საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | შინაგან საქმეთა მინისტრი |
| ა) პოლიციის უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე | - |
| ბ) პოლიციის ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე | - |
| გ) პოლიციის უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე | - |
| დ) პოლიციის კაპიტანიდან მაიორამდე | - |
| ე) პოლიციის მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე | - |
| ვ) პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე | - |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№19
2013 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თანდართული სახით დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული - პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტში (შემდგომში - დეპარტამენტი) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის თანამშრომლები
დეპარტამენტში მსახურობენ და დეპარტამენტის თანამშრომლებს წარმოადგენენ:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე;
ბ) სამოქალაქო პირი;
გ) დამხმარე მოსამსახურე;
დ) შტატგარეშე მოსამსახურე.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდება;
ბ) სამოქალაქო პირი - პირი, რომელსაც არ გააჩნია სპეციალური წოდება და შესაბამისი შტატით გათვალისწინებულია სამოქალაქო პირის დანიშვნის შესაძლებლობა;
გ) დამხმარე მოსამსახურე - ტექნიკური მუშაკი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;
დ) შტატგარეშე მოსამსახურე - პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და რომლის ხელფასი განსაზღვრულია შესაბამისი ბრძანებითა და ხელშეკრულებით;
ე) საშტატო–საორგანიზაციო ღონისძიება - სტრუქტურული ქვედანაყოფის (ან ქვედანაყოფების) ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზება, შტატების შემცირებით ან მის გარეშე;
ვ) ხელფასი (ფულადი სარგო) – დეპარტამენტის თანამშრომლის ხელფასი შედგება თანამდებობრივი ან/და წოდებრივი სარგოსგან;
ზ) შრომის ანაზღაურება – დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს (ფულადი სარგო) და ყოველთვიურ დანამატებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტში სამსახურის გავლის პრინციპები
1. დეპარტამენტის სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, წახალისების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
2. დეპარტამენტის მოასამსახურეებს აქვთ ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში-მინისტრი). დეპარტამენტის მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს ეძლევათ მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, ხოლო შტატგარეშე მოსამსახურეთა და ვადიან საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დეპარტამენტის მოსამსახურეებს აქვთ უფლება შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.
3. დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური და პროფესიული ეთიკის წესების მოთხოვნების შესრულებას ზედამხედველობას უწევს და დარღვევებზე რეგირებას ახორციელებს შსს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, დეპარტამენტის შინაგანაწესი, წინამდებარე წესი და სხვა ნორმატიული აქტები.
თავი II
დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლებამოსილებისა და პროფესიული ეთიკის წესები
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის თანამშრომლის უფლებამოსილება
1. დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედი კანონმდებლობის, დეპარტამენტის დებულების და შესაბამისი გავლის წესის შესაბამისად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და სარგებლობენ გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მათ აკისრიათ დაკავებული თანამდებობით ან ხელშეკრულებით.
2. დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის თანამშრომელი ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობს კანონით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება დეპარტამენტის თანამშრომელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან;
4. აკრძალულია დეპარტამენტის თანამშრომლის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. იგი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით. დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან დისციპლინარული დარღვევისთვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტის თანამშრომლის უფლებები
1. დეპარტამენტის თანამშრომელი, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში დადგენილი წესით;
დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით დეპარტამენტის შესაბამის თანამდებობაზე;
ე) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ხარჯზე გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები;
ვ) მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია დადგენილი წესით;
ზ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების ბათილობის მიზნით;
თ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება;
ი) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.
2. დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
დეპარტამენტის თანამშრომლის მოვალეობები
1. დეპარტამენტის თანამშრომელი საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მოვალეობების გარდა, ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონდებლობით,დეპარტამენტის დებულებით, ამ წესით, ფუნქციონალური მოვალეობებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მიმართვები,საჩივრები და განცხადებები;
დ) დაიცვას დეპარტამენტის შინაგანაწესის მოთხოვნები, სამსახურებრივ ინფორმაციასთან დამოკიდებულების წესები და თანამდებობრივი ინსტრუქციები;
ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება კერძო ინტერესებისათვის.
2. დაუშვებელია დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი სარგებლის მისაღებად. დეპარტამენტის თანამშრომელს არ აქვს სხვა მოქალაქეებისაგან განსხვავებული პრივილეგიები და სხვა რაიმე უპირატესობა.
3. დეპარტამენტის თანამშრომელი არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დროს. დეპარტამენტის თანამშრომელმა არ უნდა გაავრცელოს პოლიტიკურ–პროპაგანდისტული მასალები, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური ხასიათის მიტინგებსა და შეკრებებში.
4. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დეპარტამენტის თანამშრომელი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე–ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს დადასტურებული ობიექტური ხელის შემშლელი გარემოება.
5. დეპარტამენტის თანამშრომელმა არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად.
6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დეპარტამენტის თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ღირსება.
7. დეპარტამენტის თანამშრომელმა დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულოს სამართლიანად, მიუკერძოებლად და უზრუნველყოს ყველა პირის კანონის წინაშე თანასწორობა განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, განათლებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა სახის პირადი მდგომარეობისა.
8. დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.
9. დეპარტამენტის თანამშრომელმა ძალა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, როცა ამას განსაკუთრებული აუცილებლობა მოითხოვს და იმ ფარგლებში, რაც მოვალეობის შესრულებისთვისაა აუცილებელი. ძალის გამოყენება უნდა იყოს მისაღწევი კანონიერი მიზნის თანაზომიერი. ყველა შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომელი უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზარალი და ზიანი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, უზრუნველყოს, რომ დაჭრილის შველა და სამედიცინო დახმარება მოხდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე.
10. დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.
11. დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მის უშუალო უფროსს.
12. თუ ამ მუხლის მე–11 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში, იგი ვალდებულია ეს მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.
13. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. თანამშრომელზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება არ გავრცელდება არანაირი დისციპლინარული ან სხვა სახის სანქცია.
14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება დეპარტამენტის თანამშრომელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
მუხლი 9🔗.
განკარგულებები, რომელთა გაცემა არ შეიძლება
1. ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალების) გაცემა, თუ იგი:
ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;
ბ) სცილდება განკარგულების (დავალების) გამცემის უფლებამოსილებას;
გ) საჭიროებს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია.
2. განკარგულების (დავალების) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალების) წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც ასევე წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს), თუ მათი შესრულება:
ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლების, ძმის, დის, შვილის ან სხვა ოჯახის წევრის წინააღმდეგ;
ბ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.
მუხლი 10🔗.
უშუალო ან ზემდგომი უფროსის დავალების სავალდებულო შესრულება
1. უშუალო ან ზემდგომ უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია დეპარტამენტის თანამშრომელი:
ა) გადაიყვანოს სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას. ამ შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომელს აუნაზღაურდება დამატებით წარმოშობილი სატრანსპორტო ან სხვა კომუნალური ხარჯები დადგენილი წესით;
ბ) დეპარტამენტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, გამოიყენოს სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ დეპარტამენტის თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის;
გ) გადაუნაწილოს სამუშაოზე გამოუცხადებელი დეპარტამენტის თანამშრომლის მოვალეობები შესასრულებლად არა უმეტეს ერთი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ დეპარტამენტის თანამშრომლის თანხმობით), თუ შესაბამისი დაცვის პოლიციის თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ამ პუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა თანამდებობის პირს, საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გარდა, დანამატის სახით, ეძლევა სხვაობა არმყოფი თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობამდე;
დ) დააკისროს დეპარტამენტის თანამშრომელს არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება, ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლებით. ამ შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომელს უნარჩუნდება წინანდელი თანამდებობრივი სარგო, გარდა იმ შემთხვევისა თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო აღემატება მისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალეობის დაკისრება ფორმდება სამსახურში მიღებაზე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება მოვალეობის დაკისრების ფარგლები.
3. დეპარტამენტის თანამშრომელს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია ან თუ მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.
მუხლი 11🔗.
შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
დეპარტამენტის თანმშრომელს უფლება არ აქვს:
ა) ეკავოს ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში;
ბ) იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს წილსა და აქციებს;
დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძვლებზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით (გარდა ოფიციალურად დადგენილი შრომითი ანაზღაურებისა);
ე) სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით) ან სხვაგვარი მომსახურება;
ვ) იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი;
ზ) სამსახურებრივად დაექვემდებაროს ან დაიქვემდებაროს ახლო ნათესავი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 12🔗.
პროფესიული მომზადება
1. დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დეპარტამენტი ახორციელებს მათ პროფესიულ მომზადებას, რომელშიც შედის სპეციალური მომზადება-გადამზადება და სამსახურის გავლის სხვადასხვა ეტაპზე მისი პერიოდული შემოწმება.
2. დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სპეციალურ და საგანგებო ღონისძიებების საბრძოლო მომზადების ცენტრში, ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პროფესიული მომზადების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
თავი III
სამსახურში მიღება
მუხლი 13🔗.
სამსახურში მიღების წესი
1. დეპარტამენტის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აკამაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული ფუნქციები.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით და დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დეპარტამენტის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი.
3. ასაკობრივი შეზღუდვები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა დეპარტამენტში სამუშაოდ მიღება ხდება იმ უწყებებიდან, რომელთაც გააჩნიათ სამხედრო ან სპეციალური წოდებები.
4. ასაკობრივი შეზღუდვა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილი იქნენ შს ორგანოებიდან და იწყებენ დეპარტამენტში სამსახურს დეპარტამენტის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, განისაზღვრება ამ წესის მე-18 მუხლის მოთხოვნებით.
5. დეპარტამენტის ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება შეიძლება განხორციელდეს სპეციალური მომზადების შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.
6. რიგით და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
7. უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე ინიშნებიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ როგორც წესი უმაღლესი განათლება.
8. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც უმცროს, საშუალო, უფროს და უმაღლესი წოდების(რიგითების, უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა) ასევე სამოქალაქო პირისა და დამხმარე მოსამსახურის მიღების შესაძლებლობას, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები (განათლების ცენზები) ვრცელდება სამოქალაქო პირზეც.
9. დეპარტამენტის საშტატო განრიგს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ითანხმებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგისა);
10. სამსახურში მიღება ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14🔗.
სამოქალაქო პირის, დამხმარე მოსამსახურის და შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურში მიღების წესი
1. დეპარტამენტში საშტატო ერთეულით გათვალისწინებული სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან 18-დან 60 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია–მოვალეოებები.
2. დამხმარე მოსამსახურის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და შტატგარეშე მოსამსახურედ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია–მოვალეობები.
მუხლი 15🔗.
წვევამდელთა მიღება თანამდებობაზე
1. წვევამდელმა დეპარტამენტში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. წვევამდელს დეპარტამენტში მიღების შემდეგ მიენიჭება პოლიციის რიგითის ან საშუალო სპეციალური წოდება.
3. წვევამდელს დეპარტამენტში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.
4.წვევამდელის მიერ გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი და ვადა განისაზღვრება შესაბამისი კანონით.
მუხლი 16🔗.
დეპარტამენტში დანიშვნა/მიღების გაფორმება
1. დეპარტამენტში დანიშვნა/მიღება ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
2. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს ასეთი აქტისთვის დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პირის სახელი, მამის სახელი და გვარი;
ბ) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, რომელშიც პირი ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელება;
დ) დანიშვნის თარიღი;
ე) თანამდებობის დაკავების ვადა - თუ პირი თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის მიღებული;
ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა – თუ პირი თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით არის მიღებული;
ზ) საფუძველი;
3. დეპარტამენტში თანამშრომლის მიღების შემდეგ მის სახელზე დადგენილი წესით გაიცემა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ფორმა.
4. პირი, რომლის დანიშვნაც გაუქმდა ვალდებულია დაუბრუნოს დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს ის მატერიალური ქონება, რაც მან მიიღო დანიშვნის შედეგად.
5. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების (მათ შორის თანამდებობიდან გადაყენების) სამართლებრივი აქტი.
მუხლი 17🔗.
სამსახურის ვადა
1. დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. დეპარტამენტში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი - ამ დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე;
ბ) შტატგარეშე მოსამსახურე დავალების შესრულების ვადით;
გ) კანდიდატი გამოსაცდელი ვადით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
მუხლი 18🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა
1. მოსამსახურეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები შეუძლიათ იმსახურონ დეპარტამენტში შემდეგი ასაკის მიღწევამდე:
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 55 წელი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 55 წელი;
გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 60 წელი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.
მუხლი 19🔗.
გამოსაცდელი ვადა
1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვისა, კანდიდატი თანამდებობაზე დანიშნონ გამოსაცდელი ვადით დეპარტამენტის თანამშრომლის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება კანდიდატის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.
3. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა დამატებითი სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და წარდგინების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი წოდების მინიჭების შესახებ. გამოსაცდელი ვადის გამოყენების არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება:
ა) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ;
ბ) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
გ) დროებით არმყოფი დეპარტამენტის თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.
5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის:
ა) სამსახურებრივი გადაადგილება (გარდა საშტატო–საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება;
ბ) მისი დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან.
6. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
7. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება შრომით საერთო სტაჟში.
მუხლი 20🔗.
შეზღუდვები დეპარტამენტში მიღებისას
1. დეპარტამენტში არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც იმყოფება პატიმრობაში;
გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუუნარობის მქონედ;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი;
ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;
ი) შს ორგანოებიდან ან სხვა სახელმწიფო უწყებიდან დისციპლინური გადაცდომის გამო დათხოვნილი პირი;
კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება დეპარტამენტში.
მუხლი 21🔗.
დეპარტამენტის თანამშრომლის ფიცი
დეპარტამენტის თანამშრომელი დებს ფიცს, რომლის დადების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 22🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა
პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა და დეპარტამენტის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ პირი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება დეპარტამენტის სპეციალურ აღრიცხვაზე.
თავი IV
თანამდებობრივი გადაადგილება, სამსახურებრივი გადაადგილება და მივლინება
მუხლი 23🔗.
თანამდებობრივი გადაადგილება
1.დეპარტამენტის თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილება ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებით;
ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების განხორციელებისას;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
ე) პირადი პატაკით;
ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად;
ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს დეპარტამენტის თანამშრომლის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაციის), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით.
3. თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება თანამშრომელს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა. დასაშვებია აღნიშნული ბრძანების გაცნობა ელეტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.
4. დაბალ თანამდებობაზე გადაყვანილი თანამშრომელი შემდეგში შეიძლება სამსახურში დაწინაურდეს ატესტაციით ან უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით.
5. უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია აღნიშნული პირის უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, ეს პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ–ჩვევების გათვალისწინებით ინიშნება სხვა შესაბამის (ტოლფასი) თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი იტყვის უარს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, მაშინ იგი გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან.
6. დეპარტამენტის მოსამსახურეების თანამდებობრივი გადაადგილებისა და დაწინაურების დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს მინისტრი.
7. ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებელად 3 თვით, ხოლო არავაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობის პირის ავადმყოფობა, მივლინება და ა.შ.) - 6 თვით.
მუხლი 24🔗.
დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე
1. დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეს ტერიტორიულად სხვა ადგილზე (ქალაქი, რაიონი ან სხვა დასახლებული პუნქტი) სამსახურებრივი გადაადგილების დროს ეძლევა კომპენსაცია დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 25🔗.
სამსახურებრივი მივლინება
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მივლინებაში ყოფნის პერიოდში დეპარტამენტის თანამშრომელს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო–საორგანიზაციო ღონისძიებისა.
2. იმ შემთხვევაში თუ სამსახურეობირვი აუცილებლობიდან გამომდინარე დეპარტამენტის თანამშრომელი გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი როგორც წესი უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.
3. სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება მივლენილ იქნეს დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულში, ტერიტორიულ ორგანოში და შეასრულოს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის დავალებები. აღნიშნული მივლინება თუ არ ხორციელდება ტერიტორიულად სხვა ადგილას დაცვის პოლიციის თანამშრომელს არ მიეცემა სამივლინებო ხარჯები.
4. საშტატო–საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ დეპარტამენტის თანამშრომელს უწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.
თავი V
დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება და მოსამსახურისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
მუხლი 26🔗.
სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება
1. დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს დეპარტამენტის თანამშრომლის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება:
ა) დეპარტამენტის თანამშრომლის წერილობითი პატაკის (განცხადების) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი;
ბ) შვებულების დროს;
გ) მის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობით ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;
ე) დისციპლინური წარმოებისას განსაკუთრებულ შემთხვევებში;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევვებში.
3. დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, მას სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს მისი უშუალო უფროსი, ამ პერიოდში მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.
4. დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ, რომლის სამსახურებრივი ურთიერთობა დროებით შეჩერებულია საჭიროების შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს ზომები, რომ იგი ჩამოშორებულ იქნეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებს და საბუთებს, ჩამოერთვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურებრივი ინვენტარი, სპეციალური საშუალებები და სხვა სამსახურებრივი საშუალებები.
მუხლი 27🔗.
სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება
1. დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობების დროებითი შეჩერება ამ წესის 26-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სათანადო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
2. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერების პერიოდში დეპარტამენტის თანამშრომელს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ დებულების 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 28🔗.
თანამდებობიდან დროებით გადაყენება
1. დეპარტამენტის თანამშრომელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. თანამდებობიდან გადაყენებული თანამშრომელი, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს აუნაზღაურდბა იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 29🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა
1. დეპარტამენტის მოსამსახურე დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში:
ა) საშტატო–საორგანიზაციო ღონისძიებათა განხორციელებისას;
ბ სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას;
გ) პირადი პატაკის არსებობის შემთხვევაში (გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე, რიგითი შემადგენლობის მოსამსახურისა), თუ არსებობს დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობა.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეები კადრების განკარგულებაში შეიძლება აყვანილ იქნან არა უმეტეს ოთხი თვის ვადით.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი დეპარტამენტის მოსამსახურეები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება დროებით დაეკისროს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულება.
4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში დეპარტამენტის მოსამსახურეს მიეცემა 2 თვის ხელფასი (ფულადი სარგო).
5. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს დროებით მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებითი მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო).
მუხლი 30🔗.
სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
1. დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლება ნიშნავს შესაბამისი თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას დეპარტამენტთან გათავისუფლების დღიდან.
2. დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს შემდეგი საფუძვლებით:
ა) პირადი პატაკით (განცხადებით);
ბ) სამსახურში ყოფნის განსაზღვრული ასაკის მიღწევისას;
გ) წელთა ნამსახურობის ვადის გამო;
დ) თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშვნისას სამსახურის ვადის გასვლის გამო;
ე) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების ან დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფის/ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს;
ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
ზ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
თ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;
ი) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
კ) დისციპლინური დარღვევისათვის;
ლ) სისხლის სამართლებრივი სამართალდარღვევის ჩადენის გამო;
მ) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
ნ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო;
ო) გარდაცვალების გამო;
პ) შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო (სამოქალაქო პირების, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეების მიმართ);
ჟ) საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
მუხლი 31🔗.
დეპარტამენტის თანამშრომლის გათავისუფლება
დეპარტამენტის თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ან ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც მისი დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია.
მუხლი 32🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეთა დათხოვნა შს ორგანოებიდან
დეპარტამენტის მოსამსახურეები შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ წინამდებარე წესის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), გ), დ), ე), ვ), ზ), თ), ი), კ), ლ), ჟ) ქვეპუნქტებისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
მუხლი 33🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადადგომით დათხოვნა
დეპარტამენტის მოსამსახურე შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ გადადგომით:
ა) ასაკის გამო - ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევისას;
ბ) ავადმყოფობის გამო - სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად.
მუხლი 34🔗.
გათავისუფლება პირადი პატაკის საფუძველზე
დეპარტამენტის თანამშრომელი პირადი პატაკით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი დანიშვნის უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია თუ თანამშრომლის განთავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დეპარტამენტის ან/და სახელმწიფოს ინტერსებს. გათავისუფლების პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 2 კვირისა უარის განცხადების დღიდან.
მუხლი 35🔗.
დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო
კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება დეპარტამენტის მოსამსახურის დათხოვნა შს ორგანოებიდან.
მუხლი 36🔗.
გათავისუფლება ასაკის გამო
დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.
მუხლი 37🔗.
გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო
1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო დანიშნული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.
3. თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული პირი არ თავისუფლდება სამსახურიდან, თუ იგი ახალი ვადით იქნა დანიშნული იმავე თანამდებობაზე.
მუხლი 38🔗.
გათავისუფლება წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო
დეპარტამენტის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო.
მუხლი 39🔗.
გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო
დეპარტამენტის თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. დეპარტამენტის თანამშრომელი თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს (ან აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დღიდან).
მუხლი 40🔗.
სამსახურიდან გათავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო
1. დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო:
ა) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;
ბ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ) იმ დოკუმენტების არქონისას, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად ან სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;
დ) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი;
2. დეპარტამენტის თანამშრომელი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ - „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, თუ მას არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის დასაკავებლადაც დადგენილია იდენტური საკვალიფიკაციო მოთხოვნები .
მუხლი 41🔗.
სამსახურიდან გათავისუფლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო
დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 42🔗.
გათავისუფლება მოქალაქეობის შეცვლის გამო
დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან მან საკუთარი ნებით მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა.
მუხლი 43🔗.
გათავისუფლება სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით
1. დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს თანამდებობაზე სხვა სამსახურში, უწყებაში ან სამინისტროში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან.
მუხლი 44🔗.
გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
1. დეპარტამენტის მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად.
2. დეპარტამენტის თანამშრომელი (სამოქალაქო პირი, დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე) შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის გამო.
3. ამ მუხლის საფუძველზე დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც.
4. დეპარტამენტის იმ თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მისი გამოჯანმრთელების ან ინვალიდობის დადგენამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დეპარტამენტის თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან შესაბამის დოკუმენტში (განთავისუფლების შესახებ აქტში) მითითებული დღიდან.
მუხლი 45🔗.
გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო
დეპარტამენტის თანამშრომელს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.
მუხლი 46🔗.
გათავისუფლება გარდაცვალების გამო
დეპარტამენტის თანამშრომელს გარდაცვალების მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.
მუხლი 47🔗.
შრომითი ხელშეკრულების მოშლა
დეპარტამენტის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლისას, ასევე საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების ან დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფის/ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს სამოქალაქო პირს, დამხმარე მოსამსახურეს და შტატგარეშე მოსამსახურეს მიეცემა ერთი თვის შრომითი ანაზღაურება.
მუხლი 48🔗.
კომპენსაციით უზრუნველყოფა
დეპარტამენტის მოსამსახურის კომპენსაციით უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დეპარტამენტის მოსამსახურისათვის კომპენსაციის დასანიშნად ნამსახურობის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 49🔗.
შს ორგანოებიდან დათხოვნა დეპარტამენტის მოსამსახურის სახელის დისკრედიტაციისათვის
რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დეპარტამენტის მოსამსახურისთვის უღირსი საქციელი, დათხოვნილ უნდა იქნენ რიგითი და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის.
მუხლი 50🔗.
სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის დაცვის უფლება
სამსახურიდან გათავისუფლებულ დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ.
თავი VI
ატესტაცია, კონკურსი და სტაჟირება
მუხლი 51🔗.
სტაჟირება და პრაქტიკა
1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, დეპარტამენტში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.
2. პირის სტაჟიორად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია განხილულ იქნეს მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიღების საკითხი.
3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკის გავლას.
4. დეპარტამენტში სტაჟიორის მიღებისა და პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 52🔗.
კონკურსი და ატესტაცია
1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარჩ-ვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
2. ატესტაციის მიზანია დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
3. დეპარტამენტში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით.
თავი VII
წოდებების მინიჭება
მუხლი 53🔗.
სპეციალური წოდებები
დეპარტამენტში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) რიგითი შემადგენლობისათვის:
უმცროსი სპეციალური წოდება – პოლიციის რიგითი, პოლიციის უმცროსი სერჟანტი, პოლიციის სერჟანტი, პოლიციის უფროსი სერჟნტი, პოლიციის ზემდეგი;
ბ) ოფიცერთა შემადგენლობისათვის:
საშუალო სპეციალური წოდება – პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, პოლიციის ლეიტენანტი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, პოლიციის კაპიტანი;
უფროსი სპეციალური წოდება – პოლიციის მაიორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, პოლიციის პოლკოვნიკი;
უმაღლესი სპეციალური წოდება – პოლიციის გენერალ-მაიორი, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი.
მუხლი 54🔗.
წოდების მინიჭება
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს სპეციალური წოდება (პირველადი, მორიგი ან ვადაზე ადრე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.
2. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.
3. წოდებების მინიჭება
ა) უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებას, ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეების გარდა ანიჭებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
ბ) პირველად საშუალო და მორიგ უფროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი;
გ) უმაღლეს სპეციალურ წოდებას მინისტრის წარდგინებით ანიჭებს პრეზიდენტი.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელასაც არ გააჩნია უმაღლესი განათლება, ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.
5. რიგითი შემადგენლობის პირველადი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ პირებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობის თანამდებობაზე. მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას. რიგითი შემადგენლობისათვის სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, ბრძანებაში დანიშვნის ტექსტის შემდეგ მიეთითება: პოლიციის ... სპეციალური წოდების მინიჭებით.
6. შს ორგანოების ყოფილი რიგითი თანამშრომელი დეპარტამენტში ხელახლა მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდებით.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს სამსახურში მიღებისას ენიჭებათ პოლიციის ლეიტენანტის სპეციალური წოდება.
8. სამხედრო ძალების რეზერვის ოფიცრებს დეპარტამენტში მიღებისას და კადრებში ჩარიცხვისას ენიჭებათ რეზერვის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.
მუხლი 55🔗.
კადრებში ჩარიცხვა
1. შს ორგანოების ყოფილი თანამშრომლის დეპარტამენტში ხელახლა მიღებისას, იგი კადრებში ჩაირიცხება იმ წოდებით, რომელიც ჰქონდა დათხოვნამდე. იმ შემთხვევაში, თუ მან ორგანოებიდან დათხოვნამდე იმსახურა ამ წოდებით დადგენილი ვადა, ამასთან მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას არ აღემატება, მაშინ იგი შეიძლება ჩაირიცხოს კადრებში იმ წოდებაზე ერთი საფეხურით მეტის მინიჭებით, რომელიც ჰქონდა დათხოვნამდე. კადრებში ჩარიცხვა წარმოებს მინისტრის პირველი მოადგილის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით.
2. დეპარტამენტის ყოფილი მოსამსახურეების, რომლებიც დათხოვნილი არიან დაცვის ობიექტის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ წესის 32-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის საფუძველზე და ხელახლა ინიშნებიან მოქმედ დაცვის ობიექტზე არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ან ახლად შექმნილი დაცვის ობიექტის თანამდებობებზე, ამასთან მათი დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე და არ არიან ამ თანამდებობებზე დასანიშნი კადრების განკარგულებაში მყოფი სხვა პირები ობიექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, კადრებში ჩარიცხვა განხორციელდება მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის (საკურატორო სფეროს მიხედვით) თანხმობის გარეშე.
მუხლი 56🔗.
მორიგი წოდება
1. მორიგი სპეციალური წოდება ოფიცრებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
2. შს ორგანოებიდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, დეპარტამენტში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.
3. დეპარტამენტის მოსამსახურის მორიგი საშუალო სპეციალური წოდების მისანიჭებლად დეპარტამენტის შესაბამისი საკადრო დანაყოფი, დამოუკიდებლად ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.
4. სპეციალური წოდებების მინიჭებამდე დეპარტამენტის მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება შსს გენერალურ ინსპექციასა და დეპარტამენტის უფლებამოსილ დანაყოფში შესაძლო ხელის შემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე (გარდა იმ მოსამსახურეთა, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან ადრე მინიჭებული სპეციალური წოდებით).
5. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.
მუხლი 57🔗.
სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად
1. ყოველი სპეციალური წოდებით დეპარტამენტში სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა:
ა) პოლიციის უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე
-
1 წელი
ბ) პოლიციის ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე
-
2 წელი
გ) პოლიციის უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე
-
3 წელი
დ) პოლიციის კაპიტანიდან მაიორამდე
-
3 წელი
ე) პოლიციის მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე
-
4 წელი
ვ) პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე
-
5 წელი.
2. ომის ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 6 თვის ვადით და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა
მონაწილეობას ამგვარ მოქმედებებში.
3. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
4. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დეპარტამენტში სამსახურის ვადა არ წესდება.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი დეპარტამენტის მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში.
მუხლი 58🔗.
წოდებების ვადამდე მინიჭება
1. განსაკუთრებული დამსახურების ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ვადამდე წოდების მინიჭების უფლება აქვს მინისტრს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადაზე ადრე, შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 59🔗.
სპეციალური წოდების მინიჭება სამსახურიდან დათხოვნისას
დეპარტამენტის მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი, სამსახურში ხასიათდებიან დადებითად, ხოლო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა გაუვიდათ, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის დროს უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება წარდგენილ იქნენ მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაკავებული თანამდებობით განსაზღვრულ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღალ წოდებაზე, მაგრამ არა უმეტეს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა.
მუხლი 60🔗.
წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. რეაბილიტაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.
3. რეაბილიტირებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
4. დისციპლინური გადაცდომისათვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდეგ), წოდების აღდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით, პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.
თავი VIII
დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 61🔗.
სამსახურებრივი დისციპლინა
სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის, ფიცის, აგრეთვე მინისტრის და თავმჯდომარის ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების, მისთვის დაკისრებული მოვალეობისა და უფლებამოსილების ჯეროვან შესრულებას.
მუხლი 62🔗.
დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი
დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები, წახალისების ფორმები და წახალისების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდებით და დეპარტამენტის შინაგანაწესით.
მუხლი 63🔗.
შეზღუდვები დისციპლინური სახდელის მოქმედებისას
1. მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის სამსახურებრივი დაწინაურება, ან მოსამსახურის მორიგ სპეციალურ წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება.
2. წოდებაზე წარდგენილი მოსამსახურის დისციპლინური წესით დასჯის შემთხვევაში უშუალო უფროსმა უნდა აცნობოს შესაბამის საკადრო სამსახურს მოსამსახურისათვის სპეციალური წოდების მინიჭების შესაჩერებლად.
მუხლი 64🔗.
ინფორმაციული უზრუნველყოფა
ერთიანი საინფორმაციო ბანკის შევსების მიზნით, მონაცემები დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან/და დისციპლინური დასჯის შესახებ წარედგინება სამინისტროს საკადრო დანაყოფს.
თავი IX
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 65🔗.
დეპარტამენტის შინაგანაწესი
დეპარტამენტის ერთიან შინაგანაწესს ადგენს დეპარტამენტის თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 66🔗.
შვებულება
1. დეპარტამენტის თანამშრომელთათვის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ.
2. დეპარტამენტის თანამშრომელს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომელს 5 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით.
4. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება პირს შეიძლება მიეცეს მხოლოდ სამსახურში მიღებიდან 11 თვის შემდეგ.
5. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი.
6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია თანამშრომლის გამოძახება შვებულებიდან. გამოძახების შემთხვევაში თანამშრომელს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეები მიეცემა იმავე ან მომავალ წელს.
7. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.
8. შვებულების გაფორმება ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 67🔗.
მოკლევადიანი შვებულება
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო დეპარტამენტის თანამშრომელს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში არ შედის.
მუხლი 68🔗.
შვებულება ავადმყოფობის გამო
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
2. დაუშვებელია ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება, გარდა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისა.
მუხლი 69🔗.
შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო
1. მომუშავე პირებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების შედეგად ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო შვებულებაში მყოფი პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. შვებულებაში ყოფნის პერიოდი არ შედის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში.
მუხლი 70🔗.
სოციალური უზრუნველყოფა
დეპარტამენტის თანამშრომლის სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 71🔗.
სამსახურში და წოდების აღდგენის საფუძვლები
1. დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების/დათხოვნის, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება.
2. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება სამსახურში აღდგენაზე. თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - მის თანაბარ თანამდებობაზე.
3. აღდგენილ თანამშრომლებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
მუხლი 72🔗.
სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს
1. სამინისტროს სისტემაში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით, მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე.
2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს დეპარტამენტი გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რომლის დროსაც:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია არ დააკმაყოფილოს თანამშრომლის პატაკი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე;
ბ) წყდება ყველა სახის შვებულებები (გარდა შვებულებისა ავადმყოფობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო).
3. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის დროს დეპარტამენტის თანამშრომელს მივლინების შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები.
მუხლი 73🔗.
სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ თანამშრომელთა სამსახურის სტაჟის გამოთვლა
სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ თანამშრომელთა სამსახურის სტაჟი გამოითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.