განჩინება შპს ,,წითელქუდა ტექნიკსი’’-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/15220-12
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2012 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს ,,წითელქუდა ტექნიკსი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 202209261)
დირექტორი – ზურაბ გლოველი
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დირექტორის ზურაბ გლოველის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
გამოარკვია:
2012 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დირექტორმა ზურაბ გლოველმა და მოითხოვა შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენს 0.00 ლარს, ასევე 2012 წლის 23 აგვისტოს შპს ,,წითელქუდა ტექნიკსისა’’ და შემოსავლების სამსახურს შორის, ამავე სამსახურის 2012 წლის 24 ივლისის №12291 ბრძანების საფუძველზე, გაფორმდა ,,საგადასახადო შეთანხმება’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7000,0 ლარის გადახდის თაობაზე, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ქონება შეადგენს 3500,0 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დირექტორმა ზურაბ გლოველმა მოითხოვა შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2012 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დირექტორს ზურაბ გლოველს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, ხარვეზის შევსების მიზნით, შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ მომსახურების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ სახელზე უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის თაობაზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, იმის შესახებ, რომ შპს ,,წითელქუდა ტექნიკსს’’ არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ დავალიანება.
აღნიშნული ხარვეზის შესავსებად შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დირექტორს ზურაბ გლოველს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2012 წლის 30 ნოემბერს შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დირექტორის ზურაბ გლოველის მიერ გამოსწორებულ იქნა დადგენილი ხარვეზი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,წითელქუდა ტექნიკსს’’ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება), ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დირექტორს ზურაბ გლოველს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე;
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;
4 . განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებ: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი).
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი