„საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი

მიღების თარიღი 12.09.2012
ძალაში შესვლა 09.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით
ნომერი №3-24
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2012
matsne.gov.ge 1,669 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2012 მიღება
09.11.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი  „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი საქართველოს მთავრობა, და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები", გამოთქვამენ რა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების ხელშეწყობის სურვილს, შემდგომში წოდებული როგორც „რეადმისიის შეთანხმება",  ეყრდნობიან რა აღნიშნული შეთანხმების მე-19 მუხლს,  შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 უფლებამოსილი კომპეტენტური უწყებები რეადმისიის შეთანხმების მე-19(1)a) მუხლის შესაბამისად, მხარეები, შეთანხმების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილებას მიანიჭებენ შემდეგ კომპეტენტურ უწყებებს:       a) საქართველოსთვის: რეადმისიის შესახებ განაცხადების და ტრანზიტის შესახებ განაცხადების მიღება, წარდგენა და დამუშავება:       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო       საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი       II სამმართველო       საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება       კახეთის გზატკეცილი 38-ე კმ, 0190, თბილისი, საქართველო       ტელ.: +995322 41 85 22        ფაქსი: +995322 418522/15       ელ.ფოსტა: readmission@mia.gov.ge b) ესტონეთის რესპუბლიკისთვის: რეადმისიის შესახებ განაცხადების მიღება, წარდგენა და დამუშავება:       პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახური       მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტი             Endla 13       15179 ტალინი       ტელ.:       +372 612 6858       ფაქსი:      +372 612 6962       ელ.ფოსტა:  kmo.mjb@list.politsei.ee ტრანზიტის შესახებ განაცხადების მიღება, წარდგენა და დამუშავება:       პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახური       გარე საზღვრების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრი             Pärnu mnt 139/1       15183 ტალინი       ტელ.:       +372 614 9000 ან +372 5302 8076       ფაქსი:      +372 614 9203       ელ.ფოსტა:  ncc.estonia@politsei.ee მუხლი 2🔗 სასაზღვრო-გამტარი პუნქტები რეადმისიის შეთანხმების მე-19(1)a) მუხლის შესაბამისად, რეადმისია და ტრანზიტი განხორციელდება შემდეგი სასაზღვრო-გამტარი პუნქტების გავლით:             b) საქართველოსთვის:       თბილისის საერთაშორისო აეროპორტი       a) ესტონეთის რესპუბლიკისთვის:       სასაზღვრო-გამტარი პუნქტი ტალინი-1 (აეროპორტი) მუხლი 3🔗 სამუშაო ენა მხარეები რეადმისიის შეთანხმებითა და საიმპლემენტაციო ოქმით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას ისარგებლებენ ინგლისური ენით. მუხლი 4🔗 რეადმისიის შესახებ განაცხადებისა და მასზე პასუხის წარდგენა (1)  მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ უწყებას უნდა წარუდგინოს რეადმისიის შესახებ განაცხადი ელექტრონული ფოსტის ან გამონაკლის შემთხვევებში ფაქსის მეშვეობით, რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. (2)  მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა აცნობოს პასუხი მოთხოვნის წარმდგენ მხარეს ელექტრონული ფოსტის ან გამონაკლის შემთხვევებში ფაქსის მეშვეობით. (3)  მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენის დღე უნდა ჩაითვალოს რეადმისიის შესახებ განაცხადის მიღების დღედ. (4)  იმ შემთხვევაში, თუ ახალი ფაქტობრივი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ რეადმისიის პირობები არ იქნა დაკმაყოფილებული, მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადზე დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ და რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემამდე, მოთხოვნის მიმღები მხარე ინარჩუნებს უფლებას, მიმართოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს რეადმისიის შესახებ განაცხადის გაუქმებაზე. მუხლი 5🔗 მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები (1)  რეადმისიის შეთანხმების მე-8(1) მუხლისა და მე-19(1)c) მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ უწყებას შეუძლია წერილობით მიმართოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ უწყებას იმის თაობაზე, გაცემულ იქნა თუ არა შესაბამის პირზე მოქალაქეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. (2)  მხარეებმა ერთობლივად უნდა მიიჩნიონ მოქალაქეობა დადგენილად, თუ ელექტრონული ან ბიომეტრული მტკიცებულების საფუძველზე გაირკვა, რომ მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყების მიერ შესაბამის პირზე გაცემულ იქნა მოქალაქეობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი. (3)  რეადმისიის შეთანხმების მე-8(1) მუხლის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება განისაზღვროს სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დოკუმენტი წარდგენილი იქნება ესტონეთის მიერ, საქართველომ უნდა ცნოს მოქალაქეობა შემდგომი აუცილებელი გამოძიების ჩატარების გარეშე. მუხლი 6🔗 გასაუბრება   (1)  იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს არ შეუძლია რეადმისიის შეთანხმების 1-ლი და მე-3 დანართებით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის წარდგენა ან თუ მე-2 და მე-4 დანართებით გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტები არასაკმარისია, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლებმა, მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა ჩაუტარონ გასაუბრება დასაბრუნებელ პირს რეადმისიის შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის განმავლობაში. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ გასაუბრების ჩატარების შესახებ მოთხოვნა უნდა მიუთითოს რეადმისიის შესახებ განაცხადის „D“ პუნქტში. (2)  გასაუბრების ჩატარების პირველადი ვალდებულება ეკისრებათ მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყების მიერ მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოში აკრედიტებულ წარმომადგენლებს. (3)  იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტურ უწყებებს არ ჰყავთ მე-2 პუნქტში მითითებული წარმომადგენლები, გასაუბრებას ჩაატარებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების პერსონალი, რომლებიც განლაგებულია მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. (4)  მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უწყებამ შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ უწყებას გასაუბრების შედეგების შესახებ.  (5)  რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხის გაცემის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყების მიერ გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენის დღიდან.  (6)  მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა განსაზღვრონ გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. (7)  იმ შემთხვევაში, თუ მე-3 პუნქტში მითითებული წარმომადგენლები ატარებენ გასაუბრებას მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების შენობის გარეთ, გასაუბრების ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო (ტრანსპორტირება) ხარჯები დაიფარება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ. მუხლი 7🔗 დაჩქარებული პროცედურა რეადმისიის შეთანხმების 19(1)d) მუხლის შესაბამისად, თუ პირი დაკავებულ იქნა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს სასაზღვრო რეგიონში (აეროპორტების ჩათვლით), მას შემდეგ რაც მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი უშუალოდ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მოთხოვნის წარმდგენ მხარეს შეუძლია წარადგინოს რეადმისიის შესახებ განაცხადი პირის დაკავების შემდეგ 2 სამუშაო დღის განმავლობაში.   მუხლი 8🔗 რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემა      (1)  მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ სავარაუდო გადაცემამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე ელექტრონული ფოსტის ან გამონაკლის შემთხვევებში ფაქსის მეშვეობით მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ უწყებას უნდა მიაწოდოს წერილობითი შეტყობინება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: -     გადაცემის თარიღი; -     გადაცემის ადგილი; -     გადასაცემი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა; -     გადაცემისას ესკორტის საჭიროება (ასეთ შემთხვევაში, თანმხლები პირების მონაცემები). (2)  მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უწყებამ 1-ლ პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ უწყებას