2.
კომერციული ბანკის მიერ განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, „CMM სისტემაში“ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის იმავდროული ავტორიზაცია, ხოლო განაცხადში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის და/ან საკასო ცენტრის ცვლილების შემთხვევაში - კომერციული ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ. კომერციული ბანკის მიერ ცვლილების არდადასტურების შემთხვევაში განაცხადი უქმდება.
3.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების საქართველოს ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანის მიზნით ხორციელდება მე-9 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.
4.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს „CMM სისტემაში“ განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და ფაქტობრივად წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების საფუძველზე „CMM სისტემაში“ შემდეგი ინფორმაციის შეყვანას:
ა) დოკუმენტის დასახელება;
ბ) სერია;
გ) ნომერი.
5.
„CMM სისტემაში“ მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების სრულად აღრიცხვის შემდგომ პროგრამა ახდენს აღრიცხული და კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილი მონაცემების შედარებას, რის შემდეგაც კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით.
6.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას, განაცხადის კომერციულ ბანკში გაგზავნას და მის ამობეჭდვას 2 ეგზემპლარად.
7.
განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.
8.
იმ შემთხვევაში, თუ „CMM სისტემაში“ მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების სრულად აღრიცხვის შემდგომ დაფიქსირდა შეუსაბამობა (მკაცრი აღრიცხვის ფორმების დასახელება, სერია, ნომერი და რაოდენობა):
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ელექტრონული განაცხადის დაწუნება, კომენტარის ველში შეუსაბამობის აღნიშვნა, მონაცემების საბოლოო დადასტურება და მკაცრი აღრიცხვის ფორმების კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება;
ბ) კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოახდინოს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ინფორმაციისა და დაბრუნებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების ურთიერთშედარება და აღნიშნულის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება.
9.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას, განაცხადის კომერციულ ბანკში გაგზავნას და მის ამობეჭდვას 2 ეგზემპლარად.
10.
განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.
11.
იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ არ მოხდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების განაცხადით დადგენილ დროს შეტანა, საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არა უგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას.
მუხლი 11🔗.
კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკიდან ნაღდი ფულის ნიშნების გატანა
1.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკზე ნაღდი ფულის გაცემა, მისი საკასო მომსახურების ანგარიშზე არსებული თანხის ფარგლებში, ხორციელდება დალუქული კონტეინერების მეშვეობით.
2.
კომერციული ბანკი, ნაღდი ფულის გატანის მიზნით, წინა სამუშაო დღის 16:00 საათამდე „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს ვალუტების მიხედვით „ნაღდი ფულის გატანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განაცხადის ნომერს;
ბ) თარიღს;
გ) თანხის გატანის სავარაუდო დროს;
დ) კომერციული ბანკის დასახელებას;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;
ვ) გატანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს;
თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ი) ვალუტას;
კ) ნომინალს;
ლ) თანხას(სრული კონების/პაკეტების გათვალისწინებით);
მ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა).
3.
განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, „CMM სისტემაში“ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის დამუშავება, რაც მოიცავს:
ა) შემოწმებას, შედგება თუ არა მოთხოვნილი თანხა ნომინალების მიხედვით სრული კონებისაგან/პაკეტებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარის ველში შესაბამისი მითითების შეტანას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის ნომინალების ჭრილში ცვლილებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის ცვლილებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში გამცემი საკასო ცენტრის ცვლილებას.
4.
განაცხადის სისწორის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს განაცხადის იმავდროულ ავტორიზაციას, ხოლო ცვლილების შემთხვევაში - ავტორიზაცია ხორციელდება კომერციული ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ, რის შემდგომაც „CMM სისტემა“ საკორესპონდენტო ანგარიშიდან საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის გადატანის მიზნით აგენერირებს საგადახდო დავალებას. კომერციული ბანკის მიერ ცვლილების არ დადასტურების შემთხვევაში განაცხადი უქმდება.
5.
ეროვნულ ბანკს შეუძლია განაცხადის გაუქმება, იმ შემთხვევაში, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე საკმარისი თანხის არ არსებობის გამო განაცხადის რეგისტრაციის დღის 16:20 საათამდე საკასო მომსახურების ანგარიშზე არ მოხდა შესაბამისი თანხის ჩარიცხვა.
6.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების საქართველოს ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება ნაღდი ფულის გატანის მიზნით ხორციელდება მე-9 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.
7.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს „CMM სისტემაში“ განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და კონტეინერების გაცემას, რაც მოიცავს:
ა) შტრის-კოდის წამკითხველის მეშვეობით კონტეინერის „CMM სისტემაში“ აღრიცხვას მასზე არსებული ეტიკეტის მიხედვით;
ბ) კონტეინერის ლუქის ნომრის შედარებას, ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან;
8.
„CMM სისტემაში“ კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ პროგრამა ახდენს აღრიცხული და კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილი მონაცემების შედარებას და შესაბამისობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირზე კონტეინერების გადაცემა.
9.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი კონტეინერების მიღების შემდგომ ახდენს კონტეინერის ლუქის ნომრის და ეტიკეტზე არსებული მონაცემების, ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემებთან შედარებას და სისწორის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას.
10.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას, განაცხადის კომერციულ ბანკში გაგზავნას და მის ამობეჭდვას 2 ეგზემპლარად.
11.
განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.
12.
კომერციული ბანკის მიერ გატანილი ნაღდი ფულის შესაბამისი თანხა „CMM სისტემის“ მეშვეობით ჩამოიჭრება კომერციული ბანკის საკასო მომსახურების ანგარიშიდან.
13.
იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ არ მოხდა ნაღდი ფულის განაცხადით დადგენილ დროს გატანა, საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას, რის საფუძველზეც შესაბამისი თანხა „CMM სისტემის“ მიერ ჩაირიცხება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
საქართველოს ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გატანა
1.
საქართველოს ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ბლანკები გაიცემა კომერციული ბანკის მიერ ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე თანხის (ბლანკების ღირებულების) ჩარიცხვის საფუძველზე.
2.
კომერციული ბანკი, მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის მიზნით, წინა სამუშაო დღის 16:00 საათამდე „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს დასახელებების მიხედვით „მკაცრი აღრიცხვის გატანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განაცხადის ნომერს;
ბ) თარიღს;
გ) მკაცრი აღრიცხვის გატანის სავარაუდო დროს;
დ) კომერციული ბანკის დასახელებას;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;
ვ) გატანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს;
თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ი) დოკუმენტის დასახელებას;
კ) რაოდენობას.
3.
განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, „CMM სისტემაში“ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის იმავდროული ავტორიზაცია, ხოლო განაცხადში მკაცრი აღრიცხვის ფორმების რაოდენობის და/ან საკასო ცენტრში შემოსვლის დროის და/ან საკასო ცენტრის ცვლილების შემთხვევაში - კომერციული ბანკის მიერ პროგრამული დასტურის შემდგომ. კომერციული ბანკის მიერ ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება.
4.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს განაცხადი, თუ კომერციული ბანკის მიერ არ განხორციელდა განაცხადის რეგისტრაციის დღის 16:20 საათამდე მკაცრი აღრიცხვის ფორმების ღირებულების შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა.
5.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების საქართველოს ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის მიზნით ხორციელდება მე-9 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.
6.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს „CMM სისტემაში“ განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, რაც მოიცავს „CMM სისტემაში“ შემდეგი მონაცემების შეყვანას:
ა) დოკუმენტის დასახელება;
ბ) სერია (არსებობის შემთხვევაში);
გ) ნომერი.
7.
„CMM სისტემაში“ მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების სრულად შეტანის შემდგომ პროგრამა ახდენს შეტანილი და კომერციული ბანკის განაცხადით მოთხოვნილი მონაცემების შედარებას და შესაბამისობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი გადასცემს კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, რომელიც ახდენს მიღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დასახელების, სერიისა და რაოდენობის, ელექტრონულ დაფაზე გამოტანილ მონაცემებთან შედარებას და სისწორეს ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით .
8.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას, განაცხადის კომერციულ ბანკში გაგზავნას და მის ამობეჭდვას 2 ეგზემპლარად.
9.
განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.
10.
იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ არ მოხდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანა, საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა ახდენს აღნიშნული განაცხადების გაუქმებას და შესაბამისი თანხის კომერციული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე ჩარიცხვას.
11.
გადმორიცხული თანხის მის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნება ხდება არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
მუხლი 13🔗.
კომერციული ბანკის მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების ეროვნულ ბანკში ექსპერტიზის მიზნით შეტანა და ფულის ნიშნების საქართველოს ეროვნული ბანკიდან გაცემა
1.
კომერციული ბანკის მიერ კლიენტის შეტანილ ფულში ან ინკასირებულ ნაღდფულიან ჩანთებში გამოვლენილი საეჭვო ფულის (რომელთა ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისიანობის დადგენა ვერ ხერხდება კომერციული ბანკის მიერ) ექსპერტიზის მიზნით მიღება ხორციელდება თანხმლებ ცნობასთან ერთად.
2.
საეჭვო ფულის მიღების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას, მიღებულ საეჭვო ფულს უდარებს წარმოდგენილი ცნობის მონაცემებს და მათ საფუძველზე „CMM სისტემის“ „საეჭვო ფულის ნიშნების მიღების შესახებ“ ცნობის შევსებას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) თარიღს;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;
გ) კომერციული ბანკის დასახელებას;
დ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ე) ვალუტას;
ვ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა);
ზ) ნომინალს;
თ) რაოდენობას;
ი) თანხას (მონეტების შემთხვევაში);
კ) სერიასა და ნომერს;
ლ) ემისიის წელს;
მ) კომერციული ბანკის კლიენტის სახელს, გვარს და პირად ნომერს (მისი არსებობის შემთხვევაში);
ნ) კომერციული ბანკის მიერ გამოვლენის თარიღს.
3.
„CMM სისტემაში“ ინფორმაციის შეყვანის შემდგომ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას.
4.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას და მის 2 ეგზემპლარად ამობეჭდვას.
5.
განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.
6.
წარმოდგენილი საეჭვო ფულის ნიშნების და თანდართული დოკუმენტების მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, „CMM სისტემაში“ მონაცემების ასახვა ხორციელდება ფაქტობრივად წარმოდგენილი საეჭვო ფულის ნიშნების მიხედვით, რის შესახებაც შესაბამისი მითითება კეთდება შენიშვნის ველში.
7.
კომერციულ ბანკს ექსპერტიზის შედეგები ეგზავნება შესაბამისი ცნობის სახით. ექსპერტიზის შედეგად დადგენილი:
ა) ნამდვილი ეროვნული ვალუტის შესაბამისი თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა ხორციელდება ექსპერტიზიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
ბ) ნამდვილი უცხოური ვალუტა (იგივე ფულის ნიშანი) უბრუნდება კომერციულ ბანკს.
გ) ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება ბანკს.
8.
ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნამდვილი უცხოური ან გადასახდელად უვარგისი ეროვნული, ასევე შემოტანილი უცხოური ვალუტის გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული ფულის ნიშნების გაცემა ხორციელდება კომერციული ბანკის ერთჯერადი წერილობითი მინდობილობის (დანართი №4) საფუძველზე, რომელიც ივსება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი ექსპერტიზის ცნობისა ან/და უცხოური ვალუტის გადათვლის შესახებ დოკუმენტის მიხედვით.
9.
კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და „CMM სისტემაში“ „ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაცემული ფულის ნიშნების შესახებ“ ცნობაში შემდეგი მონაცემების შეყვანას:
ა) კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ) გასაცემი ფულის ნიშნები.
10.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ „CMM სისტემაში“ გასაცემი ფულის ნიშნების სრულად აღრიცხვის შემდგომ კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირზე ფულის ნიშნების გადაცემას „საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის შესახებ“ ცნობასთან ერთად, რომელიც ახდენს მიღებული ფულის ნიშნებისა და ცნობის ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემებთან შედარებას და სისწორის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას.
11.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ „CMM სისტემა“ ავტომატურად ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ცნობაზე დატანას და მის ამობეჭდვას 2 ეგზემპლარად.
12.
ცნობის ერთი ეგზემპლარი გადეცემა კომერციული ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.
13.
კომერციული ბანკის მიერ გამოვლენილი გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნების ეროვნულ ბანკში შეტანა და მისი გადასახდელად ვარგისად დადგენის შემთხვევაში თანხის ანაზღაურება ხორციელდება ამავე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
ოქროს სერტიფიკატების განაღდებისას საქართველოს ეროვნული ბანკიდან ოქროს ზოდების გატანა
1.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ CSD სისტემაში ოქროს სერტიფიკატის განაღდების დადასტურების შემდგომ კომერციული ბანკი SWIFT სისტემის მეშვეობით ავტორიზებული შეტყობინებით აცნობებს ეროვნულ ბანკს შესაბამისი ზოდის მიღებაზე მის მიერ უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბუთის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა) CSD სისტემაში „ნაწილობრივი დაფარვის” შეტყობინების შესაბამისი უნიკალური ნომრის მითითებით. ოქროს ზოდის სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში SWIFT შეტყობინება ეროვნულ ბანკს გაეგზავნება არა უგვიანეს იმავე დღეს, საოპერაციო საათების დასრულებამდე, ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შემთხვევაში - 34 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.
კომერციული ბანკი SWIFT შეტყობინებაში მითითებული პირის მეშვეობით საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროდან მიიღებს ოქროს ზოდის სერტიფიკატის შესაბამის ზოდს (ზოდებს) შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო საბანკო დღიდან სამი სამუშაო საბანკო დღის ვადაში, ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შესაბამის ზოდს (ზოდებს) - საქართველოს ეროვნული ბანკის დასტურის მიღების დღიდან 35-ე კალენდარულ დღეს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროდან ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი ზოდები კომერციულ ბანკზე შესაძლებელია გაიცეს განსხვავებულ ვადებში.
