„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №200-რს
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2012 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 28 დეკემბერი 2012 წ. N200-რს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/40, 28.12.2012) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 20 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
მანანა კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე)
ზვიად ძიძიგური – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ზაქარია ქუცნაშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
ვახტანგ ხმალაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ირინე იმერლიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ჩიქოვანი – ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატების“ თავმჯდომარე
აკაკი ბობოხიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების“ თავმჯდომარე
გოგი ლიპარტელიანი – ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე
ლევან ბეჟაშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე
აკაკი მინაშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
მიხეილ მაჭავარიანი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
პავლე კუბლაშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
ვახტანგ ლემონჯავა – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ წევრი
ალექსანდრე ბარამიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ქეთევან ხუციშვილი – ფონდ „ღია საზოგადოება −საქართველოს“ ხელმძღვანელი
თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი
ლაშა ტუღუში – საქართველოს პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი
ნინო ლომჯარია – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე
გიორგი კვერენჩხილაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი
ნანა ჭიღლაძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
28 დეკემბერი 2012 წ.
N200-რს
კანონპროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1🔗. საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №
31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს 511 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები.
2. ამოღებულ იქნეს 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი.
3. მე-80 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
5. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.“.
4. 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. 511 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას უნდობლობის გამოცხადების შესახებ განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს ამ გარემოებების ამოწურვიდან 15 დღეში.“.
5. 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონსტიტუციის 511 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობისას სახელმწიფო ბიუჯეტს დეკრეტით ამტკიცებს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზის არსებობა, კერძოდ, ხელისუფლების განშტოებათა ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების პრინციპის დარღვევა. უფრო კონკრეტულად, კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტით და 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმები საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტთან შეუთანხმებლად შექმნას მთავრობა. ამასთან, 511 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მას არა აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება. ასეთი მოდელი საზოგადოდ შეიცავს პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის წარმოქმნის რისკს, რომელიც მკვეთრად იზრდება, როდესაც მძაფრდება პოლიტიკური დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას ან/და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მოდელი არ შეიცავს ზემოაღნიშნული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის კონსტიტუციურ მექანიზმს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ზემოაღნიშნული ხარვეზის გამოსწორება პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობიდან გამოსვლის კონსტიტუციური მექანიზმის შექმნით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია ისეთი კონსტიტუციური მექანიზმის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი მთავრობის არსებობას, რომელსაც ექნება პარლამენტის მხარდაჭერა და რომელიც შესაძლებლობას არ მისცემს პრეზიდენტს, უგულებელყოს პარლამენტის, ანუ ხალხის, ნება.
ამ მიზნის მისაღწევად კანონპროექტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების გაუქმება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის, ანუ ხალხის, ნების წინააღმდეგ გადააყენოს არსებული მთავრობა, ხოლო შემდეგ შექმნას და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს თავისთვის სასურველი მთავრობა. იმავდროულად, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, მას უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს მისი რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე მთავრობის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს გადაყენებული მთავრობა.
ასეთი მოდელი, სანამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომლებითაც აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად გადავა მთავრობის ხელში, უზრუნველყოფს შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებას და სტაბილურობის შენარჩუნებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს არანაირ ხარჯს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს პოლიტიკური და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით გაუმჯობესდება ხელისუფლების განშტოებათა ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების პრინციპის დაცვის ხარისხი, რაც შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტს კავშირი არა აქვს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ვახტანგ ხმალაძე.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის 78 წევრი.