თავისი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მისაღებია თუ არა მისთვის გადაცემის პირობები. (3)  იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური უწყების მიერ შეთავაზებული გადაცემის პირობები მიუღებელია მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყებისათვის, მხარეები შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა შეთანხმდნენ გადაცემის სხვა ფორმებზე. (4)  თუ რომელიმე სამართლებრივი ან ფაქტობრივი დაბრკოლების გამო გახანგრძლივდა გადაცემის ვადა, მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ დაბრკოლების აღმოფხვრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ უწყებას ამის შესახებ და უნდა მიუთითოს გადაცემის განსაზღვრული ადგილი და დრო. (5)  რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს ოქმში.   მუხლი 9🔗 ესკორტის თანხლებით გადაცემის პირობები რეადმისიის შეთანხმების მე-19(1)b) მუხლის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან თავიანთ ტერიტორიებზე პირთა ესკორტის თანხლებით გადაცემის ან ესკორტის თანხლებით ტრანზიტის შემდეგ პირობებზე: (1)  თანმხლები პირები პასუხისმგებელნი არიან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ესკორტირებაზე და დანიშნულების სახელმწიფოს კომპეტენტური უწყების წარმომადგენლისთვის მის გადაცემაზე. (2)  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ და შეუიარაღებელ ესკორტის თანმხლებ პირებს, თავიანთი მოვალეობების შეასრულებისას, თან უნდა ჰქონდეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს რეადმისიას ან ტრანზიტს. ნებისმიერ დროს მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი ვინაობისა და ოფიციალური უფლებამოსილების დადასტურება. (3)  მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფო თანმხლებ პირებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, უზრუნველყოფს ისეთივე დაცვითა და დახმარებით, როგორსაც ის უზრუნველყოფს იმ საკუთარი პირების შემთხვევაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შეასრულონ მსგავსი მოვალეობები.  (4)  თანმხლები პირები ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულნი არიან, დაიცვან მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობა. რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ესკორტირების ან ტრანზიტით გადაყვანის დროს თანმხლები პირების უფლებამოსილებები შემოიფარგლება თავდაცვის უფლებით. მოთხოვნის მიმღები მხარის იმ ოფიციალური პირების მიუწვდომლობის შემთხვევაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ აუცილებელი ზომები ან დახმარება გაუწიონ ესკორტს სერიოზული რისკის შემთხვევაში, ესკორტის წევრებს შეუძლიათ მიიღონ ყველა გონივრული და სათანადო ზომა, რათა არ დაუშვან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გაქცევა, მის მიერ საკუთარი თავისთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის ზიანის მიყენება ან ქონების დაზიანება. (5)  თანმხლები პირები პასუხისმგებელნი არიან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის და სხვა აუცილებელი ცნობების ან მონაცემების ფლობაზე და აღნიშნული დოკუმენტების დანიშნულების სახელმწიფოს კომპეტენტური უწყების წარმომადგენლისთვის გადაცემაზე. თანმხლებ პირებს ეკრძალებათ რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შეთანხმებული ადგილის დატოვება ამ პირის გადაცემის პროცედურის დასრულებამდე. (6)  მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ, რათა თანმხლებ პირებზე გაცემულ იქნეს ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) და დანიშნულების სახელმწიფოს ტერიტორიებზე შესვლის ვიზები.   მუხლი 10🔗 ტრანზიტის ფორმები და დახმარება (1)  რეადმისიის შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან სატრანზიტო ოპერაციების განხორციელების შემდეგ პრაქტიკულ ფორმებზე: 1)   სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ უწყებას ფაქსით ან ელექტრონული ფორმით, დაგეგმილი სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებამდე მინიმუმ 5 კალენდარული დღით ადრე. 2)   მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყება ვალდებულია სატრანზიტო ოპერაციასთან დაკავშირებული განაცხადის მიღებიდან 4 კალენდარული დღის განმავლობაში ფაქსით ან ელექტრონული ფორმით აცნობოს თავისი თანხმობა სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებასთან, ტრანზიტის დროსთან, საზღვრის გადაკვეთის პუნქტთან, გადაცემის ფორმებსა და ესკორტის გამოყენებასთან დაკავშირებით. 