3.
ზოდების გატანისას საქართველოს ეროვნული ბანკის საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი შესაბამისი ზოდის მიღებაზე კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ზეპირი განაცხადის შემდგომ ახდენს მის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და SWIFT შეტყობინებით მიწოდებული მონაცემების მიხედვით, ავსებს სათანადო გასავლის ორდერს, ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და შესაბამის ზოდებთან ერთად ხელმოსაწერად გადასცემს კომერციული ბანკის წარმომადგენელს.
4.
კომერციული ბანკის წარმომადგენელი ზოდის შემოწმებას ახდენს ვიზუალურად, შეფუთვასა და ზოდზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით (შეფუთვის დაუზიანებლად), მიღებას ადასტურებს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერით და გასავლის ორდერის ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარე-ოპერატორს.
5.
კომერციული ბანკის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ზოდის თანმხლებ სერტიფიკატზე მითითებულ რეკვიზიტებთან მათი სინჯისა და წონის შესაბამისობის ლაბორატორიული შემოწმება, თუ ასეთი უფლებამოსილება კომერციული ბანკის მიერ მინიჭებული აქვს SWIFT შეტყობინებით. ამ შემთხვევაში შემოწმება ხორციელდება კომერციული ბანკის წარმომადგენლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (შემოწმებისას ხდება შეფუთვის გახსნა/დაზიანება).
6.
ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის წარმომადგენლისათვის ზოდის გადაცემისას რაიმე შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეუსაბამო ზოდი დაუყოვნებლივ შეიცვლება შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზოდით.
7.
იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის წარმომადგენლის მიერ ეროვნულ ბანკში არ მოხდა ზოდის შემოწმება ადგილზე, პრეტენზიები რაიმე შეუსაბამობის ანაზღაურების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ მიიღება.
8.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რაიმე სახის შეუსაბამობა SWIFT შეტყობინებაში ან/და ზოდის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში, საქართველოს ეროვნული ბანკი უარს აცხადებს მოთხოვნილი ზოდის გაცემაზე.
მუხლი 15🔗.
ოპერაციების აღრიცხვა, საბუთების დამუშავება
1.
ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების დამთავრების შემდგომ, ნაღდი ფული და სხვა ფასეულობა შემოსავალ-გასავლის საბუთებთან, ცნობებთან, აქტებთან, რეესტრთან და სხვა დოკუმენტებთან ერთად ბარდება შესაბამის პასუხისმგებელ პირებს.
2.
პასუხისმგებელი პირები, წარმოდგენილი დოკუმენტების საბუღალტრო მონაცემებთან შედარების და ფაქტობრივად არსებული ნაშთის შესაბამისობის შემოწმების შემდგომ, ადგენენ ცნობას შემოსული და გასული დოკუმენტებისა და თანხების, ასევე სალაროში არსებული ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ნაშთების შესახებ ვალუტების მიხედვით.
3.
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ყოველდღიური ნაშთების აღრიცხვა კომერციული ბანკების მიერ წარმოებს კუპიურული წყობის უწყისში.
4.
პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი ცნობები და კუპიურული წყობის უწყისი ინახება სალაროს დღიურ საბუთებთან ერთად.
5.
სალაროში არსებულ ფულის (ფასეულობის) ნაშთსა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობას. სხვაობის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევამდე, სალაროში გამოვლენილი ზედმეტობის ან დანაკლისის დადასტურების შემდგომ, დგება შესაბამისი აქტი, რის საფუძველზეც ზედმეტობა ჩაირიცხება ბანკის კრედიტორებში, ხოლო დანაკლისი თანხა – ბანკის დებიტორებში, ან დაეწერება იმ მუშაკს, ვისი მიზეზითაც მოხდა აღნიშნული ფაქტი.
6.
სალაროს დღიური საბუთები დანართებთან ერთად (აქტები, ცნობები, უწყისი და სხვა) იკინძება საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშების, შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტების მიხედვით.
მუხლი 16🔗.
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა
1.
კომერციული ბანკის ფული და სხვა ფასეულობა ინახება ფასეულობის საცავში, რომლის გასაღებები ინახება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან.
2.
ფასეულობის საცავებს უნდა ჰქონდეთ გასაღებების დუბლიკატები, რომლებიც სათანადო ნუსხის თანხლებით იდება შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ დალუქულ პაკეტში.
3.
გასაღებთა დუბლიკატების პაკეტი, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილ წერილთან ერთად, ფასეულობათა საცავში შესანახად ბარდება კომერციული ბანკის ერთ-ერთ უახლოეს ფილიალს ან ხელშეკრულების საფუძველზე სხვა კომერციულ ბანკს, რის შესახებაც პაკეტის ჩამბარებელს ეძლევა ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შემოსავლის ბალანსგარეშე ორდერის ერთი ეგზემლარი. გასაღებთა დუბლიკატების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი საბუთები ინახება კომერციული ბანკის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირთან სეიფში.
4.
გასაღებთა დუბლიკატებიანი პაკეტის ჩამბარებლისათვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ კომერციული ბანკის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების წერილობითი და კომერციული ბანკის ბეჭდით დამოწმებული მოთხოვნით. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ სათადარიგო გასაღებების პაკეტის გამოტანის შემთხვევაში გამოიწერება ბალანსგარეშე გასავლის ორდერი და გამოტანის მიზეზების აღნიშვნით დგება მიღება-ჩაბარების აქტი.
5.
ფული და სხვა ფასეულობა საცავში ინახება ლითონის კარადებში, სეიფებში, ურიკებში და თაროებზე.
6.
დაუშვებელია საცავში არაფორმირებული ფულის შენახვა, გარდა ბანკომატებისა და ფულის მიღება–გაცემის სხვა ალტერნატიული ავტომატური მოწყობილობებისათვის განკუთვნილი ფულისა, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კასეტებში, ასევე ინკასაციისთვის განკუთვნილი ან შემდგომი გადათვლის მიზნით ინკასირებული დალუქული ნაღდფულიანი ჩანთებისა (ან შენახვის სხვა საშუალებები), რაც აღირიცხება მათში არსებული თანხის მიხედვით;
7.
საეჭვო ფულის ნიშნები ეროვნულ ბანკში წარდგენამდე, ინახება ცნობებთან ერთად და აღირიცხება ჟურნალში ან კომპიუტერში (დანართი №5).
8.
სხვა ფასეულობა (გარდა მკაცრი აღრიცხვის ბლანკებისა) ვიზუალური დათვალიერების შემდგომ ინახება თანმხლებ აღწერილობასთან ერთად.
9.
დაუშვებელია რადიაქტიული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერებების შემცველი ფასეულობების შენახვა.
10.
ცალკეულ შემთხვევებში, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის, ასევე სალაროს დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია სალაროს კვანძში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ან ინკასატორების პასუხისმგებელობის ქვეშ.
11.
სალაროს დღიური საბუთები ინახება 6 წლის განმავლობაში სათანადოდ დაცულ ადგილზე, შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ.
მუხლი 17🔗.
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება
1.
კომერციული ბანკი ვალდებულია სისტემატურად განახორციელოს ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ნატურის, მათი შენახვის მდგომარეობისა და სალაროს ოპერაციების წარმოების მოულოდნელი შემოწმება.
2.
შემოწმება უნდა ჩატარდეს ყველა ფასეულობის აღწერით და ისეთი თანამიმდევრობით, რომ გამოირიცხოს ფულისა და ფასეულობების დანაკლისის ან დატაცების ფაქტის მიჩქმალვა.
3.
შემოწმებამ არ უნდა დაარღვიოს კომერციული ბანკის მუშაობის და კლიენტთა მომსახურების პროცესი.
4.
ჩატარებული შემოწმების შესახებ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერს რევიზიის პროცესში მონაწილე ყველა პირი.
5.
ჩატარებული რევიზიის აქტში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: რევიზიის დღისათვის ფაქტობრივად რიცხული თანხები და სხვა ფასეულობა, მათი საბუღალტრო მონაცემებთან შესაბამისობა, რევიზიისას აღმოჩენილი ფულის ზედმეტობები და დანაკლისები (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დარღვევები და რისკების შეფასება.
6.
კომერციული ბანკის მიერ სალაროს შემოწმება ასევე ხორციელდება ნაღდი ფულისა და ფასეულობის გადაბარების დროს. ამ შემთხვევაში სხვა მონაცემების გარდა აქტში აღინიშნება საცავის გასაღებების, დასალუქი საშუალებებისა და ბეჭდების გადაცემა.
7.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისი, მის სრულ დაფარვამდე, დაეწერება იმ მუშაკს, ვისი მიზეზითაც მოხდა აღნიშნული ფაქტი. სალაროში გამოვლენილი ზედმეტობა ჩაირიცხება შესაბამის ანგარიშზე.
8.
შემოწმების შედეგებს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განიხილავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა.
9.
კომერციული ბანკის შემოწმებების მასალები ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.