განჩინებაშპს „კატრი“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16889-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/16889-12

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2012 წლის 31 დეკემბერი                            

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი − შპს ,,კატრი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204530668)

დირექტორი − დევი სტურუა

მოთხოვნა − გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა შპს ,,კატრის’’ დირექტორის დევი სტურუას განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გამოარკვია:

2012 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,კატრის’’ დირექტორმა დევი სტურუამ.

როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, კომპანიის დავალიანება კრედიტორების მიმართ 2012 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 7 680 264.96 დოლარს და          39 501 ლარს, ასევე კომპანიას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და ქონება, გარდა უმნიშვნელო საოფისე ინვენტარისა, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 1554 ლარს. შპს ,,კატრს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, შპს ,,კატრის’’ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენს 0.00 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კატრის’’ დირექტორმა მოითხოვა შპს ,,კატრის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

2012 წლის 25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით შპს ,,კატრის’’ დირექტორს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ,  ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია შპს ,,კატრის’’ სახელზე უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის თაობაზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, იმის შესახებ, რომ შპს ,,კატრს’’ არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, ასევე შპს ,,კატრის’’ დირექტორს დაევალა წარმოედგინა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის შეტანის დოკუმენტი.

აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განმცხადებლის წარმომადგენელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

2012 წლის 28 დეკემბერს შპს ,,კატრის’’ დირექტორის მიერ გამოსწორებული იქნა დადგენილი ხარვეზი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები და დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მაგივრად მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად,  არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის დირექტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,კატრს’’ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება), ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.

   სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,კატრის’’ დირექტორს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 4 . განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში, მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებ.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი).

 

მოსამართლე                         თამარ ჭუნიაშვილი