3)   თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებისთვის აუცილებელია მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყებების დახმარება, ეს უნდა აღინიშნოს სატრანზიტო განაცხადის ფორმაში (რეადმისიის შეთანხმების დანართი 6). მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უწყებამ, ტრანზიტის შესახებ განაცხადის საპასუხოდ, უნდა აცნობოს, შესძლებს თუ არა ის საჭირო დახმარების აღმოჩენას. 4)   თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემა ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტით და ესკორტის თანხლებით, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყება უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაცვასა და თვითმფრინავში ჩაჯდომას თავის ტერიტორიაზე, შეძლებისდაგვარად, მოთხოვნის წარმდგენი მხარის დახმარებით. (2)  მოთხოვნის წარმდგენი მხარე ვალდებულია დაყოვნების გარეშე უკან მიიღოს პირი, რომლის მიმართაც, რეადმისიის შეთანხმების მე-13(4) მუხლის თანახმად, განხორციელდა რეადმისია, თუ: 1)   რეადმისიის შეთანხმების მე-13(3) მუხლის შესაბამისად, თანხმობა სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებაზე გაუქმდა ან მასზე უარი ითქვა; 2)   რეადმისიას დაქვემდებარებული პირი სატრანზიტო ოპერაციის განხორციელების დროს უკანონოდ შევიდა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე; 3)   ვერ მოხერხდა რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემა სხვა სატრანზიტო ან საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოსთვის; ან 4)   სატრანზიტო ოპერაციის განხორციელება შეუძლებელია სხვა გარემოებების გამო. მუხლი 11🔗 შეცდომით განხორციელებული რეადმისია მოთხოვნის წარმდგენი მხარე მოთხოვნის მიმღები მხარის დასაბუთებული განაცხადის საფუძველზე უკან დაიბრუნებს პირს, თუ დადგინდება, რომ რეადმისიის პირობები შესრულებული არ იყო. ასეთ შემთხვევაში ყველა საწყისი დოკუმენტი პირის შესახებ უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს.   მუხლი 12🔗 ხარჯები (1)  რეადმისიის შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, რეადმისიასთან ან სატრანზიტო გადაცემასთან დაკავშირებული სატრანსპორტო ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ ევროში ამ მხარისათვის წარდგენილი ზედნადების საფუძველზე, იმ პირობით, რომ აღნიშნული ზედნადების გადახდა მოხდება მისი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.  (2)  სატრანსპორტო ხარჯების ზედნადები უნდა წარედგინოს წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის 1-ლ მუხლში მითითებულ კომპეტენტურ უწყებებს მისი შემდგომი გადახდის მიზნით.    მუხლი 13🔗 ექსპერტთა შეხვედრები ორივე მხარის კომპეტენტურმა უწყებებმა, საჭიროებისამებრ, უნდა გამართონ ექსპერტთა სხდომები წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. ასეთი კონსულტაციების გამართვის დრო და ადგილი მხარეებმა ერთობლივად უნდა შეათანხმონ.  მუხლი 14🔗 შეტყობინების ვალდებულება მხარეებმა უნდა შეატყობინონ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც შეიძლება შეტანილ იქნეს წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის 1-ლ მუხლში მითითებული კომპეტენტური უწყებების საკონტაქტო ინფორმაციაში და მე-2 მუხლში მოცემული საზღვრის გადაკვეთის პუნქტების შესახებ ინფორმაციაში. ცვლილებები მიიჩნევა ძალაში შესულად შეტყობინების მიღებისთანავე. მუხლი 15🔗 ძალაში შესვლა, მოქმედების შეწყვეტა და ცვლილებების შეტანა (1)   თითოეულმა მხარემ დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. მხარემ, რომელიც მიიღებს ბოლო შეტყობინებას, უნდა შეატყობინოს რეადმისიის კომიტეტს საიმპლემენტაციო ოქმის დადების თაობაზე. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმი ძალაში შევა რეადმისიის კომიტეტის მიერ შეტყობინების მიღების დღეს.  (2)   წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მოქმედება შეწყდება რეადმისიის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტასთან ერთად. (3)   წინამდებარე საიმპლემეტაციო ოქმის დებულებებში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი ფორმით, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შევა მე-15(1) მუხლის შესაბამისად და შეადგენს ამ საიმპლემენტაციო ოქმის განუყოფელ ნაწილს. შესრულებულია  ქ. თბილისში, 2012 წლის 12 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით