განჩინება სს ,,პირველი ბრიტანული კომპანია’’-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/15347-12
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2012 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – სს ,,პირველი ბრიტანული კომპანია’’
აქციონერი, ლიკვიდატორი – ლია მიქაძე
(საიდენტიფიკაციო ნომერი 203842681)
წარმომადგენელი – თემურ მამასახლისი
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ წარმომადგენლის თემურ მამასახლისის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ წარმომადგენელმა თემურ მამასახლისმა და მოითხოვა სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, ვინაიდან სს ,,პირველი ბრიტანულ კომპანიას’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება. სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენს 0.00 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ წარმომადგენელმა თემურ მამასახლისმა მოითხოვა სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2012 წლის 26 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებლის წარმომადგენელს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, ხარვეზის შევსების მიზნით სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიას’’ დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ სახელზე უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის თაობაზე, ინფორმაცია საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობის, ამ ანგარიშების რეკვიზიტების მითითებით, ასევე განმცხადებლის წარმომადგენელს დაევალა სასამართლოსთვის წარმოედგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განმცხადებლის წარმომადგენელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2012 წლის 6 დეკემბერს სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ წარმომადგენლის თემურ მამასახლისის მიერ გამოსწორებულ იქნა დადგენილი ხარვეზი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სს ,,პირველ ბრიტანულ კომპანიას’’ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,პირველი ბრიტანული კომპანიის’’ წარმომადგენელს თემურ მამასახლის უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;
4 . განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებ: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი