საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.12.2012
ძალაში შესვლა 18.12.2012
ძალის დაკარგვა 05.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №181
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.09.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№181
2012 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 დეკემბრიდან.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ამოცანები
1. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) პროკურატურის თანამშრომელთა შორის ტრენინგის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ინფორმაციის ანალიზი;
ბ) სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის განვითარების ხელშეწყობა;
გ) პროკურორთა მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
დ) პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) უცხოური პრაქტიკის გაანალიზება და აღნიშნულის მიხედვით ახალი პროექტების ინიციირება, მისი მოწონების შემთხვევაში კი - იმპლემენტაცია;
ვ) პრაქტიკაში არსებული სიტუაციის ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დაძლევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
ზ) შეფასების ელექტრონული სისტემის შექმნა;
თ) დანაშაულის ანალიზი;
ი) კვლევების ორგანიზება დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად;
კ) კვლევების ორგანიზება ვიქტიმოლოგიის დონის განსაზღვრის მიზნით;
ლ) უცხოური პრაქტიკის შესწავლა დანაშაულის პრევენციის მიზნით;
მ) სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;
ნ) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მუშაობის კონტროლი;
ო) პროკურატურის საქმიანობით მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
პ) მოქალაქესა და პროკურორს შორის კომუნიკაციის გამარტივება-გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების ინიციირება და მათი იმპლემენტაცია;
ჟ) პროკურატურის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტების ინიციირება და იმპლემენტაცია.
2. დეპარტამენტი, დებულებით განსაზღვრული ფუნციების შესასრულებლად, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფთან, მოიძიებს დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციას და შესაბამისი ანალიზის მომზადების შემდგომ განიხილავს მათ სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენის მოსამსახურეთა შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) მთავარი პროკურორისა და უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები პროკურატურის სისტემის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებაში პროკურატურის იმიჯის გაუმჯობესებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებებით;
ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას პროკურატურის სხვა დანაყოფებთან ურთიერთობის კუთხით;
თ) მთავარი პროკურატურის ხელმღვანელობასთან შეაქვს წინადადებები მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად;
ი) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
კ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ლ) ასრულებს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:
ა) ანალიტიკური სამმართველო;
ბ) ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველო;
გ) სტრატეგიული განვითარების სამმართველო.
2. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს, შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური განზოგადების მომზადებას, სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადებას;
ბ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების მომზადებას, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევას, უცხო სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის კვლევას, კვლევების საფუძველზე პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებებისა და წინადადებებს საკანონმდებლო ინიციატივაზე;
გ) დანაშაულის ანალიზის საფუძველზე პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით წინადადებების მომზადებას და მათ პროკურატურის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცნობას.
3. ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის განვითარების ხელშეწყობას;
ბ) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის კონტროლს და ამ სამსახურის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
გ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული უცხო ქვეყნის სამართლებრივი სისტემის გაანალიზებას და აღნიშნულის მიხედვით ახალი პროექტების ინიციირებას;
დ) პრაქტიკაში არსებული სიტუაციის ანალიზს და პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შეთავაზებას;
ე) მოქალაქესა და პროკურორს შორის კომუნიკაციის გამარტივება-გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მექანიზმების მოძიებას, ამ ფუნქციის შესასრულებლად უცხოური პრაქტიკის მოძიებას, შესაბამისი ღონისძიებების ინიციირებას და შემდგომ იმპლემენტაციას.
4. სტრატეგიული განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობასა და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებების პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისათვის მიწოდებას;
ბ) პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას;
გ) შეფასების ელექტრონული სისტემის შექმნას;
დ) პროკურატურის თანამშრომელთა მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი პროექტების ინიციირებასა და მისი განხორციელების ხელშეწყობას;
ე) პროკურატურის თანამშრომელთა შორის, ასევე პროკურორსა და გამომძიებელს შორის კომპეტენციის გამიჯვნისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;
ვ)პროკურატურის თანამშრომელთა შორის ტრენინგის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ინფორმაციის ანალიზს.
მუხლი 5🔗.
სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებ სმთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის, მთავარი პროკურორის და დეპარტამენტის უფროსის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ე) ეწევა ანალიტიკურ მუშაობს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, განაზოგადებს გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობას, უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით:
ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს პროკურორები;
ბ) სამმართველოს მრჩევლები;
გ) ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;
დ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.