საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.12.2012
ძალაში შესვლა 18.12.2012
ძალის დაკარგვა 05.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №180
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.09.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№180
2012 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 დეკემბრიდან.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
3. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავარი პროკურორისა და უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗.
სამმართველოს ამოცანები
სამმართველოს ამოცანებია:
ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავ და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
ბ) მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;
დ) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავება და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;
ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობა.
მუხლი 3🔗.
სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დავალებების შესრულებას;
ე) მთავარი პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ვ) იხილავს სამმართველოში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
სამმართველოს მუშაკები
1. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს პროკურორები;
ბ) სამმართველოს სპეციალისტი.
2. სამმართველოს მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.