განჩინება სს „პანსიონატი ჰორიზონტის“ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1233
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/1233                

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2012 წლის   28 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე – გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი – ანა გაბრიჭიძე

 

  სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე სს ,,პანსიონატი ჰორიზონტის’’ გაკოტრების მმართველის – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის, კრედიტორის: სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძის მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის  – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის საბოლოო ანგარიში (მოხსენება) სს ,,პანსიონატი ჰორიზონტის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, გაიხსნა სს ,,პანსიონატი ჰორიზონტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები და დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი.

       2012 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით, თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

    საბოლოო ანგარიშის თანახმად: საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სს ,,პანსიონატ ჰორიზონტს’’ ბალანსზე არ ერიცხება არანაირი ქონება, გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნისა, რომლის წარმოშობის თარიღად მითითებულია 1998 წელი. მოვალის მხრიდან არ წარმოდგენილა საკმარისი დოკუმენტალური მტკიცებულება ზემოაღნიშნული მოთხოვნის არსებობასთან დაკავშირებით.

  დებიტორული მოთხოვნის არსებობის დადასტურების მოთხოვნით სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოსთხოვა სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ მიმართ არსებული დავალიანების აღიარება და ამ დავალიანების გადახდა. აღნიშნული წერილის პასუხად სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი, სადაც მითითებულია, რომ სამინისტრო არ აღიარებს სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ მიმართ არსებულ დავალიანებას.

  მითითებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ბალანსზე ასახული დებიტორული მოთხოვნა რეალურად არ არსებულია და მტკიცებულების არქონის გამო ვერ ჩაითვლება სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ აქტივად. ამასთან, მოთხოვნა აშკარად ხანდაზმულია, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ სამინისტრო დავალიანებას არ აღიარებს, შესაბამისად, სამინისტროს წინააღმდეგ დავის წამოწყებაც უპერსპექტივოა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ვერ განხორციელდება ამ დებიტორული დავალიანების აუქციონის გზით რეალიზაცია.

  გაკოტრების მმართველი მიიჩნევს, რომ სს ,,პანსიონატი ჰორიზონტი’’ არ ფლობს არანაირ ქონებას, მათ შორის, დებიტორულ მოთხოვნებს სხვა პირების მიმართ, შესაბამისად ქონების არ არსებობის გამო გაკოტრების მმართველი მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

  ყოველივე აღნიშნულის გათვალიწინებით გაკოტრების მმართველი ითხოვს მიღებულ იქნეს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

   2012 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორმა – სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება;

   სასამართლომ შეამოწმა  სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორებს და მიაჩნია, რომ სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

    სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

  აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანაგარიშით ირკვევა, რომ სს ,,პანსიონატ ჰორიზონტს’’ რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, შესაბამისად, შეუძლებელია კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ქონების რეალიზაციის გზით.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გაკოტრების საქმის წარმოება ემსახურება დაიცვას როგორც კრედიტორის, ისე მოვალის ინტერესები. იმ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე ცალსახად ნათელია, რომ მოვალე არათუ კრედიტორების მოთხოვნების, არამედ საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი ვერ უზრუნველოყოფს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მოვალე გაკოტრებულად ცხადდება, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში რომელიმე კრედიტორმა არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 27 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,პანსიონატ ჰორიზონტმა’’ და მიუთითა, რომ საზოგადოება გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას და მოითხოვა საზოგადოება გაკოტრებულად გამოცხადებულიყო რეგისტრაციის გაუქმების გზით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ საზოგადოების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გააჩდა დავალიანება 57 525 ლარის ოდენობით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში, ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია, ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ირკვეოდა, რომ საზოგადოების ვალი 57 525 ლარის ოდენობით აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში. 2012 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ გაკოტრების მმართველმა – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და აღნიშნა, რომ მართალია ასეთი დებიტორული დავალიანება არსებობს, მაგრამ იგი არის ხანდაზმული, მოვალე არ აღიარებს დავალიანებას და, შესაბამისად, მის წინააღმდეგ დავის წამოწყება უპერსპექტივოა.

 ამდენად, ამ ეტაპზე უტყუარად არის დადასტურებული, რომ სს ,,პანსიონატი ჰორიზონტი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ გაკოტრების საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა გარემოებები, რაც განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, კერძოდ, სს ,,პანსიონატი ჰორიზონტი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,პანსიონატი ჰორიზონტის“ (ს/ნ 246953774); იურიდიული მისამართი: ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა №297), მიმართ შეწყდეს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. გაუქმდეს სს ,,პანსიონატი ჰორიზონტის“ (ს/ნ 246953774) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

 

მოსამართლე                      გენადი მაკარიძე