საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 25.09.2012
ძალაში შესვლა 30.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს  მთავრობის სახელით
ნომერი №17-54
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2012
matsne.gov.ge 734 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2012 მიღება
30.11.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს  მთავრობის სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება  საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი. ითვალისწინებენ რა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს; მხედველობაში იღებენ რა 1961 წლის ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და 1963 წლის ვენის კონვენციას საკონსულო ურთიერთობების შესახებ, სურთ რა ამ ურთიერთობების გაძლიერება თავიანთ ქვეყნებში მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის გამარტივების გზით წინდამდებარე შეთანხმებისა და ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1.    საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, პირველი შესვლის თარიღიდან არა უმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში. 2.    თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან. 3.    ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ვალდებულნი არიან დაიცვან ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. მუხლი 2🔗 1.    თითოეული მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს და რომლებიც არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების, სავაჭრო წარმომადგენლობების ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლობების თანამშრომლები, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დროებით იმყოფებოდნენ მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე მათი აკრედიტაციის პერიოდში, გარდა მათი პირველი შესვლისა, იმ პირობით, თუ ისინი შეასრულებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სააკრედიტაციო მოთხოვნებს. 2.    მიმღები ხელშემკვრელი მხარე უფასოდ გასცემს გრძელვადიან ვიზებს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებზე მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირველადი შესვლისთვის. 3.    წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები, ასევე, ვრცელდება ზემოაღნიშნული მოქალაქეების ოჯახის წევრებზე, რომლებიც ამ მოქალაქეების ოფიციალურად დროებით ყოფნის პერიოდში ცხოვრობენ მათთან ერთად და ფლობენ  მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს. მუხლი  3🔗 ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთ ტერიტორიებზე შესვლისა და ტრანზიტით გასვლის დროს, უვიზო რეჟიმს გაავრცელებენ შემდეგი კატეგორიის პირებზე: a)      ხელშემკვრელ მხარეთა სამოქალაქო საზღვაო ეკიპაჟის წევრები, იმ პირობით, რომ საქართველოს მოქალაქეთა შემთხვევაში, მათ გააჩნიათ მეზღვაურის მოქმედი წიგნაკები, ხოლო ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა შემთხვევაში –  მეზღვაურის მოქმედი პასპორტები, ამასთანავე, ისინი წარადგენენ ეკიპაჟის წევრთა სიას ან ეკიპაჟის წევრთა სიის ამონაწერს; b)      ხელშემკვრელ მხარეთა სამოქალაქო ავიაციის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები, იმ პირობით, რომ საქართველოს მოქალაქეთა შემთხვევაში, მათ გააჩნიათ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრთა პირადობის მოწმობები, ხოლო ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა შემთხვევაში – მოქმედი პასპორტები, ამასთანავე, ისინი წარადგენენ მთავარ დეკლარაციაში რეგისტრაციას (საფრენოსნო სია).   მუხლი 4🔗 1.    თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას უარი უთხრას მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელ მოქალაქეს, მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლასა ან დარჩენაზე, რომელსაც ის მიიჩნევს არასასურველად. 2.    თითოეული ხელშემკვრელი მხარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სარგებლობს უფლებით მთლიანად ან ნაწილობრივ, გარკვეული პერიოდით, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, დიპლომატიური არხებით,  შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ, არაუგვიანეს 24 საათისა, აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს აღნიშნული მოქმედების შეჩერებისა და, შესაბამისად, მისი გაუქმების შესახებ. მუხლი 5🔗 1.    ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხებით, გაცვლიან მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ. 2.    ხელშემკვრელი მხარის მიერ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ეს ხელშემკვრელი მხარე, დიპლომატიური არხების საშუალებით, მიაწვდის მეორე ხელშემკვრელ მხარეს ახალი პასპორტების ნიმუშებს, ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე. მუხლი 6🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს არც ერთი ხელშემკვრელი მხარის უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან, რომელთა ხელმომწერნიც არიან ერთობლივად ან ცალ-ცალკე.  მუხლი 7🔗 ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან და განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები ან უთანხმოებები გადაწყდება, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.   მუხლი 8🔗 ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომელიც ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის შეთანხმების მე-9 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 9🔗 1.   წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ. 2.    თითოეულ ხელშემკრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, დიპლომატიური არხებით, წერილობით შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ. 3.    წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ავტომატურად წყვეტს მოქმედებას 2002 წლის 27 მარტს თბილისში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ შეთანხმება. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 25 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.  საქართველოს  მთავრობის სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით