ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების შესახებ მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის დეტალების თაობაზე
მიღების თარიღი 27.10.2011
ძალაში შესვლა 01.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/176
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2013
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს მთავრობის სახელით | თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
| ჯამბულ ებანოიძე შემოსავლების სამსახურის უფროსი- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე | ზია ალთუნიალდიზი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი |
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების შესახებ მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის დეტალების თაობაზე
ოქმი
მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების შესახებ მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის დეტალების თაობაზე
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი;
სურთ რა, გააუმჯობესონ ეკონომიკური საზღვრის დაცვის ადმინისტრაციებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება, თავიანთი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით,
აღიარებენ რა, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ეფექტური კონტროლის, ასევე მგზავრების კონტროლის გარკვეული სახის მნიშვნელობას მხარეთა საზღვრების კვეთისას, რაც საბოლოოდ მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას,
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ნორმების, სტანდარტებისა და რეკომენდაციების და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად,
სურთ რა, მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურების დაჩქარება,
ითვალისწინებენ რა, გლობალური ვაჭრობის უსაფრთხოებისა და ხელშეწყობის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჩარჩო-სტანდარტების განსახორციელებლად შემუშავებულ მიდგომებს,
როგორც „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი - სარფ”, „კარწახი – ჩილდირ/აკტაშ” და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ” შეთანხმების მხარეები (შემდგომში „შეთანხმება");
შეთანხმდნენ შემდეგზე:
1 მუხლი
ზოგადი დებულებები
მხარეები იღებენ ვალდებულებას მუდმივად აწარმოონ მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის მიერ ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებისას და მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე, ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცესიდან უშუალოდ მიღებული ელექტრონული მონაცემების წინასწარი გაცვლა.
მხარეები წინასწარ ელექტრონულ მონაცემებს გამოიყენებენ ვაჭრობის უსაფრთხოების მხარდაჭერისა და კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის.
ელექტრონულ მონაცემთა წინასწარ გაცვლა ხორციელდება ტექნიკური დოკუმენტის „მონაცემთა გაცვლის სისტემა” ფარგლებში.
2 მუხლი
მოდერნიზებული პროცედურების განხორციელების ვალდებულება
მხარეებმა მუდმივად უნდა აწარმოონ ელექტრონული მონაცემების წინასწარი გაცვლა რისკების ანალიზისა და მართვის მეთოდების ეფექტურად გამოყენებით იმისთვის, რომ მხარეთა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთისას მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მოქნილად წარმართვა განხორციელდეს თანმიმდევრული სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფით.
3 მუხლი
მონაცემთა დაცვა
წინამდებარე ოქმის ფარგლებში გადაცემული წინასწარი ელექტრონული ინფორმაცია კონფიდენციალურია. ინფორმაციის მიმართ ვრცელდება სამსახურებრივი საიდუმლოების ვალდებულებები და მხარეთა სახელმწიფოების შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით განისაზღვრება.
წინამდებარე ოქმის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია შესაძლოა იქნეს გამოყენებული ოქმის ფარგლებში გათვალისწინებული მიზნებისათვის, კერძოდ, სამართლებრივი, საგამოძიებო და ადმინისტრაციული პროცესებისთვის და ინფორმაცია არ გადაეგზავნება მესამე მხარეს ოქმის ერთ-ერთი მხარის წერილობითი თანხმობის არსებობის გარეშე.
4 მუხლი
განხორციელების ტექნიკური პროცედურები
1. მხარეები განსაზღვრავენ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს თავიანთ ადმინისტრაციებში და აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფები პასუხისმგებელნი არიან შემდეგზე:
- ელექტრონულ მონაცემთა წინასწარი გაცვლისთვის ტექნიკური ხასიათის დებულებების შემუშავება და განხორციელება;
- მონაცემთა განსაზღვრა ელექტრონულ მონაცემთა წინასწარი გაცვლისთვის;
- ელექტრონულ მონაცემთა წინასწარი გაცვლის მეთოდები მგზავრებთან, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებთან და საქონელთან მიმართებაში.
ტექნიკური დოკუმენტი „მონაცემთა გაცვლის სისტემა”, რომელსაც ხელი მოეწერება მხარეების მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილი პირების მიერ ოქმის ხელმოწერიდან 45 დღის მანძილზე, განიხილება როგორც წინამდებარე ოქმის შემადგენელი ნაწილი.
5 მუხლი
მოლაპარაკებები და სადაო საკითხების გადაწყვეტა
1. „ერთობლივი კომიტეტის” ფარგლებში ჩამოყალიბებული „საინფორმაციო ტექნოლოგიების ქვეკომიტეტი” რეგულარულად შეიკრიბება სამ თვეში ერთხელ.
2. საგანგებო შემთხვევისას ქვეკომიტეტი შეიკრიბება ერთ დღეში, მხარის მიერ მოწოდებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. ქვეკომიტეტების მიერ შედგენილი ანგარიშები გადაეგზავნებათ მხარეების კომპეტენტურ უწყებებს.
4. ქვეკომიტეტი მოაგვარებს წამოჭრილ სადავო საკითხებს მხარეების კანონმდებლობის და მეგობრული მოლაპარაკებების ფარგლებში. გადაუჭრელი საკითხები გადაეგზავნება „ერთობლივ კომიტეტს”.
6 მუხლი
ძალაში შესვლა
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღის შემდგომი თვის პირველ დღეს.
წინამდებარე ოქმი ძალაში იქნება შეთანხმების ძალაში ყოფნამდე. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ოქმის შეწყვეტა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, დიპლომატიური არხების დახმარებით. აღნიშნულ შემთხვევაში ოქმი ძალაში აღარ იქნება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის თავზე.
ოქმის შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას განხორციელებული თუ განხორციელების პროცესში მყოფ ღონისძიებებსა თუ პროექტებზე.
მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმებაში შეიძლება ნებისმიერ დროს შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა წინამდებარე მუხლის პირველ პარაგრაფში განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, თუმცა წინამდებარე ოქმის ფარგლებში შემუშავებული დანართი შეიცვლება მხარეების წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.
ხელმოწერილია 2011 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
თურქეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
ჯამბულ ებანოიძე
შემოსავლების სამსახურის უფროსი-
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ზია ალთუნიალდიზი
თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი