⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.08.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2012
ძალის დაკარგვა 20.08.2013
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №208
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,721 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2012 მიღება
20.08.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ირაკლი დავითაძე სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №208 2012 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“.   მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 5 დეკემბრის №175 ბრძანება.  მუხლი 3🔗 „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა. მუხლი 4🔗 „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიირაკლი დავითაძე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. პრეამბულა 1.,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ (შემდეგ – წესი) შემუშავების საფუძვლად გამოყენებულია ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდეგ – ჩიკაგოს კონვენცია) მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდეგ – იკაო) ოფიციალური გამოცემის Doc 8335 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირების და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) და „საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების მოთხოვნები. 2. წესის მიზანია საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვებისა და/ან საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხო ფუნქციონირების სამართლებრივი მოწესრიგება.  3. წესი ადგენს იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების ნორმებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის/5700 კგ-ის ჩათვლით მაქსიმალური ასაფრენი მასის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (შემდეგ – სერტიფიკატი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ამ წესის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, აღდგენას, გაგრძელებას, სერტიფიკატის გაუქმებას, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდეგ – სააგენტო). 3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი და მისი დანართი №1. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით და მისი დანართებით.  4. სერტიფიკატის გაცემა, გაუქმება, აგრეთვე მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა, გაგრძელება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.  5. სერტიფიკატის ასლი ინახება საჰაერო ხომალდზე (შემდეგ– სხ).  6. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა, ახალი პირობებით ფრენების (საავიაციო სამუშაოების) განხორციელებამდე სააგენტოში წარადგინოს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული განცხადება სერტიფიკატში და/ან მის დანართებში საჭირო ცვლილებების შესატანად. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის II თავის შესაბამისად.  7. ექსპლუატაციის პროცესში, სხ-ის ექსპლუატანტის მუდმივ ზედამხედველობასა და საინსპექციო შემოწმებას, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოს” შესაბამისად ახორციელებენ სააგენტოს საინსპექტორო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლები.  8. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით. 9. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს.  10. განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 45 დღით ადრე. ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებას სააგენტო დატოვებს განუხილველად.  11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების წინასაწარ განხილვას და განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას სააგენტო უზრუნველყოფს განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.  12. სერტიფიკატის მფლობელის მიერ პირობითი ამოსაცნობი აღნიშვნების (სამი ლათინური ასოსაგან შემდგარი კოდი, რომელსაც ანიჭებს იკაო) მიღება ხორციელდება იკაოს ოფიციალური გამოცემით Doc 8585 (,,საფრენოსნო-საექსპლუატაციო სააგენტოების პირობითი ნიშნები”) დადგენილი წესით. ამავე ოფიციალური გამოცემით რეგულირდება სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში ამ პირობითი ამოსაცნობი აღნიშვნების გაუქმება. 13. დაუშვებელია საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული სხ-ის იმავდროულად, სხვა სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში შეტანა.  თავი II სერტიფიცირება მუხლი 3🔗. სერტიფიცირების ეტაპები 1. სააგენტოს მიერ სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად: ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს: ა.ა)  განცხადებისა და თანდართული საბუთების  სააგენტოში წარდგენას; ა.ბ)  განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვასა და შეფასებას; ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება; დ) IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა–გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.  მუხლი 4🔗. განცხადება და თანდართული საბუთები 1. განმცხადებელი, სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მისაღებად ან მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. 2. განცხადება სააგენტოსათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს. 3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი; ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; გ) წერილობითი თანხმობა იმისა, რომ განმცხადებელი, ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად, იკაოს მიერ დადგენილი ფორმებით, წელიწადში ერთხელ სააგენტოს მიაწვდის გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშებს, ხარჯების სტატისტიკას და საფინანსო მონაცემებს, გარდა 5700 კგ-ის ჩათვლით მაქსიმალური ასაფრენი მასის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას. დ) განმცხადებლის საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის მონაცემები ამ წესის დანართი №7-ის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის რომელიმე წევრი სხვა ავიასაწარმოშიც ასრულებს შესაბამის მოვალეობას, მონაცემებს უნდა დაერთოს ამ სხვა ავიასაწარმოს ხელმძღვანელის თანხმობა; ე) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის მონაცემები: ე.ა) სამოქალაქო სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი; ე.ბ) სამოქალაქო სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი; ე.გ) იმ საბორტო ჰაერსანაოსნო მოწყობილობების გამოყენების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ფრენის განხორციელებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში); ვ) ხელმძღვანელების, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების საკვალიფიკაციო მონაცემები ამ წესის დანართი №6-ის მიხედვით და მათი უფლება-მოვალეობები; აღნიშნულ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით; ზ) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის ფლობის დამადასტურებელი საბუთი. სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ფორმით ფლობის შემთხვევაში, საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8335 და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს; თ) სერტიფიკატის მაძიებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი პოლის(ებ)ი იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით. პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის საჰარო სივრცეშიც სხ-ის ექსპლუატანტს ახორციელებს, ან გეგმავს ფრენას ან საავიაციო სამუშაოების წარმოებას; ი) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა; კ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით უშიშროება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან” დადგენილ მოთხოვნებს; ლ) განმცხადებლის ,,უსაფრთხოების მართვის სისტემის” პროგრამა ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართისა და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (,,უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო”) მოთხოვნებს; მ) ავარიულ ვითარებაში ქმედებების გეგმა; ნ) ხელშეკრულებები: ნ.ა) ბაზირების აეროპორტთან და აეროპორტში მყოფ სხვა სამსახურებთან (საწვავ-საცხები მასალებით გამართვის მომსახურებაზე, გარდა 5700 კგ-ის ჩათვლით მაქსიმალური ასაფრენი მასის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას, სხ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფაზე, აფრენა-დაფრენისა და სახმელეთო მომსახურების სამუშაოთა უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე,  საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე, საავარიო-სამაშველო სამუშაოებით უზრუნველყოფაზე);      ნ.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებასთან (საავიაციო პერსონალის თეორიულ მომზადებაზე, საწაფზე მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე); ნ.გ) ავიამეტეოროლოგიურ ცენტრთან (ფრენის მარშრუტზე და აფრენა-დაფრენის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე); ნ.დ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციასთან (აერონავიგაციური, რადიოშუქტექნიკურ მომსახურებაზე და წინასაფრენოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფაზე); ნ.ე) სხ-ის ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის უზრუნველყოფაზე, გარდა 5700 კგ-ის ჩათვლით მაქსიმალური ასაფრენი მასის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას; ო) განმცხადებლის ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელო”, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376-A№/914 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“) და ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, აგრეთვე, სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დანართი №1-ის მოთხოვნებს; პ) განმცხადებლის მიერ გადაზიდვის და/ან საავიაციო სამუშაოების წარმოების ისეთი სახის დაგეგმვისას, როდესაც უნდა განხორციელდეს სახიფათო ტვირთების (ნაკეთობების) გადაზიდვა: პ.ა) საავიაციო პერსონალის მომზადების პროგრამა სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით და იმ საავიაციო პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატების ასლები), რომლებმაც უნდა განახორციელონ სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან და/ან საავიაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სატრანსპორტო ოპერაციები. აღნიშნული საბუთები უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის” მოთხოვნებს; პ.ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების ინსტრუქცია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9481-A№/928 (,,საჰაერო ხომალდზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას მოქმედებათა თანმიმდევრობის ინსტრუქცია“) მოთხოვნებს, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეკიპაჟისათვის ფრენის შესრულების დროს; პ.გ) ,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის მოთხოვნები”, რომელიც ასახული უნდა იყოს განმცხადებლის ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” და უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის” (Doc 9284-A№/928) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის” მოთხოვნებს; ჟ) იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ გეგმავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, განმცხადებლის საავიაციო პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატები) და მათი მომზადების პროგრამა სახიფათო ტვირთის (ნაკეთობის) გადაზიდვასთან დაკავშირებით; რ) ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ბაზირების ქვეყნების მითითებით. ს) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის პირველი ნაწილის 11.2 პუნქტის და მე-3 ნაწილის მე-2 სექციის 9.2 პუნქტის მოთხოვნებს. ტ) განმცხადებლის ხარისხის მართვის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს „ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემები-მოთხოვნები“. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები წარდგენილი უნდა იყოს ორიგინალის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით. 5. ექსპლუატაციაში არსებული სხ-ის ტიპის ან მოდიფიკაციის შეცვლის, დამამზადებლის ან საკონსტრუქტორო ბიუროს შესაბამისი დირექტივის (რეკომენდაციის), სააგენტოს მიერ ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა, საკუთარ ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” და/ან ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოში“ შეიტანოს შესაბამისი დამატებები და ცვლილებები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს წესებს, რომლის საჰაერო სივრცეშიც სხ-ის ექსპლუატანტი ასრულებს ფრენებს. აღნიშნული ცვლილებები მის განხორციელებამდე თანხმდება სააგენტოსთან. 6. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას, იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, მაშინ მის განცხადებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა”, ,,ბ“, ,,დ“, ,,ვ“, ,,თ“, ,,ი“, ,,კ“, ,,ნ“ და ,,რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები. მუხლი 5🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა და შეფასება 1. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მათი შემცველი ინფორმაცია ამ წესის და სამოქალქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. 2. სააგენტო სამი დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. თუ განცხადება წარმოდგენილია წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევით, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტის წარმოსადგენად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 3. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფრმაციის ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენენ სააგენტოს სათანადო სტრუქტურული ერთეულები დასკვნის სახით, სააგენტოში დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნები გადაეცემა სააგენტოს მუდმივმოქმედ სასერტიფიკაციო კომისიას (შემდეგ – კომისია), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიცირების მე-2 ეტაპზე (განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება) გადასვლის შესახებ. 5. სერტიფიცირების მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტო, განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. მუხლი 6🔗. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება 1. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის, ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისია განმცხადებლის სამუშაო ადგილზე სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული სპეციალური კითხვარის შესაბამისად ამოწმებს განმცხადებლის საქმიანობის ფაქტობრივ მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის ექსპლუატანტის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია აანაზღაუროს კომისიის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ხარჯები, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად. 2. კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან სამსახურებრივი მდგომარეობით უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების კვალიფიკაცია შეესაბამება მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს; ბ) განმცხადებლის ფრენის უსაფრთხოებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკვშირებული სტრუქტურული ერთეულები დაკომპლექტებულია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე მუშაკების იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს ამ სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების სათანადო დონეზე შესრულებას; გ) ავიასპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკითხები/პროგრამები შეესაბამება სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ პირველი მუხლის და V თავის, ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”) და იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს; დ) განმცხადებელს გააჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენების, საავიაციო სამუშაოების, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის (სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები), წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი თანამშრომლებისათვის; ე) განმცხადებლის სპეციალისტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იცნობენ ამ პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, წესების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების მოთხოვნებს; ვ) განმცხადებლის მიერ გამოცემული ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებს;  ზ) განმცხადებელი უზრუნველყოფს ,,უსაფრთხოების მართვის სისტემით“ გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესრულებასა და დაცვას; თ) განმცხადებლის საქმისწარმოება, რომელიც ეხება ფრენების ორგანიზებასა და შესრულებას, ეკიპაჟის საქმიანობას, სხ-ის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის საკითხებს, სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, საექსპლუატაციო და საბორტო ჩანაწერებს, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ამსახველ სხვა საბუთებში სავალდებულო ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების სიზუსტე, დროულობა, სისტემატურობა, ეფექტიანობა და სისრულე, ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად; ი) განმცხადებლს ექსპლუატაციაში არსებულ ყოველ სხ-ზე გააჩნია სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესით”, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთ(ებ)ი; კ) ფრენების და მომხმარებლის მომსახურების უზრუნველმყოფი სახმელეთო დანადგარები და მოწყობილობები (ტრაპები, მომსახურე ავტომობილები, საავიაციო კავშირგაბმულობის და ფრენების მომსახურე ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირგაბმულობის საშუალებები, სხ-ის შემოყინვის საწინააღმდეგო საშუალებები, საძიებო და საავარიო სამუშაოების უზრუნველმყოფი მინიმალური საშუალებები და სხვა) უზრუნველყოფენ უსაფრთხო და მოწესრიგებულ მომსახურებას. 3. კომისიის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება შემოწმების ანგარიშში. 4. შემოწმების ანგარიში შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს: ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს; ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, შემოწმების ანგარიშში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარადგინოს სააგენტოში ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. სააგენტო, განმცხადებლის ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს ასახავს შემოწმების ანგარიშში.  მუხლი 7🔗. უსაფრთხოების მართვის სისტემა 1. განმცხადებლის ,,უსაფრთხოების მართვის სისტემა” უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (,,უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო”) და სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნებს.  2. სისტემაში ასახული უნდა იყოს ყველა ის ღონისძიება და პროცედურა, რაც განმცხადებელმა უნდა გაატაროს ფრენის (საავიაციო სამუშაოების) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მასში, აგრეთვე დასახელებული უნდა იყოს ის კონკრეტული პირები (თანამდებობები), რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი სისტემის ჩამოყალიბებასა და სათანადო დონეზე შენარჩუნებაზე, შიდა თვითკონტროლსა და ფრენის უსაფრთხოებაზე უარყოფითად მოქმედი ნაკლოვანებების (რისკ-ფაქტორების) ეფექტურ აღმოფხვრაზე. აღნიშნული სისტემა შესაძლებელია იყოს ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე. მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის თქმა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს სერტიფიკატს და ამ სერტიფიკატის №1 დანართს. 2. სერტიფიკატის მონაცემები რეგისტრირდება ,,სხ-ების ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში” ხოლო სერტიფიკატის დანართების ასლები ინახება ექსპლუატანტის სერტიფიცირების მასალებში. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 1 (ერთი) წელი. 4. კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.  5. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ. მუხლი 9🔗. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა, გაგრძელება 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ: ა) სერტიფიკატის მფლობელი სისტემატურად არღვევს ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და/ან ამ წესით დადგენილი ფრენის უსაფრთხოების და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებს; ბ) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ექსპლუატანტის სერტიფაკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; გ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; დ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი; ე) სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებული ყველა სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა; ვ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე. 3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს ერთი თვით. 4. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ატარებს ექსპლუატანტის კომპლექსურ შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებების გამოსწორებაში. 5. სერტიფიკატი ძალადაკარგულად ითვლება მოქმედების ვადის გასვლისთანავე, თუ სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოში არ წარმოადგინა განაცხადი სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე; 6. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატისა და მისი დანართ(ებ)ის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. 7. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; დ) თუ სერტიფიკატის დანართი №1 არ ითვალისწინებს არცერთ სხ-ს. ე) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 8. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, ხორციელდება განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის და მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებით დადგენილი წესით. 9. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნისას სხვა პირობებით ან მისი დანართებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის მოთხოვნისას, განცხადება განიხილება ამ წესის II თავის შესაბამისად. 10.  თუ სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებულია მხოლოდ 5700 კგ-ის ჩათვლით მაქსიმალური ასაფრენი მასის საჰაერო ხომალდ(ებ)ი და განმცხადებელი ითხოვს სერტიფიკატის დანართში 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის საჰაერო ხომალდის შეტანას, განცხადების განხილვა და ახალი სერტიფიკატის გაცემა განხორციელდება ამ წესის II თავის შესაბამისად. 11. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებულ სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა და ექსპლუატანტი, ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს მოქმედ სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობას, მაშინ აღნიშნული სხ ამოღებული იქნება სერტიფიკატის დანართი №1-დან ექსპლუატანტის განცხადების გარეშე.  მუხლი 10🔗. სერტიფიკატი. სხ-ის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრი 1. სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება 3 (სამი) არაბული ციფრისაგან და იგი სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში ექსპლუატანტის რიგითი ნომრის იდენტურია. იმ შემთხვევაში, თუ სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში ექსპლუატანტის რიგითი ნომერი არ არის სამნიშნა, სერტიფიკატში ამ ნომერს წინ ემატება 0 (ნული) ან 00 (ორი ნული). 2. სერტიფიკატი და მისი დანართები ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 3. სერტიფიკატში აისახება: ა) სერტიფიკატის მფლობელი და მისი სათავო ოფისის ადგილმდებარეობა; ბ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; გ) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება; დ) სერტიფიკატის დანართების რაოდენობა. 4. სერტიფიკატში სავალდებულოდ აღინიშნება, რომ სერტიფიკატი ძალაშია მხოლოდ მის დანართ №1-თან ერთად. სერტიფიკატით და მისი დანართებით გათვალისწინებული მონაცემები განსაზღვრულია ამ წესის №3-5 და № 8-10 დანართებით. 5. სერტიფიკატს მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ნომერი არ ეცვლება. 6. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ ისეთივე და/ან უფრო დაბალი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე, როგორიც არის გათვალისწინებული სერტიფიკატის №1 დანართით, იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს: საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 (,,ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) მე-10 თავის 10.3 პუნქტის (,,სხ-ის იჯარა ეკიპაჟით”) და ამავე ოფიციალური გამოცემის ,,B“ დამატების ,,G“ ნაწილის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს. სერტიფიკატის №2 დანართი გაიცემა ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თითოეული სხ-სთვის ცალ-ცალკე. 7. სხ-ის ექსპლუატანტმა სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი სხ-ის სხვა სახელმწიფოს ექსპლუატანტისთვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულების სათანადოდ დამოწმებული ასლი, სხ-ის მიმღები ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებული ასლი და იმ სახელმწიფოს, სადაც რეგისტრირებულია სხ-ის მიმღები ექსპლუატანტი, საავიაციო ხელისუფლების თანხმობა, იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მათ მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ კომერციული ექსპლუატაციის უფლებით. 8. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – ,,დუბლიკატი”.  9. სხ-ის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.  10. სხ-ის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში შეიტანება სერტიფიკატით განსაზღვრული მონაცემები, აგრეთვე სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, შეჩერების, აღდგენის და გაუქმების შესახებ, მონაცემები, აგრეთვე მონაცემები სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის შესახებ. 11. უწყებრივი რეესტრის მონაცემები საჯაროა. თავი III ზედამხედველობა მუხლი 11🔗. სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა  1. სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო. 2. სხ-ის ექსპლუატანტის გეგმური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოს” დანართი №5-ით. არაგეგმური შემოწმების საჭიროებას და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 3. სააგენტოს მიერ ჩატარებული საინსპექციო შემოწმების ფორმები და მეთოდები, შემმოწმებლების უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოთი” და ამ წესით. საინსპექციო შემოწმების საკონტროლო ფორმები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 4. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის (გეგმური, არაგეგმური) საინსპექციო შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ანგარიშებში, რომლებიც სერტიფიცირების დოკუმენტებთან ერთად 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში, კონკრეტული სხ-ის ექსპლუატანტის მასალებში. 5. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ინიშნება ექსპლუატანტზე პასუხისმგებელი ინსპექტორი, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას ექსპლუატანტის საქმიანობის საქართველოს მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას (აღნიშნული ინსპექტორის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინსპექტორი შეიძლება იყოს კონკრეტული ექსპლუატანტის პასუხისმგებელ ინსპექტორად დანიშნული არა უმეტეს ორი წლის ვადით. თავი IV უფლება-მოვალეობანი. პასუხისმგებლობა მუხლი 12🔗. სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობანი 1. სხ-ის ექსპლუატანტს უფლება აქვს:  ა) განახორციელოს სერტიფიკატით გათვალისწინებული ფრენები და/ან საავიაციო სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;  ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება. 2. სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა: ა) ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით და ვადებში მიაწოდოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშები, ხარჯების სტატისტიკა და საფინანსო მონაცემები; ბ) სხ-ით უსაფრთხო ფრენების წარმოებაზე, მიუხედავად იმისა, თუ სად სრულდება ფრენები; გ) დაიცვას საქართველოს და იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები სადაც სრულდება ფრენები. იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატანტი ფრენებისათვის იყენებს სხ-ს, რომელიც დარეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, მან აგრეთვე უნდა შეასრულოს სხ-ის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; დ) ამ ,,წესის” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებში ცვლილებების შემთხვევაში სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია სერტიფიკატის გამცემს, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად; ე) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით და ამ ,,წესით” გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები; ვ)  საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების შემთხვევაში, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია ბაზირების აეროდრომების შეცვლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე საჰაერო ხომალდ(ებ)ის საფრენოსნო-ტექნიკური შემადგენლობის შესახებ; ზ) საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების შემთხვევაში სააგენტოს ყოველ ათ დღეში ერთხელ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარუდგინოს ყველა შესრულებული რეისის საფრენოსნო დავალებისა და საჰაერო ხომალდის ტექნიკურ ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერის ასლები. მუხლი 13🔗. სააგენტოს უფლება-მოვალეობანი 1. სააგენტო, როგორც სერტიფიკატის გამცემი ორგანო:  ა) ამ ,,წესით“ დადგენილ შემთხვევებში გასცემს სერტიფიკატს, შეაჩერებს, განაახლებს ან აგრძელებს მისი მოქმედების ვადას, ან აუქმებს მას;  ბ) შეაქვს ცვლილებები სერტიფიკატში და მის დანართებში;  გ) აწარმოებს სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრს;  დ) 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახავს სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს;  ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელის საავიაციო საქმიანობაზე.  2. სააგენტოს სხვა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.