განჩნება შპს ”კვანტის” განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/12334-12
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
2013 წლი ს14 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კვანტის” (ს/კ 209441585) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადების წარმოებაში მიღებისა და მოვალე შპს „კვანტის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 3 ოქტომბერის განჩინებით წარმოებაში არ მიიღო მოვალე შპს „კვანტის” განცხადება მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ. ამ განჩინებით განემარტათ კრედიტორებს, რომ თუ ისინი განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოს არ მიმართავდნენ შპს „კვანტის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით, შპს „კვანტი” გამოცხადდებოდა გაკოტრებულად. განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2012 წლის 5 ოქტომბერს. 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა კრედიტორს – სსიპ შემოსავლების სამსახურს და ჩაბარდა 2012 წლის 5 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 25).
2012 წლის 7 ნოემბერს სასამართლოს კანონით დადგენილი ერთვიანი ვადის დაცვით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „კვანტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, მის მიმართ შპს „კვანტს” აქვს დავალიანება 184 605.96 ლარის ოდენობით.
2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს (კრედიტორს) განემარტა მისი განცხადებისათვის დამახასიათებელი ხარვეზის თაობაზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების შემტანი კრედიტორი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5000 ლარი. ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სსიპ – შემოსავლების სამსახურს განესაზღვრა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული ვადა კრედიტორის შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელდა 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით. ეს განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2012 წლის 17 დეკემბერს, თუმცა დღემდე მას არ უცდია განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორება.
სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და სათანადო სამართლებრივ საფუძველთა ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება არ ექვემდებარება სასამართლო წარმოებაში მიღებას და არსებობს მოვალე შპს ”კვანტის” გაკოტრებულად გამოცხადების საფუძველი. კერძოდ:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისათვის დამახასიათებელი ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ უზრუნველყო მისი განცხადებისათვის დამახასიათებელი ხარვეზის გამოსწორება, რაც აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად გამორიცხავს განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განსახილველი წარმოების ფარგლებში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები და კრედიტორთა უმოქმედობა ქმნის იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელთა არსებობა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის შესაბამისად განაპირობებს შპს „კვანტის” გაკოტრებულად გამოცხადებას, რაც, თავის მხრივ, მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს „კვანტის” (ს/კ 209441585) მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. შპს „კვანტი” (ს/კ 209441585) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს „კვანტის” რეგისტრაცია.
3. განჩინება შპს „კვანტის” ხარჯით გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.
4. ამ განჩინების გამოტანის თაობაზე ეცნობოთ მოვალეს და მის მიერ მითითებულ კრედიტორს.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე