საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (სემგს/MoESD) და მექსიკის შეერთებული შტატების ტურიზმის სამინისტროს (მშშტს/SECTUR) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 29.11.2012
ძალაში შესვლა 29.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №169
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2013
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) სახელით | მექსიკის შეერთებული შტატების ტურიზმის სამინისტროს (მშშტს) სახელით |
| _______________________ მალხაზ მიქელაძე საქართველოს ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში | ____________________________ გლორია რ. გუივარა მანზო ტურიზმის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (სემგს/MoESD) და მექსიკის შეერთებული შტატების ტურიზმის სამინისტროს (მშშტს/SECTUR) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (სემგს/ MoESD) და მექსიკის შეერთებული შტატების ტურიზმის სამინისტროს (მშშტს/SECTUR) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (სემგს/ MoESD) და მექსიკის შეერთებული შტატების ტურიზმის სამინისტრო (მშშტს/SECTUR) შემდგომში „მხარეებად“ წოდებული;
გამოხატავენ რა, თავიანთ სურვილს განავითარონ და გაამყარონ თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში საქართველოსა და მექსიკას შორის;
აცნობიერებენ რა, ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას;
ისწრაფვიან რა, განამტკიცონ ერთობლივი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და ხელი შეუწყონ ხელსაყრელი პირობების შექმნას ორივე ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმატებული საქმიანობისთვის;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მიზანი
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ისეთი საფუძვლის ჩამოყალიბება, რომლითაც ორივე მხარე შეძლებს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლობის საფუძველზე და თავიანთი შესაბამისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
2. თანამშრომლობის მიმართულებები
მხარეებს შორის თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ სფეროებსა და მოდალობებში:
a) ტურიზმის პოპულარიზაციის ინიციატივების ჩამოყალიბება ორმხრივი ტურიზმის ნაკადების გაზრდის მიზნით, განსაკუთრებით ფუფუნების ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის, სპორტული ტურიზმის, კულტურული ტურიზმისა და ჯგუფებისთვის ორგანიზებული ტურიზმის მიმართულებით;
b) ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ტურისტული იმიჯის პოპულარიზაციას ტურიზმთან დაკავშირებულ თემებზე სემინარებში, კონფერენციებში, ბაზრობებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის გზით, აგრეთვე სხვა ნებისმიერი სახის ღონისძიებებით, რომელიც ორივე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პოტენციალს წარმოადგენს;
c) წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ გამოცდილების, სტატისტიკური მონაცემების, ინფორმაციისა და სხვა სახის ძირითადი მონაცემების გაცვლას, რომელიც ორივე ტურისტული სექტორისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, მათ შორის შემდეგი ინფორმაცია:
- სექტორთან დაკავშირებული კვლევის მასალები და წყაროები;
- ორივე მხარის ქვეყანაში ტურისტული ბაზრის პოტენციალი, მისი მოცულობა და მახასიათებლები;
- ტურისტული პროდუქტების განვითარების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, მონაცემები, კვლევა;
- სხვადასხვა ტიპის ტურიზმის განვითარების შესახებ ცოდნა და გამოცდილება;
- სტუმარმასპინძლობისა და სექტორში არსებული საწარმოების მართვის გამოცდილება.
d) ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ტურისტების მიმოსვლასა და საერთო ინტერესის მქონე მიმართულებებით საჰაერო კავშირის გაზრდას;
e) ხელს შეუწყობენ ტურისტულ სექტორში სატრენინგო პროგრამების განხორციელებას და სტუდენტების მომზადებას ორივე ქვეყანაში;
f) ხელს შეუწყობენ ტურისტული ნაკადების მიმოსვლას საინფორმაციო მასალების გავრცელებით იმ კულტურული ღონისძიებების შესახებ, რომელიც გაიმართება საქართველოსა და მექსიკაში;
g) მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ითანამშრომლებენ საერთო ინტერესის სხვა ნებისმიერ სფეროში.
3. თანამშრომლობის სპეციალური პროგრამები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებისთვის, მხარეები განავითარებენ სპეციალური თანამშრომლობის პროგრამებს, რომლითაც განსაზღვრება განსახორციელებელი მიზნები და მოქმედებები; მატერიალური რესურსები, მათ შორის ფინანსური და ადამიანური, რომელებიც გამოყოფილი იქნება მხარეების მიერ; მუშაობის განრიგი; ორივე მხარის პასუხისმგებლობა; ინფორმაციის მართვა; სამუშაო საათების რაოდენობა და ხანგრძლივობა, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც მხარეების მიერ მიიჩნევა სათანადოდ.
4. კოორდინაციის და განხორციელების მექანიზმები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის სათანადოდ შესრულებისთვის მხარეები ნიშნავენ შემდეგ საკონტაქტო პირებს:
· დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
· მექსიკის ტურიზმის სამდივნოს მრჩეველთა მთავარი კოორდინატორი.
5. სამუშაო ურთიერთობები
მხარეების მიერ თანამშრომლობის აქტივობების განხორციელების მიზნით, დანიშნული პერსონალი კვლავ განაგრძობს იმ უწყებისადმი დაექვემდებარებას, რომელსაც ის ეკუთვნის და გაატარებს მის მიმართულებებს, ისე რომ სხვა მხარესთან არ შექმნან რაიმე სახის შრომითი ურთიერთობა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება შემცვლელ ან დამხმარე დამქირავებლად.
6. დავების მოგვარება
მხარეთა შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისა და ინტერპრეტიაციის დროს წარმოშობილი დავები გადაწყდება, დიპლომატიური არხების მეშვეობით, კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
7. დაფინანსება
მხარეები დააფინანსებენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს შესაბამისი გამოყოფილი ბიუჯეტიდან, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
8. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება ხუთი (5) წლის ვადით, რომელიც ავტომატურად გრძელდება ამავე ვადით, თუ რომელიმე მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით თავის გადაწყვეტილებას, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ სამოცი (60) დღით ადრე.
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები. ცვლილებები წერილობით უნდა იყოს გაფორმებული და უნდა მიეთითოს მათი ძალაში შესვლის თარიღი.
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა არ მოქმედებს იმ ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც მისი მოქმედების პერიოდში იქნა დადგენილი, თუკი მხარეები არ შეთანხმდებიან სხვაგვარად.
შესრულებულია ქ. მეხიკოში 2012 წლის 29 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) სახელით
მექსიკის შეერთებული შტატების ტურიზმის სამინისტროს (მშშტს)
სახელით
_______________________
მალხაზ მიქელაძე
საქართველოს ელჩი
მექსიკის შეერთებულ შტატებში
____________________________
გლორია რ. გუივარა მანზო
ტურიზმის მინისტრი